მზის სისტემის ასტეროიდთა სარტყელი ნელ-ნელა ქრება
ფოტო: Getty Images Signature/Canva
ასტეროიდთა სარტყელი მარსსა და იუპიტერს შორისაა მოქცეული. ის აერთიანებს ობიექტებს, რომლებიც მზის სისტემის დაბადების პერიოდიდანაა შემორჩენილი. სწორედ ასეთი ფრაგმენტების შეერთების შედეგად წარმოიქმნა პლანეტები, მაგრამ მსგავსი მატერიის ნაწილი გამოუყენებელი დარჩა. ამას იუპიტერის ძლიერმა გრავიტაციამაც შეუწყო ხელი.
შედეგად, ახლა მთვარის მასის დაახლოებით 3%-ის მქონე მატერია მილიონობით კილომეტრ მანძილზეა გაფანტული. მასზე იუპიტერის მიზიდულობა ისევ ზემოქმედებს და გრავიტაციულ რეზონანსს წარმოქმნის. ამის გამო იუპიტერთან, სატურნთან და მარსთანაც კი ასტეროიდების მუდმივ ურთიერთქმედებას ვიღებთ, რაც მათ ორბიტებს არასტაბილურს ხდის. ეს ფრაგმენტებს ან მზის სისტემის შიდა რეგიონისკენ გზავნის, ან პირიქით — გარე არეალში, სადაც გიგანტური ციური სხეულები მდებარეობს. ხდება ისეთი შეჯახებებიც, რომლებიც მეტეორულ მტვერს წარმოქმნის.
მეცნიერებმა გამოითვალეს, რამდენად სწრაფად იცლება ასტეროიდთა სარტყელი, დაადგინეს, რომ ამჟამად იქიდან იკარგება იმ მატერიის 0.0088%, რომელიც შეჯახებებში მონაწილეობს. ერთი შეხედვით, ეს მცირე მაჩვენებელია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, თუკი მზის სისტემის ხნიერებასა და ევოლუციას გავითვალისწინებთ.
საინტერესოა, რომ ამ ფრაგმენტების დაახლოებით 20% სარტყელს თავს აღწევს, როგორც დედამიწის ორბიტის მკვეთი ასტეროიდები და მეტეოროიდები. ზოგჯერ ისინი პლანეტის ატმოსფეროშიც ხვდება; დარჩენილი 80% მეტეორულ მტვრად იქცევა, რომელიც ე.წ. ზოდიაქურ სინათლეს წარმოქმნის. ის განთიადამდე და დაბინდების შემდეგაა ხილული.
ასტეროიდთა სარტყელში მდებარე, უფრო მოზრდილი ცერერა, ვესტა და პალასი კვლევიდან გამოირიცხა. მიზეზი ისაა, რომ სამივე მათგანი იქ დიდხანს შენარჩუნდა და ზემოხსენებულ პროცესებში არ მონაწილეობს.
ასტეროიდთა სარტყლის გაქრობის შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს დედამიწასთანაცაა კავშირში — იქიდან გამოტყორცნილი ზოგიერთი ობიექტი ჩვენს პლანეტასთან შეჯახების პოტენციურ რისკს შეიცავს. კვლევის მიხედვით, თუკი მატერიის დაკარგვის ამჟამინდელი ტემპით წარსულზე ვიმსჯელებთ, 3.5 მილიარდი წლის წინ ეს რეგიონი დაახლოებით 50%-ით მასიური უნდა ყოფილიყო. ის მატერიას, წესით, ორჯერ სწრაფად კარგავდა.
მაშინ მთვარესა და დედამიწაზე ეს ფრაგმენტები უფრო ხშირადაც ცვიოდა, რისი კვალიც დღემდეა შემორჩენილი.

კომენტარები