ჭამის აკრძალვა, საკვების თავზე დასხმა, სკამის თავში ჩარტყმა — როგორ ექცეოდნენ ბავშვებს ნინოწმინდის პანსიონში
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
სახალხო დამცველმა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ომბუდსმენის მონიტორინგის შედეგები ცალსახად მიუთითებს არასრულწლოვანთა მიმართ წლების მანძილზე დამამცირებელ, არაადამიანურ და წამებასთან გათანაბრებულ მოპყრობაზე.
"დაწესებულებაში დაცული არ ყოფილა ბავშვების ჯანმრთელობა, მათი ფსიქოემოციური მდგომარეობა, ბავშვებს არ ჰქონდათ სათანადო კვება, ხელი არ ეწყობოდა მათ ასაკის შესაბამისად განვითარებასა და განათლებას, ისინი ფაქტობრივად იზოლირებულნი იყვნენ გარე სამყაროსგან, რამაც, საბოლოო ჯამში, არასრულწლოვნები განსაკუთრებულად მოწყვლადები გახადა მათ მიმართ განხორციელებული ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების მიმართ, რაც, საბოლოო ჯამში, აისახა მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზაობის ასპექტებზეც", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
სახალხო დამცველმა შეისწავლა პანსიონის აღსაზრდელთა 4 სისხლის სამართლის საქმე, რომელთაგან ორზე გამოძიება თავად ომბუდსმენის, ორზე კი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ომბუდსმენის განცხადებით, არასრულწლოვანთა გამოკითხვის ოქმებში საუბარია მათი დასჯის დასჯის დამამცირებელ, ღირსების შემლახავ და, ხშირად, წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ ქმედებებზე.
"პანსიონში აღსაზრდელთა დასჯის ფორმად იყენებდნენ ძილისა და საკვების აკრძალვას, ფიზიკურ ძალადობას. აღსაზრდელები იხსენებდნენ, როგორ სჯიდა მთელ ჯგუფს აღმზრდელი და არ აძლევდა ჭამის უფლებას, თავად ჭამდნენ და ბავშვებს აყურებინებდნენ, მუხლებზე აყენებდნენ. ერთ-ერთი აღსაზრდელი, ღამე უნებლიე შარდვისთვის აღმზრდელმა შიშველი დააყენა დერეფანში. მეორე ბავშვს კი, იმავე მიზეზის გამო, აღმზრდელმა დასჯის მიზნით დახეული სამოსი ჩააცვა. ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა. როდესაც ბავშვებს შუადღის ძილისგან გამოეღვიძათ, აღმზრდელმა აიძულა, ამდგარიყვნენ, აეღოთ ლეიბები, დაწოლილიყვნენ საწოლის ფიცარზე და ლეიბები ზედ დაეფარებინათ. აღსაზრდელებს მიმართავდნენ სიტყვებით: "საქონელი", "ქუჩიდან მოთრეული", "დედისგან მიტოვებული".
ჭამაზე უარის გამო დასჯის მიზნით ბავშვებს საკვებს თავზე ასხამდნენ. ერთ ერთი შემთხვევისას აღმზრდელმა ბავშვს ჩაი დაასხა თავზე და მერე დაბანა აუკრძალა. დასჯის ფორმად გამოიყენა ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვისთვის ხელების ერთმანეთზე ბინტით შეკვრა და მთელი ღამით ასე დატოვება. არასრულწლოვნებმა ისაუბრეს სკამის ფეხის თავში დარტყმის, ცივ იატაკზე დაყენების შემთხვევების შესახებაც. ერთ-ერთი აღსაზრდელის თქმით, მას უთხრეს, 10 მეტანია გაეკეთებინა მხოლოდ იმიტომ, რომ თამაშისას ბურთი, შემთხვევით, ფანჯარას მოახვედრა. ერთ-ერთი აღსაზრდელი, რომელმაც განაწყენებულმა ყოფილ ხელმძღვანელს უცენზურო სიტყვებით მიმართა, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარი განმარტავდა, რომ ძალადობისას ტირილს უკრძალავდნენ, რის გამოც ტირილის შიში ახლაც აქვს და ვერ გამოხატავს ამ ემოციას", — წერია დოკუმენტში.
ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი წლების განმავლობაში პანსიონში არსებული მდგომარეობა. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში, წინა წლებთან შედარებით, გაუმჯობესდა აღსაზრდელთა კვება, ტანსაცმლითა და სხვა საჭიროებებით უზრუნველყოფა, დასვენებისა და განათლების შესაძლებლობა. ამის მიუხედავად, რჩება ბევრი პრობლემა, რომლებიც დაკავშირებულია არასრულწლოვანთა უფლებებთან, მათ მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტებთან, აღმზრდელების პროფესიულ განათლებასა და მათ კვალიფიკაციასთან, დოკუმენტების მოწესრიგებასთან, თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროების გამოკვლევის მზაობასთან დ ა.შ.
სახალხო დამცველი ანგარიშში აღნიშნულ გამოწვევებს შორის, აღსანიშნავია შემდეგი გარემოებები:
განათლება და სოციალიზაცია
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პანსიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება არასრულწლოვანთა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაა, რისთვისაც მნიშვნელოვანია მათთვის შესაბამის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ნინოწმინდის პანსიონის ყველა აღსაზრდელი ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში სწავლობს. სწორედ ამ სკოლის დირექტორსა და თანამშრომლებთან, ასევე სოციალურ მუშაკთან გასაუბრებით სახალხო დამცველი ადგენს, რომ აღსაზრდელებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა გარე სამყაროსთან ინტეგრაცია და სოციალიზაცია.
"ბენეფიციარებს არ ეძლეოდათ დაწესებულებიდან დამოუკიდებლად გასვლის, თანატოლებთან თამაშისა და სხვა გასართობ აქტივობებში აღმზრდელების თანხლების გარეშე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა", — ვკითხულობთ ანგარიშში.
გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, აღმზრდელები არა მხოლოდ მიჰყვებოდნენ სკოლაში აღსაზრდელებს, არამედ საგაკვეთილო პროცესის დასრულებამდე ელოდებოდნენ სკოლის შენობაში. ომბუდსმენის შეფასებით, ეს ეწინააღმდეგება არასრულწლოვანთა ინტერესებს, არღვევს დამოუკიდებლად ცხოვრებისა და თანატოლებთან ურთიერთობის ჩამოყალიბების მოთხოვნებს.
ამ საკითხის გამოკვლევის პროცესში სახალხო დამცველის წარმომადგენლები ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის ჩართილობით ესაუბრა პანსიონის ყოფილ აღსაზრდელებსაც.
"არასრულწლოვნებთან და სოციალურ მუშაკებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბავშვი არასდროს ყოფილა მაღაზიაში და არ აქვს საკვების, ნივთის ყიდვის გამოცდილება. ისინი აღმზრდელთა მიერ შემოღებულ წესებს ემორჩილებოდნენ და არასდროს მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე, არ იღებდნენ მონაწილეობას მათთვის სამოსის შერჩევაში. პანსიონში შემოწირულობის სახით შემოსული სამოსი ნაწილდებოდა ბავშვებს შორის", — წერია დოკუმენტში.
კვება
სახალხო დამცველის თქმით, ოფიციალური ინფორმაციით პანსიონის აღსაზრდელთა მენიუ ოთხკომპონენტიან სადილს მოიცავს, თუმცა ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ბავშვებს არ მოსწონდათ კვება.
"ბავშვები აღნიშნავდნენ, რომ არ მოსწონდათ დაწესებულების კვება. ფაქტობრივად, არ იღებდნენ ხორცის პროდუქტებს, ძირითადად, იკვებებოდნენ ლობიოთი და წვნიანით, საუზმესა და ვახშამზე მხოლოდ ჩაისა და პურს იღებდნენ, იშვიათად, კარაქთან ან ჰალვასთან ერთად. ამასთანავე, კვების საკითხებთან დაკავშირებით, არასოდეს ითვალისწინებდნენ ბავშვების აზრსა და სურვილებს", — წერია დოკუმენტში.
ჯანდაცვა
ანგარიშის მიხედვით პანსიონში არ მიმდინარეობს აღსაზრდელთა ჯანმრთელობის რუტინული, პროფილაქტიკური შემოწმება. გარდა ამისა, მათი ნაწილი საჭიროებს ფსიქოლოგისა და სხვა პროფესიის სპეციალისტების დახმარებას, თუმცა პანსიონი არასრულწლოვნებს ამით არ უზრუნველყოფს.
"პანსიონის არაერთი აღსაზრდელის ინდივიდუალური განვითარების გეგმაში პირდაპირ არის აღნიშნული ფსიქოლოგის და ერთ შემთხვევაში ფსიქიატრის მომსახურების აუცილებლობა, თუმცა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხრიდან აღნიშნული რესურსის გამოყოფა ამ დრომდე არ მომხდარა", — წერია დოკუმენტში.
ანგარიშის მიხედვით, პანსიონის აღსაზრდელები წლების განმავლობაში ერთხელაც არ გაუყვანიათ დასასვენებლად. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ისინი, ფაქტობრივად, სრულად დახურულ გარემოში იყვნენ. ომბუდსმენის შეფასებით ეს უარყოფითად მოქმედებს არასრულწლოვნების როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
"ამასთან, ნინოწმინდის პანსიონში, ბავშვები ნაკლებად იყვნენ ჩართულნი სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში, დაწესებულებაში ფაქტობრივად არ იყო ბავშვების სათანადო დასვენების, გაჯანსაღებისა და თავისუფალი დროის მათი სურვილისამებრ დაგეგმვის შესაძლებლობა", — წერია დოკუმენტში.
აქვე აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენებეის შემდეგ, სექტემბერში აღსაზრდელები წაიყვანეს ზღვისპირა კურორტზე ორი კვირით დასასვენებლად. ასევე, გადასცეს კომპიუტერული და გასართობი ტექნიკა.
ძალადობისგან დაცვა
ნინოწმინდის პანსიონის მონიტორინგის, შესაბამისი დოკუმენტების გაცნობის, არასრულწლოვნებთან გასაუბრებისა და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გაცნობის შემდეგ სახალხო დამცველმა დაასკვნა, რომ დაწესებულებაში წლების განმავლობაში მიმართავდნენ ბავშვების მიმართ წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ მოქმედებებს. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ არასრულწლოვანთა დასჯის ფორმები იყო ღირსების შემლახავი და მატრამვირებელი მათთვის.
მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის ინფორმაციით, ამჟამად პანსიონში სოციალური მუშაკები 24-საათის განმავლობაშ მორიგეობენ, "რაც გარკვეულწილად ქმნის არასრულწლოვანთა დაცვისა და მათი საჭიროებების უზრუნველყოფის გარანტიას".
ანგარიშში საუბარია პანსიონში არასრულწლოვნებზე სავარაუდო ძალადობის შემთხვევებზე.
"არასრულწლოვნები თავადაც აღნიშნავენ დასჯის ფორმად სიმინდისა და ხორბლის მარცვლებზე საათობით დაჩოქების, საკვების გარეშე დატოვების, ღამეების თენების, დამამცირებელი მოპყრობის შესახებ. ცემაზე "რეიკებითა" და სახაზავებით, აღმზრდელების მიერ ბავშვებისთვის თვალების რეიტუზებით აკვრის გამოყენებას დღის საათებში დასაძინებლად. ასევე, გამოიკვეთა პანსიონის თანამშრომლების მხრიდან ბენეფიციარების სავარაუდო ბულინგი და ჩაგვრა კანის ფერის და ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე", — წერია დოკუმენტში.
ნინოწმინდის პანსიონის ექვსმა ყოფილმა აღსაზრდელმა სახალხო დამცველის აპარატს მიმართა, რაზეც მოკვლევა უკვე დაწყებული. ძალადობის ფაქტებს მათი მონაყოლიც ადასტურებს.
"მიღებული ინფორმაციით, პანსიონში გამოიყენებოდა ძალადობის სხავადასხვა ფორმა. კერძოდ, ფიზიკური დასჯა, ძალიან მკაცრი კონტროლი, შრომითი ექსპლუატაცია (შრომა დასჯის მიზნით), ემოციური ზეწოლა, ბავშვების "მომზადება" სახალხო დამცველთან და სოციალურ მუშაკებთან საუბრისათვის. ამასთან, ბავშვებს აქვთ იდენტური შინაარსის პასუხები — "აქ კარგია, ყველაფერი გვაქვს, საჭმელიც, ტანსაცმელიც და არავინ არ გვსჯის". ამ ფორმით პასუხები ჟღერდებოდა მაშინაც, როდესაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი მსგავს კითხვას არ უსვამდა არასრულწლოვანს. ამასთან, პანსიონის ერთ-ერთ ყოფილი აღსაზრდელი შეკითხვაზე — "ახალი რა ისწავლე ამ სახლში?" იმეორებდა იმავე პასუხს, რომ იქ კარგად იყო, ყველაფერი ქონდა და ა.შ." — წერია ანგარიშში.
სავარაუდო ძალადობის მტკიცებულებაა უშუალოდ სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნებთან კომუნიკაციისას გამოვლენილი ფაქტები.
"აღსანიშნავია, ბავშვებთან გასაუბრებისას გამოვლენილი ქცევები, კერძოდ, სხეულის დაძაბულობა, განრიდების (დისოციაციის) რეაქციები, მზერითი კონტაქტის არარსებობა, მწირი ლექსიკური მარაგი, თვითდამაზიანებელი ქცევა (საკუთარი ხელისგულის დაკემსვა ნემსით და ძაფით), ასევე სოციალური მუშაკების მიერ მოპოვებული ინფორმაცია, სადაც იკვეთება რეგრესული ქცევა (თითის წოვა თითის დაზიანებამდე) შესაძლებელია, მიანიშნებდეს განვითარების ტრავმაზე.
ერთ-ერთ საქმეში, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატი ინდივიდუალურ საქმისწარმოებას ახორციელებს და ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან ვიზიტითაც იმყოფებოდა, გამოიკვეთა, რომ ბავშვს აქვს ქცევითი სირთულეები და ამჟამინდელ აღმზრდელს დასჯის მიზნით, მოუწოდებდა "დამაბი, დამაბი!" შესაბამისად, აუცილებელია ნინოწმინდის პანსიონის ყველა აღსაზრდელის ნეიროფსიქოლოგიური შეფასება, რათა დადგინდეს, როგორ აისახა დიდ ინსტიტუციაში ცხოვრება არასრულწლოვნების კოგნიტურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
გაიგე მეტი:
-
ნიკოლოზ ხატიაშვილმა პრაღის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 30-მდე მაღალი დონის შეხვედრა გამართა ნიკოლოზ ხატიაშვილმა პრაღის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 30-მდე მაღალი დონის შეხვედრა გამართა
გადახედვა
-
ჩარლზ III: მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩარლზ III: მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
გადახედვა
-
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
გადახედვა
-
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
ალენ სიმონიანი: ვუსურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უწყვეტ პროგრესს საქართველოსა და მის ხალხს ალენ სიმონიანი: ვუსურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უწყვეტ პროგრესს საქართველოსა და მის ხალხს
გადახედვა
-
"26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ღირსების სიმბოლოა" — ომბუდსმენი ქართველებს 26 მაისს ულოცავს "26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ღირსების სიმბოლოა" — ომბუდსმენი ქართველებს 26 მაისს ულოცავს
გადახედვა
-
ისრაელის ელჩი ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ისრაელის ელჩი ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
გადახედვა
-
შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა
გადახედვა
-
პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
გადახედვა
-
უნგრეთის პრემიერი პეტერ მადიარი საკუთარ და მინისტრების ხელფასებს 2-ჯერ ამცირებს უნგრეთის პრემიერი პეტერ მადიარი საკუთარ და მინისტრების ხელფასებს 2-ჯერ ამცირებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ეს არ გამოვა შალვა პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, მოგვინგრიოს ჩვენი ორი საყრდენი, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ და საკუთარზე უარი ვთქვათ. ეს არ გამოვა
გადახედვა
-
თვისუფლება გადამდებია — PSP | დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია თვისუფლება გადამდებია — PSP | დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
-
ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღში მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით აღმზრდელი დააკავეს თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღში მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით აღმზრდელი დააკავეს
გადახედვა
-
მარკო რუბიო: აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს მარკო რუბიო: აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს
გადახედვა
-
26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება — პროგრამა 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება — პროგრამა
გადახედვა
-
მოისმინეთ განდაგანა ევროვიზიის ხორვატი მონაწილეების შესრულებით (ვიდეო) მოისმინეთ განდაგანა ევროვიზიის ხორვატი მონაწილეების შესრულებით (ვიდეო)
-
ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით
-
"რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ "რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ
გადახედვა
კომენტარები