ჩინეთმა კოსმოსში პილოტირებული ხომალდი Shenzhou-23 გაუშვა, რომელიც რამდენიმე საათში კოსმოსურ სადგურ Tiangong-ს წარმატებით მიუერთდა. ეს მხოლოდ მორიგი ორბიტალური მისია არაა — მსგავსი ხანგრძლივი ფრენები და ექსპერიმენტები აუცილებელია, თუ ქვეყანა მომავალში მთვარეზე ადამიანის გაგზავნას მართლაც აპირებს. ჩინეთის გეგმის მიხედვით, ეს 2030 წლისთვის უნდა მოხდეს.

ხომალდი რაკეტა Long March 2-F-ით გობის უდაბნოში მდებარე კოსმოდრომიდან 25 მაისს გაუშვეს. ეკიპაჟი სადგურზე სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტს ჩაატარებს, თუმცა მისიის მთავარი მიზანი კოსმოსში ხანგრძლივად ყოფნის გავლენის შესწავლაა: როგორ რეაგირებს ადამიანის ორგანიზმი მიკროგრავიტაციასა თუ კოსმოსურ რადიაციაზე და რამდენად საიმედოდ მუშაობს კოსმოსური სისტემები მაშინ, როცა ეკიპაჟი ორბიტაზე თვეების განმავლობაში რჩება.

Shenzhou-23-ის ეკიპაჟში სამი წევრია, მათ შორისაა ლი ძიაინგი — პირველი ასტრონავტი ჰონგ-კონგიდან (ის ადრე პოლიციაში მუშაობდა). მისი კოლეგები არიან ჟუ იანჟუ (კოსმოსური ინჟინერი) და ჟან ჭიუანი (ყოფილი სამხედრო მფრინავი), რომლისთვისაც ეს პირველი კოსმოსური ფრენაა.

ამჯერად ერთ-ერთი ასტრონავტი კოსმოსში მთლიან წელს გაატარებს, თუმცა მისი ვინაობა ჯერ არ გაუმჟღავნებიათ. აქამდე ჩინელი ასტრონავტები ორბიტაზე ძირითადად ექვსი თვით რჩებოდნენ, ამიტომ ახალი მისია ერთგვარი გამოცდაა იმისთვის, თუ რამდენად შეძლებს ადამიანი მომავალში უფრო ხანგრძლივ მოგზაურობებს.

ასეთ პირობებში ძვლოვანი მასა და კუნთები თანდათან სუსტდება. პრობლემაა ძილის დარღვევა, ფსიქოლოგიური გადაღლა და რადიაციის ხანგრძლივი ზემოქმედებაც. სწორედ ამიტომ მიიჩნევა მსგავსი მისიები მნიშვნელოვან ეტაპად მთვარის პროგრამისთვის — სანამ ადამიანი დედამიწის ორბიტას დიდი ხნით გასცდება, მეცნიერებმა უნდა იცოდნენ, რამდენად გაუძლებს ორგანიზმი ასეთ გარემოს.

სპეციალისტების თქმით, ერთწლიანი მისია ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება, რადგან რაც უფრო დიდხანს რჩება ეკიპაჟი კოსმოსში, მით უფრო რთული ხდება როგორც ტექნიკური სისტემების, ისე ადამიანის ჯანმრთელობის კონტროლი. მომავალში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება წყლისა და ჰაერის გადამუშავების სისტემებსაც, რადგან შორეულ მისიებში წასული ეკიპაჟი დედამიწიდან მუდმივ დახმარებას ვეღარ მიიღებს.

პარალელურად, ჩინეთი ახალი კოსმოსური ხომალდის, Mengzhou-ს, შექმნაზეც მუშაობს. მან მომავალში Shenzhou უნდა ჩაანაცვლოს. ის სპეციალურად მთვარის მისიებისთვის იქნება განკუთვნილი და პირველი სატესტო ფრენა წელს იგეგმება.

ქვეყანას კიდევ უფრო მასშტაბური გეგმებიც აქვს — 2035 წლისთვის მთვარეზე საერთაშორისო სამეცნიერო ბაზის შექმნის პირველი ფაზის დაწყება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ჩინეთმა კოსმოსურ პროგრამაში მილიარდობით დოლარი ჩადო. 2019 წელს ქვეყანა პირველი გახდა, რომელმაც აპარატი მთვარის შორეულ მხარეს დასვა, ხოლო 2021-ში ჩინური მავალი მარსზე დაეშვა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.