მეცნიერებმა ლოკოკინას სახეობა გადაშენებისგან იხსნეს
ფოტო: Chester Zoo
დიდ ბრიტანეთში მდებარე ჩესტერის ზოოპარკში აცხადებენ, რომ გადაშენების ზღვარზე მყოფი ლოკოკინას სახეობის გადარჩენის შესახებ სამეცნიერო დასტური მიიღეს. ეს კონსერვაციონისტების საერთაშორისო გუნდის დახმარებით შეძლეს.
საუბარია ბერმუდის ლოკოკინებზე (Poecilozonites bermudensis), რომლებიც გაამრავლეს და 100 000-ზე მეტი მათგანი ბუნებაში გაუშვეს. ახლა ჩვეული ჰაბიტატის 6 არეალში ამ ცხოველთა პოპულაცია აღდგა.
არც ისე ცოტა ხნის წინ შიშობდნენ, რომ ეს სახეობა გაქრა. შემდეგ მცირე იმედი გაჩნდა, როცა ისინი მოულოდნელ ადგილას იპოვეს — ჰაერის კონდიცირების სისტემასთან ახლოს. ლოკოკინები იქიდან გადმოსული წყლით საზრდოობდნენ. ამის მიუხედავად, სახეობა მაინც გადაშენების სერიოზული საფრთხის წინაშე იყო.
ბერმუდის მთავრობამ ჩესტერის ზოოპარკთან ერთად მათი გადარჩენა გადაწყვიტა. მეცნიერებმა ლოკოკინები სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გაამრავლეს, ხელოვნურ გარემოში. შემდეგ ისინი სხვადასხვა პარაზიტულ ინფექციასა და ნემატოდებზე დატესტეს, რათა მათ ჯანმრთელობაში დარწმუნებულიყვნენ. ასევე, ეს ინდივიდები კარგად გამოკვებეს, რათა ბუნებაში გადასარჩენად საკმარისი მასისთვის მიეღწიათ.
თითოეული ლოკოკინა მონიშნეს, რათა მათთვის თვალის მიდევნება შესძლებოდათ. გაითვალისწინეს ისიც, რომ ზოგ არეალში ლოკოკინას სულ სხვა სახეობაც ბინადრობს (Euglandina rosea), რომელიც Poecilozonites bermudensis-ს ესხმის თავს და ჭამს. შესაბამისად, დიდი სიფრთხილით შეარჩიეს ის ადგილები, სადაც ამ ინდივიდებს გაუშვებდნენ.
სპეციალისტთა ამ გეგმამ გაამართლა და სხვადასხვა არეალში ბერმუდის ლოკოკინებმა არსებობა გააგრძელეს — მათ შორის ისეთში, სადაც მეცნიერებს თავდაპირველად არ დაუბრუნებიათ. ეს მიანიშნებს, რომ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების გადარჩენა შესაძლებელია. ამას მეცნიერები "კონსერვაციის ერთ-ერთი უდიდეს წარმატებას" უწოდებენ და ამ საქმეში ზოოპარკების დიდ როლსაც აღნიშნავენ.

კომენტარები