იაპონიაში 7 წლის ბიჭს ეძებენ, რომელიც მშობლებმა ჰოკაიდოს მიმდებარედ ტყეში დასჯის მიზნით დატოვეს. BBC-ის ინფორმაციით, ბავშვი უკვე 2 დღეა, რაც არ უნახავთ.

თავდაპირველად, მშობლებმა პოლიციას უთხრეს, რომ შვილი შემთხვევით დაეკარგათ, თუმცა კვირას, 29 მაისს მათ აღიარეს, რომ ის რამდენიმე წუთით დატოვეს ტყეში, რათა "წესრიგი ესწავლებინათ" და როცა დაბრუნდნენ, ის იქ აღარ დახვდათ.

ბიჭის მამამ ადგილობრივ გაზეთს უთხრა, რომ მისი შვილი მანქანებსა და ადამიანებს პარკში სტუმრობისას ქვებს სროდა, რის გამოც ჩათვალა, რომ მის მიმართ სიმკაცრის გამოჩენა აუცილებელი იყო, ამიტომ ის ტყეში წაიყვანა და აიძულა მანქანიდან გადასულიყო:

"მინდოდა შემეშინებინა და ამით დამესაჯა, ის აქტიური ბავშვია, მაგრამ მასზე უკვე ვნერვიულობ".

მან ასევე უთხრა ადგილობრივ ტელევიზიას, რომ თავდაპირველად როდესაც ძებნაში დახმარება მოითხოვა, შვილის დაკარგვის ნამდვილი მიზეზის გამხელის შეეშინდა.

ძებნა ორშაბათს დილის 6 საათზე განახლდა, მასში ჩართულები არიან პოლიცია, სკოლის თანამშრომლები და 130 ადამიანი.

ჩრდილოეთ იაპონიაში, იმ ადგილას სადაც ბავშვი დატოვეს, ველური დათვები ბინადრობენ.