მთელს მზის სისტემაში დედამიწა ერთადერთი პლანეტაა, რომელზეც ტექტონიკური ფილები და მათთან დაკავშირებული გეოლოგიური აქტიურობა გვხვდება. ამის მიუხედავად, სეისმური ბიძგები სხვა ციურ სხეულებზეცაა, მათ შორის მთვარეზე. ამის შესახებ Apollo-ს მისიებიდან მოყოლებული ვიცით, ათწლეულზე მეტი ხნის წინ კი გავიგეთ, რომ ჩვენი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი ზომაშიც მცირდება.

დიახ, ბოლო 200 მილიონი წლის განმავლობაში მთვარის რადიუსი 50 მეტრით დაპატარავდა. მეცნიერთა ახალი კვლევა ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს, რადგან მათ იქ ისეთ გეოლოგიურ სტრუქტურებს მიაგნეს, რომლებიც სწორედ შეკუმშვის პროცესზე მიანიშნებს. საქმე ისაა, რომ მთვარე ადრე გეოლოგიურად ბევრად აქტიური იყო, მაგრამ მისი შიდა მატერია ნელ-ნელა გაგრილდა და გამყარდა. ღრმა შრეების ასეთმა შეკუმშვამ ქერქში ნაპრალები და დეფორმაციები გააჩინა, მათ შორის ამოზნექილი კლდოვანი წარმონაქმნები.

ასტრონომებმა მთვარის მაღლობებზე სწორედ მსგავს არეალებს მიაკვლიეს, მაგალითად, მომცრო ზღვოვან ჭიუხებს (SMR). სახელმა არ დაგაბნიოთ — მთვარის "ზღვად" დიდ და მუქ ბაზალტურ რეგიონებს მოიხსენიებენ. სპეციალისტებმა 1114 ახალი SMR გამოავლინეს (ჯამში 2643-ია აღმოჩენილი).

საინტერესოა, რომ SMR ამოზნექილ კლდოვან წარმონაქმნებს ასაკით საკმაოდ ჰგავს: პირველი საშუალოდ 124 მილიონი წლისაა, მეორე კი — 105 მილიონის. ისიც დაადგინეს, რომ ისინი ხშირად ერთმანეთთან ფიზიკურადაცაა დაკავშირებული რეგიონებში, რომელთა მიმდებარედაც მაღლობები ზღვოვან ლანდშაფტში გადადის. ამის მიზეზი სწორედ მთვარის შეკუმშვის პროცესი უნდა იყოს.

მთვარის შორეულ მხარეს არსებული პატარა ჭიუხი.

ფოტო: NASA/LROC/GSFC/Arizona State University

"Apollo-ს ეპოქიდან ვიცით, რომ მთვარის მაღლობებზე ამოზნექილი კლდოვანი წარმონაქმნები არსებობს, მაგრამ ეს მთვარის ზღვების მასშტაბით გავრცელებული იმავენაირი სტრუქტურების დოკუმენტირების პირველი შემთხვევაა", — განაცხადა კოულ ნაიპევერმა, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა.

ავტორები ამბობენ, რომ ამგვარი მიგნებები მთვარის ბოლოდროინდელი გეოლოგიური აქტიურობის შესახებ ღირებულ ინფორმაციას გვაწვდის. ეს მისი სეისმური და თერმული პროცესების ისტორიის უკეთ გააზრებაშიც გვეხმარება.

ნაშრომი გამოცემაში The Planetary Science Journal გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.