გამოყენებული პლასტმასა უმეტესად მხოლოდ პრობლემის სათავე თუა — იგი გარემოში ხვდება, მიკროპლასტმასებად იშლება, ამ ფორმით წყალში აღწევს და ჩვენს ჯანმრთელობასა და ბუნებას უქმნის საფრთხეს. ეს გარდაუვალი სცენარი არ არის, რადგან უფრო და უფრო მეტი კვლევა მოწმობს, რომ იმავე ნარჩენებისგან შეგვიძლია მედიკამენტები ვაწარმოოთ.

ერთ-ერთი ასეთი ნაშრომი ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალში Nature Sustainability. ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მოდიფიცირებულ E. coli ბაქტერიებს შეუძლიათ, პოლიეთილენტერეფტალატი (PET) პარკინსონის სამკურნალო ძირითად პრეპარატად, ლევოდოპად, გარდაქმნან. PET აქტიურად გამოიყენება ბოთლებისა და შესაფუთი მასალების დასამზადებლად, ამიტომ იგი საკმაოდ გავრცელებული ნარჩენია — შეიძლება ითქვას, ნახშირბადის აუთვისებელი წყაროც.

ეს მიდგომა, შესაძლოა, ლევოდოპას წარმოების ტრადიციული მეთოდის უფრო ეკომეგობრული ალტერნატივა აღმოჩნდეს. ტრადიციული მეთოდის ფარგლებში წიაღისეული საწვავი გამოიყენება, შედეგად კი ბევრი ენერგია და ფინანსური რესურსი იხარჯება. ამის პარალელურად ბევრი ნახშირბადიც გამოიყოფა.

პარკინსონით მსოფლიოში 10 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული, მოსახლეობის დაბერებასთან ერთად კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება. ლევოდოპა ამჟამად ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა პარკინსონის ძირითადი სიმპტომების სამართავად, ტრემორი იქნება ეს თუ კუნთების გაშეშება. წამლისადმი მოთხოვნა იზრდება, ამიტომ სულ უფრო აქტუალური ხდება, რომ მისი წარმოებისთვის მდგრადი მეთოდები შევიმუშაოთ.

წინა კვლევებით ედინბურგელმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ შესაძლებელია, პლასტმასა პარაცეტამოლად, ტკივილგამაყუჩებლად, გარდავქმნათ. ლაბორატორიაში მათ PET მასალის ერთლიტრიანი ბოთლისგან სულ რაღაც 24 საათში მიიღეს პარაცეტამოლი — დაახლოებით იმავე რაოდენობის, რამდენიც 500-მილიგრამიან 9 ტაბლეტშია. მათ ბოთლის 90% გარდაქმნეს.

ამ სფეროში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პლასტმასა შეიძლება მედიკამენტებისთვის ერთგვარი ქიმიური ნედლეული გახდეს. 2022 წელს სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ პოლიეთილენი (PE) — PET-ისგან განსხვავებული პლასტმასა, რომელსაც პარკებს ამზადებენ — შეგვიძლია მოდიფიცირებული სოკოების მეშვეობით გამოსადეგ ნაერთებად დავშალოთ. მათ შორისაა როგორც ანტიბიოტიკების შესაქმნელად საჭირო მასალები, ასევე სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები და ქოლესტერინის საწინააღმდეგო პრეპარატები.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბოლო კვლევების ფარგლებში უფრო მაღალი ღირებულების მედიკამენტებზე იყვნენ ფოკუსირებულნი. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევით გამოავლინეს, რომ შესაძლებელია, PET პლასტმასა გარდაიქმნას მასალებად, რომლებიც სიმსივნის სამკურნალო საშუალებებისა და სისხლდენის შესაჩერებელი პრეპარატების შესაქმნელადაა საჭირო.

შედეგები იმაზე მიანიშნებს, რომ პლასტმასის ყოველდღიური ნარჩენები შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ და წამლებად გარდავქმნათ. თუკი მკვლევრები შეძლებენ, მიდგომა უფრო ფართო მასშტაბზე აიყვანონ, ამ მედიკამენტის წარმოებისას წიაღისეული საწვავის საჭიროებაც შემცირდება.

ცხადია, ლაბორატორიაში მიღებული შედეგის საწარმოო მასშტაბზე აყვანა მარტივი არ იქნება. ინჟინრებმა ამისათვის ხარჯთეფექტიანი საწარმოო პროცესები უნდა შეიმუშაონ, პროდუქტები კი უსაფრთხოების მკაცრ სტანდარტებს უნდა მოერგოს. აქამდე ცოტა დრო როდი გვაშორებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.