რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, 27 მაისს რუსეთმა და ავღანეთში მმართველმა ისლამურმა რადიკალურმა მოძრაობამ, თალიბანმა, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი მოსკოვის რეგიონში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაფორმდა. მისი დეტალები არ გახმაურებულა.

გამოცემა "მნიშვნელოვანი ისტორიების" ცნობით, ასეთი შეთანხმებები, როგორც წესი, იარაღის, ლიცენზიებისა და სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემას, ასევე ერთობლივ განვითარებას გულისხმობს. ამასობაში, ორიენტალისტმა, რუსლან სულეიმანოვმა The Insider-თან ინტერვიუში ქაბულსა და მოსკოვს შორის შეთანხმებას "სიმბოლური ღონისძიება" უწოდა და აღნიშნა, რომ რუსეთსა და თალიბანს შორის"სერიოზული სამხედრო თანამშრომლობის" რეალური წინაპირობები არ არსებობს.

თალიბანმა ავღანეთში ძალაუფლება 2021 წელს დაიბრუნა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ჯარები ქვეყნიდან გაიყვანეს. 2024 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თალიბანს "ტერორიზმთან ბრძოლაში მოკავშირეები" უწოდა, ხოლო 2025 წელს კრემლმა თალიბანი ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო მოსკოვში თავისი ელჩის მიღების შემდეგ.