გარემოსთვის რომელი უფრო საზიანოა: ელექტრომობილები, თუ საწვავზე მომუშავე მანქანები? — კვლევა
ფოტო: Thinkstock
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა სხვადასხვა ტიპის ავტომობილის ეკოლოგიური გავლენა ერთმანეთს შეადარეს. მათ დაასკვნეს, რომ ელექტრომობილები გარემოსთვის ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მანქანებზე ნაკლებად საზიანოა.
ამ საკითხზე წლებია, მსჯელობენ; ელექტრომობილების კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბატარეებისთვის საჭირო ლითონების მოპოვება, წარმოება და დამუხტვის პროცესი გარემოზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს. ამის გამო ზოგი მიიჩნევს, რომ ელექტრომობილების ეკოლოგიური უპირატესობა გადაჭარბებულია.
ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილები, დამუხტვადი ჰიბრიდები და სრულად ელექტრო მანქანები შეადარეს. მათ ავტომობილების მთელი "სასიცოცხლო ციკლი" და გამონაბოლქვი გაითვალისწინეს.
შედეგებმა აჩვენა, რომ პირობების მიხედვით მაჩვენებლები განსხვავდება, თუმცა უმეტეს რეგიონში ელექტრომობილები შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებთან შედარებით 40-60%-ით ნაკლებ ემისიას უკავშირდება.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვან როლს ელექტროენერგიის წყარო ასრულებს. მაგალითად, თუ ელექტრომობილი ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ენერგიით იტენება, მისი ეკოლოგიური უპირატესობა მცირდება. ამის მიუხედავად, კვლევის ავტორების თქმით, ასეთ შემთხვევაშიც კი ის, როგორც წესი, ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე ავტომობილზე ნაკლებ გამონაბოლქვს წარმოქმნის.
ანალიზმა აჩვენა, რომ დამუხტვად ჰიბრიდებსაც გარემოზე შედარებით ნაკლები გავლენა აქვს. ამის მიუხედავად, მათი ეფექტიანობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ხშირად იტენება ბატარეა.
კვლევის მიხედვით, ქალაქებში ჰიბრიდული ავტომობილები ემისიების შემცირების იმ შედეგის დაახლოებით 80-90%-ს იძლევა, რასაც ელექტრომობილები (თუ პირველი ტიპის მანქანების რეგულარულ დამუხტვასაც გავითვალისწინებთ). სოფლებში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 60%-ს შეადგენს.
ავტორების პროგნოზით, გარემოზე ელექტრომობილების ზემოქმედება მომავალში კიდევ უფრო შემცირდება, თუ ელექტროენერგიის წარმოებაში განახლებადი წყაროების წილი გაიზრდება და ენერგოსისტემები წიაღისეულ საწვავზე ნაკლებად დამოკიდებული გახდება.
ნაშრომი გამოცემაში Environmental Research Letters გამოქვეყნდა.

კომენტარები