დამუხტული ნაწილაკების ნაკადები მზიდან გამუდმებით მოედინება. ზოგი მათგანი დედამიწის ატმოსფეროსთანაც ურთიერთქმედებს, სწორედ ასე ჩნდება პოლარული ციალი. მეორე მხრივ, ჩვენი პლანეტის ორბიტაზე მოძრავი აპარატების სისტემებისთვის ეს ნაკადები დიდ პრობლემადაც შეიძლება იქცეს.

ასევე გაეცანით: რა არის პოლარული ციალი და ვიხილეთ თუ არა ის საქართველოშიც?

ამ მიზეზის გამო ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა ფლორიდაში საკუთარი ნაწილაკთა ამაჩქარებლის შექმნა გადაწყვიტა, უფრო კონკრეტულად, ციკლოტრონის, რომელიც პროტონებს თითქმის სინათლის სიჩქარეს ანიჭებს. ამით მეცნიერები კოსმოსურ აპარატებზე გამოსხივების ზეგავლენას შეისწავლიან, მათ შორის Starlink-ის სატელიტებზე.

აღნიშნული სიახლე Starlink-ის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკლ ნიკოლსმა, სოციალურ პლატფორმა X-ზე გასულ კვირას დაადასტურა. მისი თქმით, კომპანია ახალ, 230-მეტაელექტრონვოლტიან ციკლოტრონზე სამუშაოდ წამყვან ინჟინრებს დაიქირავებს. ცნობისთვის, მეტაელექტრონვოლტი, იგივე MeV, ნაწილაკის მიერ შეძენილი კინეტიკური ენერგიის საზომი ერთეულია.

ზოგადად, მაგნიტური ველის გამოყენებით ციკლოტრონი დამუხტული ნაწილაკების ტრაექტორიას ამრუდებს და წრიულ ფორმას აძლევს. ეს მათ უფრო მაღალ ენერგიებს ანიჭებს. იდეა ისაა, რომ ნაწილაკები გარკვეულ მატერიას მოვახვედროთ, რათა კოსმოსური რადიაციის ეფექტების გამოკვლევა დედამიწაზევე შევძლოთ.

ZipRecruiter-ზე განთავსებული ვაკანსიების მიხედვით, ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზანი იმის შესწავლაა, თუ როგორ ზემოქმედებს მაღალი ენერგიის მქონე ნაწილაკები კომპიუტერულ ჩიპებზე. მაგალითად, თუ რადიაციის ეფექტების შემსწავლელ გუნდს შეუერთდებით, თქვენი ამოცანა კოსმოსის რთულ პირობებში ავიონიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა იქნება. ავიონიკაში SpaceX-ის სხვადასხვა აპარატი (Dragon, Falcon, Starship, Lunar Human Landing System და ა.შ.) და სატელიტი (Starlink, Starshield) იგულისხმება.

230 MeV-ზე მომუშავე ციკლოტრონი ძალიან მძლავრი იქნება, თუმცა მსოფლიოში ყველაზე დიდი სიმძლავრე პაულ შერერის ინსტიტუტის (შვეიცარია) 590 MeV-ზე მომუშავე ციკლოტრონს აქვს. ცნობისთვის, CERN-ის დიდი ადრონული კოლაიდერი ციკლოტრონი არ არის, იგი სინქროტრონია, რომელიც სხვა ტიპის ამაჩქარებელია.

ასევე იხილეთ: დიდი ადრონული კოლაიდერი ფუნქციონირებას 5 წლით წყვეტს

Starlink-ის სატელიტები არაერთხელ დაზიანებულა, განსაკუთრებით მზის ქარიშხლების დროს, დედამიწის ორბიტის მიღმა კი პირობები კიდევ უფრო ექსტრემალურია. ზოგადად, ეს არამხოლოდ Starlink-თვის, არამედ ნებისმიერი კოსმოსური მისიისთვის უზარმაზარი ხელშემშლელი ფაქტორია.

ასტრონავტებს მთვარის ზედაპირზე 2,6-ჯერ უფრო მეტ გამოსხივებასთან ექნებათ შემხებლობა, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS). ისიც გასათვალისწინებელია, რომ კოსმოსური გამოსხივება ადამიანის ორგანიზმზე კიდევ უფრო სავალალოდ ზემოქმედებს, ვიდრე ელექტრონულ აღჭურვილობაზე. იმედი ვიქონიოთ, რომ ნაწილაკთა ახალი ამაჩქარებელი ამ ყველაფრის თავიდან აცილებაში დაგვეხმარება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.