გულმხურვალე სიყვარულის შესახებ უამრავი ფილმი, წიგნი და სიმღერა არსებობს, მაგრამ რამდენჯერ შეიძლება, რომ სხვა ადამიანის მიმართ მსგავსი რამ ვიგრძნოთ? ამ საკითხის შესახებ მეცნიერებმა პირველი მასშტაბური კვლევა ჩაატარეს და პასუხიც მიიღეს.

მათ აშშ-ში მცხოვრები 10 000-ზე მეტი მარტოხელა ადამიანი გამოჰკითხეს, რომელთა ასაკიც 18-იდან 99 წლამდე მერყეობდა. მონაწილეებს უნდა ეპასუხათ, რამდენჯერ განუცდიათ გულმხურვალე სიყვარული. აღმოჩნდა, რომ საშუალოდ ორჯერ უყვარდებოდათ.

რაც შეეხება პროცენტულ განაწილებას:

  • 14%-ს მსგავსი რამ არასდროს უგრძნია;
  • 28%-ს — მხოლოდ ერთხელ;
  • 30%-ს —ორჯერ;
  • 17%-ს — სამჯერ;
  • 11%-ს — ოთხჯერ ან მეტჯერ.

მეცნიერებმა ამგვარი სიყვარულის სიხშირე სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფში გააანალიზეს და მხოლოდ მცირე განსხვავება დააფიქსირეს. საერთო ჯამში, გულმხურვალე სიყვარულის გამოცდილებები ჰეტეროსექსუალ, გეი, ლესბოსელ და ბისექსუალ გამოკითხულთა შორის ერთნაირი იყო.

საინტერესოა, რომ შედარებით ასაკოვან ინდივიდებში ასეთი გრძნობის სიხშირე სხვებისას ოდნავ აღემატებოდა. ეს მიანიშნებს, რომ მსგავსი რამ სიცოცხლის გვიანდელ პერიოდშიც შეიძლება განვიცადოთ. ამის მიუხედავად, ადამიანთა უმეტესობას გულმხურვალედ უფრო ახალგაზრდობაში უყვარდება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კაცებს ამგვარი გამოცდილება შედარებით ხშირად ჰქონდათ, ვიდრე ქალებს — თუმცა ეს ჰეტეროსექსუალებში დაფიქსირდა. მეცნიერები ამბობენ, რომ ნებისმიერი მსგავსი სხვაობა მაინც ძალიან მცირე იყო.

მკვლევართა მიგნება თერაპევტებს რომანტიკული გამოცდილების კონტექსტურად გათვალისწინებაში დაეხმარება. რომანტიკული სიყვარული ბევრი ადამიანისთვის პრიორიტეტულია, ამიტომ მისი შესწავლა ადამიანური ურთიერთობების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას.

ნაშრომი გამოცემაში Interpersona: An International Journal on Personal Relationships გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.