Gen Z-ის სამუშაო ეთიკა — რატომ ამბობენ ახალგაზრდები უარს "9-დან 6-მდე" მუშაობაზე?
ResumeBuilder-ის კვლევის თანახმად, მენეჯერების 74% მიიჩნევს, რომ Gen Z ყველაზე რთული თაობაა მათ შორის, ვისთანაც კი ოდესმე უმუშავიათ. დამსაქმებლების თქმით, მათ აკლიათ მონდომება, მოტივაცია და — რაც ყველაზე მოულოდნელია — ელემენტარული ტექნოლოგიური უნარებიც კი, რაც საბოლოოდ სამსახურიდან დათხოვნის მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს.
წარმოიდგინეთ ტიპური ორშაბათი დილა, როდესაც ოფისში ყავის აპარატთან ორი თაობა ერთმანეთს ხვდება. სანამ უფროსი კოლეგა სიამაყით ჰყვება, როგორ ათენებდა ღამეებს კარიერული წინსვლისთვის და როგორ იყო მისთვის სამსახური ცხოვრების მთავარი ღერძი, 22 წლის Gen Z ფიქრობს, რამდენად ეფექტიანია საერთოდ დილის 9 საათზე მაგიდასთან ჯდომა, თუკი მისი ტვინი ეფექტიანობის პიკს მხოლოდ ნაშუადღევს აღწევს. ეს სიზარმაცე ან დისციპლინის ნაკლებობა კი არ არის, ეს სამუშაო ეთიკის ხელახალი გადააზრებაა, რომლის მიხედვითაც, სამუშაო საათების რაოდენობა შესრულებული საქმის ხარისხს აღარ უდრის.
ფოტო: Getty Images
რატომ აღარ მუშაობს ძველი მოდელი?
ტრადიციული "ცხრიდან ექვსამდე" მოდელი, რომელიც ინდუსტრიული ეპოქის უპირობო მემკვიდრეა, ახალი თაობისთვის გალიასავით ჟღერს. Gen Z-მ საკუთარი თვალით ნახა ემოციურად და ფიზიკურად გადამწვარი მშობლები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში სტაბილურობის ილუზიის გამო ერთსა და იმავე პოზიციაზე მუშაობდნენ, საბოლოოდ კი, მაინც ვერ დაწინაურდნენ. მათ დაინახეს, რომ დაუსრულებელი ზეგანაკვეთური შრომა წარმატებაზე მეტად მენტალური ჯანმრთელობის დაკარგვის გარანტიაა.
ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ახალგაზრდებს მუშაობა კი არ ეზარებათ, არამედ იმის ცოდნა სურთ, თუ რატომ აკეთებენ კონკრეტულ საქმეს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანია, რომლისთვისაც ენერგიას ხარჯავენ, მხოლოდ მოგებაზე არ იყოს ორიენტირებული. მათ სჭირდებათ ინკლუზიურობა და გარემო საერთო ღირებულებებით. თუ სამსახური ახალგაზრდების პიროვნულ ზრდას არ უწყობს ხელს ან მათ მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ისინი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ტოვებენ პოზიციებს. შეიძლება ითქვას, რომ Gen Z-მ სამსახური ცხოვრების ცენტრალური წერტილიდან ჩამოაქვეითა. მათთვის კარიერა აღარ არის იდენტობის ერთადერთი განმსაზღვრელი, ისინი პირველ რიგში, ადამიანები არიან თავიანთი ჰობებით, ინტერესებითა და სოციალური კავშირებით.
ფოტო: Getty Images
პოსტპანდემიური რეალობა
ამ ყველაფერს Covid-19-ის პანდემია დაემთხვა. პანდემიამ აჩვენა, რომ სამუშაოს შესასრულებლად სულაც არ არის საჭირო საცობებში დგომა და კაბინეტში გამოკეტვა. მათ სურთ, მუშაობდნენ ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია და უნდათ, ფასდებოდნენ კონკრეტული შედეგით და არა ოფისში გატარებული საათებით. ეს საქმის ცუდად კეთებას სულაც არ ნიშნავს, ესაა საქმის კეთება ზუსტად იმ მოცულობით, რაც კონტრაქტითაა გათვალისწინებული, დამატებითი ემოციური და ფიზიკური რესურსის გაღების გარეშე.
Gen Z-სთვის ცხოვრება ოფისის კედლებს მიღმაა. სამუშაო ეთიკას რაც შეეხება, დღეს ის თავგანწირვასთან ნაკლებადაა ასოცირებული, პირიქით, მუშაობის სტილი მაქსიმალური ეფექტიანობის მიღწევას ითვალისწინებს, ცხადია, საკუთარი თავის დაუზიანებლად.
ტექნოლოგიური პროგრესი
ამ ცვლილებებს ტექნოლოგიური პროგრესიც უდევს საფუძვლად. თაობისთვის, რომელიც სმარტფონით ხელში გაიზარდა, გაუგებარია, რატომ უნდა ელოდონ ხვალინდელ დღეს დოკუმენტის ხელმოსაწერად, როცა ამის გაკეთება წამებშია შესაძლებელი. ისინი სისწრაფესა და ოპტიმიზაციას ითხოვენ ყველგან, მათ შორის ბიუროკრატიულ პროცესებშიც კი. როდესაც დამსაქმებელი მათ მოძველებულ, მოუქნელ სისტემას სთავაზობს, სადაც ინფორმაცია მხოლოდ "ზემოდან ქვემოთ" მოძრაობს, ისინი ამას მათი დროის უპატივცემულობად აღიქვამენ. Gen Z-სთვის უფროსის პატივისცემა მხოლოდ მისი თანამდებობით არ განისაზღვრება. მათთვის კარგი ლიდერი ისაა, ვინც გისმენს და გენდობა.
მენტალური ჯანმრთელობა და გამჭვირვალობა
ახალგაზრდა დასაქმებულებს აღარ აკმაყოფილებთ ბუნდოვანი დაპირებები. მათ სურთ იცოდნენ ზუსტად, რას იღებენ სანაცვლოდ — იქნება ეს ხელფასი, დაზღვევა თუ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პაკეტები. შრომით ბაზარზე მენტალური ჯანმრთელობისკენ ყურადღების მიპყრობა Gen Z-ის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა. შედეგად, ნორმალიზდა საუბარი ემოციურ გადაწვაზე, შფოთვასა და იმაზე, რომ სამუშაო გარემო ტოქსიკური არ უნდა იყოს.
ფოტო: Getty Images
ეს მიდგომა უფროსი თაობის კრიტიკის საგანი ხშირად ხდება. SA Journal of Industrial Psychology-ის 2025 წლის მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ ძველი თაობის წარმომადგენლები ახალგაზრდებს ხშირად ახასიათებენ როგორც "ზარმაცებს" და ადანაშაულებენ მათ იმაში, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზეზად იყენებენ. თუმცა, კვლევის მონაცემები საპირისპიროზე მეტყველებს: Gen Z-ისთვის ორგანიზაციის მიმართ ემოციური ერთგულება გადამწყვეტია, რათა თავი კომფორტულად იგრძნონ.
კვლევა ადასტურებს, რომ ეს თაობა სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსს ანიჭებს უპირატესობას. მათთვის მენტალური სიმშვიდე უბრალოდ "ფუფუნება" კი არა, პროდუქტიულობის წინაპირობაა.
სიახლე, რომელიც ყველას გვჭირდებოდა
ბაზარი ნელ-ნელა ეგუება ამ ახალ რეალობას. კომპანიები, რომლებიც უარს ამბობენ ტრანსფორმაციაზე, კარგავენ საუკეთესო ტალანტებს. დღეს გამარჯვებული ის დამსაქმებელია, რომელიც ადამიანებს არა მხოლოდ მაღალ ანაზღაურებას, არამედ მეტ თავისუფლებას სთავაზობს. უფრო ბედნიერი და მშვიდი დასაქმებული ყოველთვის უფრო პროდუქტიულია, ვიდრე ის, ვინც ოფისში მხოლოდ შიშის ან ვალდებულების გამო ზის.
უნდა ვაღიაროთ, რომ Gen Z-ის მიერ შემოტანილი "ახალი წესები" სინამდვილეში ყველას გვჭირდებოდა. მათ უბრალოდ პირველებმა თქვეს ის, რაზეც სხვა თაობები ჩუმად ოცნებობდნენ. "ცხრიდან ექვსამდე" რეჟიმის დასასრული არ ნიშნავს შრომის დასასრულს, ეს არის ახალი, უფრო გააზრებული და დაბალანსებული ცხოვრების სტილის დასაწყისი, რომელშიც ადამიანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი Excel-ის ცხრილი.
Gen Z არ ცდილობს მუშაობაზე უარის თქმას, ისინი მხოლოდ ითხოვენ, რომ სამსახური მათი ცხოვრების ნაწილი იყოს და არა მთელი ცხოვრება.

კომენტარები