Wi-Fi სიგნალის ელექტროენერგიად გარდაქმნით სმარტფონები უსადენოდ დაიტენება
ფოტო: Shutterstock
თანამედროვე ადამიანი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას იყენებს, რომლის დიდი ნაწილიც სხვადასხვა ელექტრონულ მოწყობილობებს ხმარდება, იქნება ეს ტელეფონები თუ კომპიუტერები. ალბათ ერთხელ მაინც გიოცნებიათ სამყაროზე, რომელშიც თქვენი სმარტფონი თქვენსავე ჯიბეში, უსადენოდ იტენება.
როგორც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია ახსნილი, მეცნიერებმა შექმნეს სისტემა, რომელიც რადიო სიხშირეების დასაჭერად დრეკად ანტენას იყენებს, შემდეგ კი ორგანზომილებიანი თხელი ნახევარგამტარის საშუალებით აღნიშნულ სიგნალებს ელექტროენერგიად გარდაქმნის. აღნიშნული ენერგიით კი ელემენტების დატენვა შეიძლება. ექსპერიმენტებში აღნიშნულმა სისტემამ ვაი-ფაის ტიპური ტალღებით 40 მიკროვატი ელექტროენერგიის გამომუშავება შეძლო. ეს ერთი შუქდიოდის ასანთებად საკმარისი ენერგიაა.
სისტემას Rectenna ეწოდება და გარდა ვაი-ფაის სიგნალებისა მას სხვა სიხშირის რადიოტალღების გამოყენებაც შეუძლია. ამის გამო აღნიშნული სისტემის ჩაშენება ტექ-ტანსაცმელებსა და სხვა სატარებელ ელექტრონულ მოწყობილობებში შეიძლება. სისტემის გამოყენება შეიძლება სამედიცინო მოწყობილობებშიც, მაგალითად, ჭკვიან წამლებში, რომლებიც გადაყლაპვის შემდეგ ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას აგროვებენ.
"ჩვენ ელექტრონული მოწყობილობებისათვის ენერგიის მიწოდების ახალი მეთოდი შევქმენით - ვაი-ფაის სიგნალებში არსებული ენერგიის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია ელექტროენერგია ფართო ტერიტორიებზე უსადენოდ გავავრცელოთ. ამით კი ჭკვიანი მოწყობილობების ინტეგრაციას ისეთ ადგილებშიც შევძლებთ, სადაც ეს აქამდე შეუძლებელი იყო", - აცხადებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი და კვლევის თანაავტორი ტომას პალაციოსი.
ახალი სისტემის მთავარი კომპონენტი მოლიბდენისგან დამზადებული თხელი, სამი ატომის სისქის ფირფიტაა. სწორედ ამ ფირფითხის სითხელე განაპირობებს მის დრეკადობას.
"აღნიშნულმა დიზაინმა მოგვცა საშუალება, რომ ჩვენ გარშემო არსებული რადიოსიხშირეები გამოგვეყენებინა, იქნება ეს ვაი-ფაი, ბლუთუსი, თუ კავშირგაბმულბოის ქსელი", - აცხადებს მთავარი ავტორი შიუ ჟანგი.
ამჟამად გუნდი ტექნოლოგიის დახვეწასა და მისი ქმედითუნარიანობის გაუმჯობესებაზე მუშაობს.
კომენტარები