ვის ეკუთვნის ფუტკრების ოჯახი? და რა ხდება, როცა ისინი მეზობლის მიწაზე გადადიან?

ადრეული შუა საუკუნეების ირლანდიაში ამ კითხვებს კანონთა გამორჩეული კრებული — ბეხბრეთა (Bechbretha) — იხილავდა, რომელიც მეფუტკრეობასთან დაკავშირებულ უფლებებსა და ვალდებულებებს განსაზღვრავდა. "ფუტკრის განჩინებებად" ცნობილი ეს კანონები შუა საუკუნეების ირლანდიის ფართო სამართლებრივი სისტემის — ბრეჰონის სამართლის (ძველ ირლანდიურად fénechas, ანუ ჩვეულებითი სამართალი) — ნაწილს წარმოადგენდა.

ბრეჰონის სამართალი სისხლის სამართლის ნაცვლად აღდგენით მართლმსაჯულებას ემხრობოდა და, უპირველეს ყოვლისა, ჩადენილი დანაშაულისთვის სახდელი კომპენსაციის დადგენით იყო დაკავებული. ამ კანონების უმეტესობა VII–VIII საუკუნეებში ჩაიწერა, თუმცა სავარაუდოდ გაცილებით უძველეს ტრადიციებს ინახავს, რომლებიც მანამდე პირდაპირ ზეპირად გადაიცემოდა.

ადრეული შუა საუკუნეების ირლანდიურ საზოგადოებას იერარქიული სტრუქტურა ჰქონდა. სამართლებრივ საქმეებში გადასახდელი ან მისაღები კომპენსაციის ოდენობა მთლიანად ადამიანის სოციალური წოდებით განისაზღვრებოდა.

ბეხბრეთა იურისტებისთვის სამართლებრივ სახელმძღვანელოს წარმოადგენდა, რომელიც ფუტკრებთან დაკავშირებულ საქმეებს — ფუტკრის უნებართვო შეჭრას (როცა მეზობლის ფუტკარი სხვის მიწაზე გადადიოდა და ყვავილებიდან ნექტარს "იპარავდა"), ფუტკრებით გამოწვეულ დაზიანებებსა თუ სიკვდილს, სკის ქურდობასა და თითოეულ შემთხვევაში გადასახდელ კომპენსაციას — იხილავდა და ადგენდა.

სამართლებრივი სარჩელის შეტანა შეიძლებოდა იმ მეფუტკრეების წინააღმდეგ, რომელთა ფუტკრებიც გამვლელებს უკბენდა.

ფოტო: National Museum of Antiquities, CC BY-SA

შუა საუკუნეების ირლანდიაში ფუტკრებს სამართლებრივი სტატუსი ჰქონდათ — ისინი შინაური პირუტყვის სახეობად მიიჩნეოდნენ და, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხენების, ღორების, ფრინველისა და ცხვრის მსგავსად, სამართლებრივი დაცვით სარგებლობდნენ. ეს განპირობებული იყო მათი დიდი ეკონომიკური ღირებულებით: მეფუტკრეობა თაფლს იძლეოდა საჭმელად და სასმლის დასატკბობად, ნედლეულს თაფლის ღვინისა და ლუდის დასამზადებლად, ცვილს — სანთლებისთვის, ნაპრალების ამოსავსებად და საწერი დაფებისთვის, და სხვა პროდუქტებს, რომლებსაც მედიცინაში, კოსმეტიკაში, დასაზეთად და წყალგაუმტარი საფარის დასამზადებლად იყენებდნენ.

ბეხბრეთას კიდევ ერთი დანიშნულება ადგილობრივ თემებს შორის კარგი ურთიერთობის შენარჩუნება იყო. ბეხბრეთასა და კიდევ ერთი სამართლებრივი ტექსტის — VIII საუკუნის Bretha Comhaithchesa (სამეზობლო სამართალი) — თანახმად, ფერმერულ გარემოში ურთიერთშეთანხმება უზრუნველყოფდა კომპენსაციის გადახდას, თუ ცხოველი მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრებოდა, ან ვინმეს მიეპარებოდა და ზიანს მიაყენებდა. ამ პროცესის ამოქმედებისთვის მეზობლებს შორის გარკვეული ნდობა უნდა არსებულიყო.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას: ერთი რამ არის იმის დამტკიცება, სად შეიჭრა მეზობლის მსხვილი შინაური ცხოველი ან რა დააზიანა; სრულიად სხვა — იმის მტკიცება, რომ მეზობლის ფუტკრებმა შენი ყვავილები გაძარცვეს და ნექტარი მოიპარეს.

ბეხბრეთას ერთ-ერთი რჩევა: ფუტკრებს ფქვილი შეაყარე, მიჰყევი სახლამდე და დამნაშავეები გამოავლინე. ვინაიდან თაფლის ფუტკრები ხშირად ერთსა და იმავე ნექტრის წყაროებთან ბრუნდებიან, მათი თეთრი ფქვილით მონიშვნა ეფექტიანია — ფქვილი ფრენისას მიწაზე იყრება და თვალსაჩინო ბილიკს ტოვებს. კანონები ასევე ადგენდა, რომ სხვის მიწაზე გადასული ფუტკრების პატრონს სამი წელი აქვს მათი თაფლის ასაღებად, მეოთხე წელს კი სკის პირველი ოჯახი მიწის პატრონს უნდა გადასცეს.

აბერდინის ხელნაწერში ფუტკრებისადმი მიძღვნილი ილუსტრაცია — შედგენილი და მოოქროვილი ინგლისში, დაახლოებით 1200 წელს.

ფოტო: Aberdeen University Library Online Collections, CC BY-SA

ბეხბრეთა ასევე ფუტკრის ოჯახების საკუთრების საკითხებს განიხილავდა — კერძო თუ საერთო მიწაზე დამკვიდრებული ახალი სკების შემთხვევაში. ახალი სკის მპოვნელ მეფუტკრეს სამი წლის განმავლობაში თაფლის მესამედი ეკუთვნოდა, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი მისი მფლობელი მასპინძელი მიწის პატრონი ხდებოდა. ტყეში ნაპოვნი ოჯახის შემთხვევაში, მპოვნელი (თითქმის) ყველაფერს იღებდა — მხოლოდ ადგილობრივ ეკლესიასა და მპოვნელის საგვარეულოს უფროსს ეკუთვნოდა მცირე წილი.

სკის ქურდობის ან უნებართვო გადატანის შემთხვევაში — თუ დამნაშავეს ფუტკარი გამოჰყვა ან მოკლა — მეფუტკრეს პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდა. პროვოცირების გარეშე განხორციელებული ნაკბენისთვის კომპენსაცია ეკუთვნოდა, თუმცა თუ დაზარალებული ფუტკარს მოკლავდა, ეს სიკვდილი სათანადო სამაგიეროდ ჩაითვლებოდა. ზოგადად, ნაკბენის, სიკვდილის ან დასახიჩრების შემთხვევაში, დაზარალებულს სკები კომპენსაციის სახით გადაეცემოდა.

სკის ქურდობისთვის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე სერიოზული ჯარიმები იყო დაკისრებული. რაც უფრო ახლოს იყო სკა სახლთან, განსაკუთრებით მაღალი სტატუსის ოჯახთან, მით მეტი კომპენსაცია ეკუთვნოდა დაზარალებულს. ფულის შემოღებამდე კომპენსაციას ჩვეულებრივ მსხვილფეხა პირუტყვის სახით იხდიდნენ — ირლანდიაში ეს გადახდის ძირითადი საშუალება იყო. მონასტრებიდან სკების მოპარვაც სერიოზულ ჯარიმებს იწვევდა.

კაცი კალათით ფუტკრების დაჭერას ცდილობს. შუა საუკუნეების ფრანგული ხელნაწერის ილუსტრაცია.

ფოტო: National Library of France, CC BY-SA

ის ფაქტი, რომ ადრეული შუა საუკუნეების ირლანდიაში ამ პატარა არსებებისთვის ცალკე კანონები არსებობდა, მათ მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემაზე მეტყველებს. სკებითა და სკის პროდუქტებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება ხელს უწყობდა მეფუტკრეობის გავრცელებას მთელ თემში. ინდუსტრიამდელ, ადრეული შუა საუკუნეების ირლანდიაში, სადაც საზოგადოების გადარჩენა კლიმატზე უფრო მეტად იყო დამოკიდებული, ფუტკრები სასოფლო-სამეურნეო სისტემის საკვანძო ნაწილს წარმოადგენდნენ — ისევე, როგორც დღეს.

X საუკუნის ბოლოს ირლანდიური ისტორიული ჩანაწერების ავტორებმა ფუტკრის სიკვდილიანობის ორი შემთხვევა დაასახელეს, რომელმაც ადამიანთა მასობრივი შიმშილი და სიკვდილი გამოიწვია. ეს ჩანაწერები მნიშვნელოვანია, რადგან გვაჩვენებს, რომ ადამიანები აცნობიერებდნენ, რა შეიძლება მოხდეს ფუტკრების გაქრობის შემთხვევაში.

დღეს მთელ მსოფლიოში ფუტკრის სკები მრავალი საფრთხის წინაშე დგას — ბუნებრივი გარემოს განადგურება, კლიმატის ცვლილება, მომწამვლელი ქიმიკატები და მომაკვდინებელი ინვაზიური პარაზიტები. ბეხბრეთა გვიჩვენებს: თუ სურვილი არსებობს და თემი ჩართული და დაინტერესებულია, ფუტკრების დაცვა შესაძლებელია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.