მიაგნეს შავ ხვრელს, რომელიც "ელვის სისწრაფით" გაიზარდა
ის კოსმოსურ თეორიებს გამოწვევის წინაშე აყენებს.
ფოტო: NASA/Aurore Simonnet (Sonoma State University
ასტრონომებმა კაშკაშა აქტიური გალაქტიკური ბირთვი, კვაზარი, აღმოაჩინეს. რომელსაც ID830 ეწოდება. ესაა ზემასიური შავი ხვრელი, რომელიც ამგვარი ობიექტების ზრდის სიჩქარის ზღვარს სცდება. ასევე, ის პოლუსებიდან ძლიერ რენტგენულ და რადიოტალღებს ასხივებს, რომლებიც მის მიერ მატერიის თითქმის სინათლის სისწრაფით შთანთქმისას წარმოიქმნება.
მას ისეთს ვხედავთ, როგორიც 12 მილიარდი წლის წინ იყო, როცა 440 მილიონი მზის მასა ჰქონდა. გამოდის, რომ ის ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელზე, მშვილდოსან A*-ზე, 100-ზე მეტჯერ მასიურია.
შავი ხვრელების მიერ მტვრისა და აირის შთანთქმისას რადიაციული წნევა წარმოიქმნება, რომელიც მატერიის მიზიდვის პროცესს არეგულირებს. ამას ედინგტონის ზღვარი ეწოდება, თუმცა ზოგიერთი ასეთი ობიექტი შეიძლება მიჯნას გასცდეს, რისი დასტურიც ID830-ია. არაა გამორიცხული, ეს საკმარისი წნევის დაგროვებამდე მოხდეს ან შავმა ხვრელმა მატერია ეკვატორის მიმდებარე რეგიონიდან მიიზიდოს და არა პოლუსებიდან, სადაც ზემოხსენებული რადიაციის ძალა მოქმედებს.
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებმა ცხადყო, რომ ID830 ძალიან სწრაფად გაიზარდა, თანაც ადრეულ პერიოდშივე. ეს ტემპი მეცნიერებმა ულტრაიისფერ და რენტგენულ ემისიებზე დაკვირვებით გამოავლინეს. მათი თქმით, შID830 ედინგტონის ზღვარს დაახლოებით 13-ჯერ სცდება, რაც აირის უეცარ სიჭარბეს უნდა გამოეწვია. ეს შეიძლება შავ ხვრელთან მიახლოებული გიგანტური ვარსკვლავის განადგურებას უკავშირდებოდეს.
საინტერესოა ისიც, რომ რენტგენული და რადიოტალღების ემისიების თანაარსებობა მოულოდნელია. ამის მიზეზი ისაა, რომ სწრაფმა ზრდამ, წესით, ისინი უნდა შეაფერხოს, მაგრამ ID830-ის შემთხვევაში ასე არ მომხდარა. ეს კოსმოსურ თეორიებს ეწინააღმდეგება და ჯერ კიდევ უცნობ ფიზიკურ მექანიზმებზე მიანიშნებს.
რენტგენული ტალღები ამ შავი ხვრელის ე.წ გვირგვინიდან მოდის. იქ ძლიერი მაგნიტური ველები თხელ, მაგრამ ტურბულენტურ ღრუბელს ქმნის, რომელიც დამუხტული ნაწილაკებისგან შედგება და ძალიან ცხელია. ეს ნაწილაკები შავი ხვრელის გარშემო თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრაობს რეგიონში, რომელსაც NASA-ში "სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ ფიზიკურ გარემოს" უწოდებენ.
ამგვარი პროცესების გამო ID830 სხვადასხვა სპექტრში კაშკაშებს. მისი შესწავლა შეიძლება გალაქტიკების ევოლუციაში კვაზარების როლის გაანალიზებაში დაგვეხმაროს, რადგან ისინი ასეთ სისტემებში მატერიის განაწილებაზე საგრძნობლად ზემოქმედებს.
ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.

კომენტარები