ოთხშაბათს, თურქეთის ერთ-ერთ სკოლაში, მოსწავლემ ორ საკლასო ოთახში ცეცხლი გახსნა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში თურქეთის სკოლაში მომხდარი სროლის უკვე მეორე შემთხვევაა, — ამის შესახებ ინფორმაციას AP ავრცელებს

ქაჰრამანმარაშის პროვინციის გუბერნატორის, მუქერემ უნლუერის განმარტებით, 14 წლის თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი სკოლაში მამამისის, ყოფილი პოლიციელის იარაღით მივიდა. მას თან ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი და შვიდი მჭიდი ჰქონდა.

თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. ასევე უცნობია თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა თუ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ მუსტაფა ჩიფთჩის განცხადებით, ჰოსპიტალიზებული 13 დაშავებულიდან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, რომ ეს ბოლო ორ დღეში უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც თურქეთში სკოლის ტერიტორიაზე ცეცხლს ხსნიან. სულ რაღაც ერთი დღით ადრე, მეზობელ შანლიურფის პროვინციაში, ყოფილმა მოსწავლემ სასწავლებელში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიჭრა. თავდამსხმელმა თავი შემთხვევის ადგილზე მოიკლა.