სამხრეთ კორეაში ბრალი წარუდგინეს 21 წლის ქალს, რომელსაც ორი კაცის მკვლელობას ედავებიან. პოლიციის ცნობით, ბრალდებულმა, გვარად კიმმა, მსხვერპლებს ალკოჰოლურ სასმელში ბენზოდიაზეპინი გაურია, რომელიც ექიმებმა მას მენტალური პრობლემის სამკურნალოდ გამოუწერეს.

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ორივე შემთხვევაში ქალმა ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზაზე შექმნილ ჩატბოტს ChatGPT პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ჰკითხა: "რა მოხდება, თუ საძილე აბებს ალკოჰოლთან ერთად მიიღებ?", "რა რაოდენობა მიიჩნევა საფრთხის შემცველად?", " შესაძლებელია, ეს ფატალურად დასრულდეს?".

იგი 11 თებერვალს სხეულის სასიკვდილო დაზიანების ბრალდებით დააკავეს, თუმცა ამჟამად უკვე ორი ადამიანის განზრახ მკვლელობას ედავებიან. მისი ონლაინ აქტიურობის გამოძიებით გაირკვა, რომ ქალს მკვლელობა ჰქონდა დაგეგმილი და ამ პროცესში ChatGPT-ს ხშირად იყენებდა, რათა გარკვეული დეტალები დაეზუსტებინა. პოლიციის თქმით, იგი სრულიად იაზრებდა, რა მოჰყვებოდა ალკოჰოლში გარეული მსგავსი პრეპარატის მიღებას.

ასევე, იხილეთ: ChatGPT-სთან აქტიური საუბრების შემდეგ მოზარდმა თავი მოიკლა — ოჯახი OpenAI-ს უჩივის

პირველი მკვლელობა მან 28 იანვარს ჩაიდინა, მსხვერპლი კი 20 წელს გადაცილებული კაცი იყო. მასთან ერთად იგი მოტელში მივიდა და ორი საათის შემდეგ შენობა მარტომ დატოვა. მომდევნო დღეს კაცი საწოლში გარდაცვლილი იპოვეს.

შემდეგი მსხვერპლი მან 9 თებერვალს მოკლა და სცენარი ამ შემთხვევაშიც თითქმის იგივე იყო, თუმცა ბრალდებულმა სხვა მოტელი შეარჩია. აღსანიშნავია, რომ ამ დანაშაულებამდე ქალმა დეკემბერში იმ კაცის მოკვლაც სცადა, რომელსაც ხვდებოდა. მან გონება დაკარგა, მაგრამ გადარჩა.

ასევე, იხილეთ: ChatGPT-ს მცდარი რჩევის გამო ამერიკაში 60 წლის კაცს ფსიქოზი დაეწყო

ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად ცუდი მიზნებისთვის შეიძლება ChatGPT-ისა და სხვა ჩატბოტების გამოყენება. ამ რისკების შესახებ ექსპერტები დიდი ხანია, გვაფრთხილებენ და კონტროლის უკეთესი მექანიზმების დანერგვის საჭიროებას ხედავენ.

ChatGPT-სთან აქტიური საუბრების შემდეგ მოზარდის თვითმკვლელობა და 60 წლის კაცის ფსიქოზური შეტევები, სამწუხაროდ, გამონაკლისი არაა. მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის კოლუმბიაში მასიურ მკვლელობაში დამნაშავეც ხალხის დახოცვამდე ჩატბოტთან იარაღით ჩადენილ სისასტიკეებზე საუბრობდა. ეს კომპანია OpenAI-ს ავტომატური ანალიზის სისტემამაც გამოავლინა, მაგრამ ამის შესახებ პოლიციას არ შეატყობინეს.

რაც შეეხება კიმს, მან სასმელში პრეპარატის გარევის ბრალდება აღიარა, მაგრამ აცხადებს, რომ კაცების მოკვლა არ ჰქონდა განზრახული.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.