"პატარა წითელი წერტილები" შეიძლება ერთგვარ ვარსკვლავებში მოქცეული შავი ხვრელები იყოს
ფოტო: NASA, ESA, CSA
შესაძლოა, ასტრონომები ადრეული სამყაროს ერთ-ერთი საიდუმლოს ამოხსნას მიუახლოვდნენ. საქმე ეხება "პატარა წითელ წერტილებს" (Little Red Dots), რომლებიც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით აღმოაჩინეს. ისინი დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 600 მილიონი წლის შემდეგ უკვე არსებობდა, თუმცა 2 მილიარდ წლამდე ასაკის სამყაროში თითქმის გაქრა.
ახალი კვლევის ფარგლებში ვების ტელესკოპით სწორედ ასეთი ობიექტი, სახელად GLIMPSE-17775, შეისწავლეს. მათ დაადგინეს, რომ, ეს, სავარაუდოდ, ე.წ. კვაზი-ვარსკვლავია — სწრაფად მზარდი ზემასიური შავი ხვრელი, რომელსაც იონიზებული აირის მკვრივი გარსი ფარავს. შესაძლოა, უკანასკნელი მიგნება "პატარა წითელი წერტილების" ბუნების უკეთ გაგებაში დაგვეხმაროს.
უკვე არსებობდა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ეს ობიექტები კვაზი-ვარსკვლავებია. თუ ასეა, "პატარა წითელი წერტილების" გაუჩინარება ორი მიზეზით შეიძლება აიხსნას: ან მათი სწრაფი და ხანმოკლე ზრდის ფაზა მალე სრულდება, ან მზარდი შავი ხვრელი მის გარშემო არსებულ აირსა და მტვერს ფანტავს. ამ შემთხვევაში ობიექტის გარეგნული მახასიათებლები შეიცვლება.
აქამდე ამ იდეის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობდა, თუმცა სიტუაცია GLIMPSE-17775-ის შესწავლამ შეცვალა. მას ისეთი სახით ვხედავთ, როგორიც დიდი აფეთქებიდან 1.8 მილიარდ წელში იყო. მეცნიერებმა მისი სინათლის სპექტრი სხვა ამგვარ ობიექტებთან შედარებით ყველაზე დეტალურად გაანალიზეს.
აღმოჩნდა, რომ სპექტრში დაფიქსირებული ემისიური ხაზები არ შეესაბამება იმას, რასაც აირის მბრუნავი ღრუბლისგან ელოდნენ. ამის საპირისპიროდ, ისინი ელექტრონების გაფანტვაზე მიუთითებს, რაც აირის მკვრივ გარსში მოქცეული გამოსხივების წყაროსთვის არის დამახასიათებელი. მეცნიერებმა ფლუორესცენციისა და ჰელიუმის მშთანთქავი გამოსხივების ნიშნებიც გამოავლინეს, რაც ასევე მკვრივ აირზე მიანიშნებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რკინის სპექტრული ხაზებია. ეს მოსალოდნელია მაშინ, როცა ზემასიური შავი ხვრელი გარემოდან მატერიას ინტენსიურად შთანთქავს და დიდ ენერგიას გამოყოფს, რაც სწორედ კვაზი-ვარსკვლავებს უნდა ახასიათებდეს.
ახალი შედეგები დამატებით კითხვასაც სცემს პასუხს: რატომაა "პატარა წითელი წერტილები" რენტგენულ დიაპაზონში მოსალოდნელზე მკრთალი. თუ ისინი მართლაც მკვრივ აირში გახვეული ზემასიური შავი ხვრელებია, მაშინ ეს გარსი რენტგენულ გამოსხივებას შთანთქავს და მათი სუსტი ნათებაც აიხსნება.
ამის მიუხედავად, ყველა თავსატეხი ჯერ არ ამოხსნილა. მაგალითად, ასეთ ობიექტებში სპექტრული წყვეტა ვლინდება, რომელსაც ბალმერის ნახტომი ეწოდება, მაგრამ ის GLIMPSE-17775-ის შემთხვევაში შედარებით სუსტად შეინიშნება. ავტორები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი ობიექტის მასპინძელი გალაქტიკაა, რომელიც განსაკუთრებით მასიურია.
კვაზი-ვარსკვლავებთან დაკავშირებით საბოლოო პასუხის მისაღებად მაინც დამატებითი დაკვირვებებია საჭირო. ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.

კომენტარები