მოლდოველ ოლიგარქსა და დემოკრატიული პარტიის ყოფილ ლიდერს, ვლადიმირ პლახოტნიუკს, ე.წ. "მილიარდის ქურდობის" საქმეზე 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი კიშინიოვში ბუიუკანის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა.

სასამართლომ პლახოტნიუკი დამნაშავედ ცნო სამი ბანკიდან თანხების მითვისებაში თანამონაწილეობაში. გამოძიების მიხედვით, მან მოპარული თანხებიდან 39 მილიონი დოლარი და 3.5 მილიონი ევრო მიიღო ილან შორისთან დაკავშირებული კომპანიების მეშვეობით. პროკურატურა მისთვის 25-წლიან სასჯელს ითხოვდა, თუმცა თავად ბრალს არ აღიარებს. განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს როგორც ბრალდება, ისე დაცვის მხარე.

პლახოტნიუკი, რომელიც 2019 წლიდან მიმალვაში იმყოფებოდა, 2025 წელს საბერძნეთში დააკავეს და მოლდოვას გადასცეს. ის რამდენიმე საქმეში ფიგურირებს, თუმცა ყველაზე გახმაურებული საქმე 2014 წლის საბანკო სკანდალია, როცა სამი ბანკიდან დაახლოებით 1 მილიარდი ევრო გაიტანეს.

საბანკო სისტემის დასაცავად სახელმწიფომ აღნიშნული თანხა ბიუჯეტიდან დაფარა, რაც საბოლოოდ მრავალმილიარდიან სახელმწიფო ვალად იქცა.