აღმოსავლეთ ანგლიის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ თეთრ დათვებს გენეტიკური ადაპტაციის უნარი გარემო პირობების ცვლილებაზე სწრაფად რეაგირების საშუალებას აძლევს. მეცნიერებმა გრენლანდიის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 17 თეთრი დათვის სისხლის ნიმუშები შეისწავლეს, რათა მათ გენომურ აქტივობაზე კლიმატის ცვლილების გავლენა შეეფასებინათ.

კვლევის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ე.წ. ტრანსპოზონებს დაეთმო, რომლებსაც ხშირად "მხტუნავი გენების“ სახელით მოიხსენიებენ. დნმ-ის ეს მოძრავი სეგმენტები გენომის შიგნით გადაადგილდება და გენების რეგულაციაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია.

ფოტო: Jami Tarris/Getty Images

მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ შედარებით თბილ ადგილებში მცხოვრებ თეთრ დათვებში ტრანსპოზონების აქტივობა ცივ გარემოში მცხოვრები პოპულაციებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამ გენების აქტივობა ისეთ ბიოლოგიურ პროცესებთანაა დაკავშირებული, როგორებიცაა თერმული სტრესი, უჯრედული დაბერება და მეტაბოლიზმი.

კვლევის წამყვანი ავტორის, დოქტორ ელის გოდენის განმარტებით, დნმ-ის გარკვეული მონაკვეთები სხვადასხვა პოპულაციაში განსხვავებული სიჩქარით იცვლება. ეს ფაქტი დათვებზე მათი საცხოვრებელი გარემოსა და კლიმატური პირობების გავლენას მკაფიოდ ასახავს.

მართალია, პოლარულ დათვებში გენეტიკური ადაპტაციის უნარი გარკვეულ ოპტიმიზმს იწვევს, მაგრამ კვლევის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ტენდენცია სახეობის უსაფრთხოებას არ უზრუნველყოფს. დოქტორი გოდენის თქმით, თეთრი დათვების გენომი კლიმატის ცვლილებებზე სწრაფად რეაგირებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახეობის გადაშენების რისკი შემცირებულია. პირიქით, შედეგები ნახშირბადის ემისიების შემცირებისა და გლობალური დათბობის ტემპის შენელების გადაუდებელ აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ფოტო: alaska-native-news.com

კლიმატის ცვლილება თეთრი დათვების პოპულაციაზე გავლენას მხოლოდ გენეტიკურ დონეზე არ ახდენს. ჩრდილოეთ ამერიკაში ზღვის ყინულის დნობის შედეგად თეთრი დათვები ხმელეთის სიღრმეში სულ უფრო ხშირად გადაადგილდებიან, მაშინ როდესაც გრიზლი დათვების გავრცელების არეალი ჩრდილოეთისკენ ფართოვდება. ამ პროცესმა მათი საცხოვრებელი ზონების გადაკვეთა და სახეობათაშორისი შეჯვარება გამოიწვია, რის შედეგადაც ჰიბრიდული ინდივიდები, ე.წ. პიზლები გაჩნდნენ.

მკვლევრები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გავრცელებული სხვა პოპულაციების შესწავლასაც გეგმავენ, რათა უკეთ გაიგონ თუ როგორ უმკლავდებიან თეთრი დათვები ამ მასშტაბურ ეკოლოგიურ ცვლილებებს.

კვლევა ჟურნალ Mobile DNA-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.