31 ივნისს ბათუმში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კაცი მოკლეს. "აჭარა თაიმსის" ინფორმაციით, მოკლული 45 წლის როლანდ დავითაძეა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც როლანდ დავითაძე მეუღლესა და არასრულწლოვან შვილს ელოდებოდა. ოჯახის წევრები სილამაზის სალონში იმყოფებოდნენ, თავად კი სალონის მიმდებარე ტერიტორიაზე იდგა. თვითმხილველებისა და ოჯახის ახლობლების განცხადებით, ამ დროს უცნობმა პირმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

IPN-ის ცნობით, თავდამსხმელმა მას 7-8-ჯერ ესროლა. მიღებული ჭრილობების შედეგად ის მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

"სალონში მიაცილა ცოლი და შვილი, იქვე სალონის წინ ესროლეს. მეუღლე და შვილი კარგად არიან. არანაირი მიზეზი არ გვაქვს, არც სავარაუდო, რატომ ესროლეს", — განუცხადა ოჯახის ახლობელმა Palitravideo-ს.

ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივი უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.