როგორ შეცვალა რადიაციამ ჩერნობილის მგლები
ფოტო: AP
ჩერნობილის აკრძალულ ზონაში, სადაც საშიში რადიაციაა, მგლები გამრავლდნენ.
უკრაინის ქალაქ პრიპიატთან ახლოს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის რეაქტორის აფეთქებიდან 40 წლის განმავლობაში, ცხოველები მომრავლდნენ. ისინი ადამიანებისგან გამოთავისუფლებული ჰაბიტატით სარგებლობენ.
მათ შორის არიან ნაცრისფერი მგლები (Canis lupus), მტაცებლები, რომელთა პოპულაცია აკრძალულ ზონაში 1986 წლიდან მკვეთრად გაიზარდა.
მეცნიერებს აინტერესებთ, რატომ ხდება ეს და ახალი გენეტიკური კვლევა ამის გარკვევაში გვეხმარება.
კვლევა პრინსტონის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგების, კარა ლავისა და შეინ კემპბელ-სტატონის ხელმძღვანელობით ჩატარდა. მათი თქმით, ჩერნობილის მგლებს სხვა მგლებისგან გენეტიკური განსხვავებები აქვთ. სწორედ ეს განსხვავებები უნდა იყოს ის, რაც მგლებს იონიზირებული გამოსხივების გამკლავებაში ეხმარება.
"შესაძლოა, პოპულაციაში არსებობდეს გენეტიკური ვარიაცია, რაც ზოგიერთ ინდივიდს საშუალებას მისცემს, უფრო მდგრადი იყოს რადიაციის მიმართ; ამ შემთხვევაში კიბო მაინც შეიძლება იმავე სიჩქარით განუვითარდეთ, მაგრამ ამან ჯანმრთელობაზე ისეთი დიდი გავლენა არ მოახდინოს, როგორც სხვა მგლებზე", — განაცხადა კემპბელ-სტატონმა.
რაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, არის ის, თუ როგორ მუშაობს ეს მდგრადობა.
"მათ ამ დაავადების უკეთ ატანა შეუძლიათ. ფაქტია, რადიაციული ზემოქმედების მიუხედავად ისინი ხშირად არ ავადდებიან", — დასძინა კემპბელ-სტატონმა.
ბირთვული კატასტროფის შემდეგ ათწლეულების განმავლობაში რეგიონში ადამიანების რაოდენობა შემცირდა.
ფოტო: Getty Images
ადამიანებისგან მიტოვებული ტერიტორიები სხვა გარეულმა ცხოველებმაც დაიკავეს. მათ შორის არიან ირმები, ბიზონები, ტახები და მიუსაფარი ძაღლები. მკვლევრებმა ამ ადგილს რადიოაქტიური ედემიც კი უწოდეს. მიუხედავად ყველაფრისა, რეგიონში მგელი ყველაზე მეტად გავრცელდა.
მკვლევრებს სწორედ ეს აინტერესებდათ, მათ სურდათ გაეგოთ, თუ რატომ გაიზარდა მგლების პოპულაციები მაშინ, როდესაც სხვა ცხოველების შედარებით შემცირდა.
2024 წელს ისინი შევიდნენ აკრძალულ ზონაში და რამდენიმე მგლის სისხლის ნიმუშები აიღეს. მათ ასევე აიღეს სისხლის ნიმუშები ბელარუსში მცხოვრები მგლებისგან, სადაც რადიაციის დონე უფრო დაბალია, და აშშ-ში, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში მცხოვრები მგლებისგან. ბუნებრივია, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში რადიაციის დონე სტანდარტულია.
მათ ჩერნობილის მგლებში 3180 გენი აღმოაჩინეს, რომლებიც სხვა პოპულაციებისგან განსხვავდება. შემდეგ, მათ ეს მონაცემები ადამიანის გენეტიკურ მონაცემებს შეადარეს, რათა აღმოეჩინათ ადამიანებსა და მგლებს შორის საერთო სიმსივნის 10 ტიპის მარკერი.
უმნიშვნელოვანესია ის, რომ მათ ჩერნობილის მგლებში აღმოაჩინეს კიბოსთან დაკავშირებული 23 გენი, რომლებიც უფრო აქტიურია; ეს გენები ადამიანებში დაკავშირებულია ზოგიერთი კიბოს შემთხვევაში გადარჩენის უკეთეს მაჩვენებელთან.
მკვლევრების თქმით, ჩერნობილის მგლების გენეტიკური მახასიათებლები თაობების განმავლობაში ხანგრძლივი რადიაციული ზემოქმედებით არის ჩამოყალიბებული. ეს ცხოველები რადიოაქტიურ ზონაში ცხოვრობენ და რადიაციის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბალახისმჭამელებით იკვებებიან, რომლებიც თავის მხრივ რადიაციის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მცენარეებს ჭამენ.
"მგლები ნამდვილად საინტერესო შესაძლებლობას გვთავაზობენ, გავიგოთ იონიზირებადი გამოსხივების ქრონიკული, დაბალი დოზით, მრავალთაობაზე ზემოქმედების გავლენა", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
ზუსტად არ არის ნათელი, თუ როგორ მუშაობს ეს გენეტიკური მახასიათებლები პრაქტიკაში. მგლებს, შესაძლოა, ნაკლებად განუვითარდეთ კიბო, ან კიბოთი გადარჩენის უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდეთ, ან ორივეს კომბინაცია. საბოლოოდ, ეს შეიძლება კიბოსთან ბრძოლაში გამოგვადგეს.
კომენტარები