პაპილომავირუსის ვაქცინამ ინგლისში საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილიანობა ნულამდე დაიყვანა
ფოტო: Shutterstock
ხუთშაბათს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პაპილომავირუსის ვაქცინამ საშვილოსნოს ყელის კიბოთი 30 წლამდე გარდაცვალების რისკი ინგლისში თითქმის ნულამდე დაიყვანა.
პაპილომავირუსი (HPV; Human Papillomavirus) ადამიანებში ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ვირუსია, რომელსაც 200-ზე მეტი შტამი აქვს. მათი უმეტესობა უვნებელია და თავისთავად გადის, თუმცა გარკვეული შტამები, განსაკუთრებით მე-16 და მე-18, სიმსივნეს იწვევს, პირველ რიგში კი, საშვილოსნოს ყელის კიბოს, რომელიც ქალებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. ვირუსი კანის ან ლორწოვანი გარსის კონტაქტით გადადის და ხშირად სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რომ ინფიცირებულია. პაპილომავირუსი მხოლოდ ქალებს არ ემუქრება, კაცებშიც იწვევს ანალური არხის, პენისის, ყელისა და პირის ღრუს სიმსივნეებს.
The Lancet-ში გამოქვეყნებული მონაცემებით, 2020-2024 წლებში, ინგლისში, საშვილოსნოს ყელის კიბოთი 20-24 წლის ასაკის არც ერთი ქალი არ გარდაცვლილა. ეს პირველი შემთხვევაა, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ერთი სიკვდილიც არ დაფიქსირებულა, ვაქცინამ კი, შეფასებების მიხედვით, თითქმის 200 ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე გადაარჩინა.
ამას გარდა, 2015-2019 წლებში იმავე ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილიანობა 80%-ით შემცირდა, ეს კი ქვეყნის მასშტაბის სიკვდილიანობის მონაცემების ანალიზმა გამოავლინა.
საშვილოსნოს ყელის კიბოთი გარდაცვლილი ქალების რაოდენობა ინგლისში:
- 2000-04 წლებში: 25
- 2005-09 წლებში: 16
- 2010-14 წლებში: 27
- 2015-19 წლებში: 5
- 2020-24 წლებში: 0
"პაპილომავირუსის ვაქცინაციისა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგის წყალობით, უკვე ახლოსაა მომავალი, სადაც ეს კიბო თითქმის აღარავის დაემართება", — განაცხადა Cancer Research UK-ის გენერალურმა დირექტორმა, მიშელ მიტჩელმა, რომლის ორგანიზაციამაც კვლევა დააფინანსა.
კვლევა ლონდონის Queen Mary University-ის მკვლევრებმა 12-13 წლის ასაკის აცრილ ბრიტანელ ბავშვებზე ჩაატარეს. გოგონებისთვის ვაქცინა 2008 წელს, ბიჭებისთვის კი 2019 წელს დაინერგა.
"დღემდე შეუძლებელი იყო პირდაპირ დაგვემტკიცებინა, რომ პაპილომავირუსის ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილს ამცირებს", — დასძინა Cancer Research UK-მა — "ვინაიდან აცრილი თაობა ახლა სრულწლოვანია, ეს კვლევა ეროვნულ დონეზე ყველაზე მყარ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ ვაქცინა სიკვდილისგან იცავს".
"ეს მხოლოდ აისბერგის წვერია"
კვლევის მთავარი ავტორი, პიტერ საზიენი, ორი ათწლეულის კვლევაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ვაქცინა ინფექციასაც, პრეკანცეროზულ ცვლილებებსაც და თავად დაავადებასაც თავიდან იცილებს.
"ეს პირველი კვლევაა, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს სიკვდილიანობაზე პაპილომავირუსის ვაქცინაციის გავლენას ასახავს", — განაცხადა კიბოს ეპიდემიოლოგიის პროფესორმა — "ვაქცინის დანერგვის დღიდან, საშვილოსნოს ყელის კიბოს გამო სიკვდილს ინგლისში 200-მდე ახალგაზრდა ქალი გადაურჩა. მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, აცრილი თაობების ზრდასთან ერთად სულ უფრო მეტი სიცოცხლე გადაირჩება".
Queen Mary University of London-ის განცხადებით, 12-13 წლის ასაკში აცრილ ბავშვებში 30 წლამდე საშვილოსნოს ყელის კიბოთი გარდაცვალების რისკი "თითქმის ნულის ტოლია". ამ თაობაში ვაქცინაციის მაჩვენებელი ახლოს იყო 90%-თან.
თუმცა მიტჩელი გვაფრთხილებს, რომ ბოლო წლებში ვაქცინაციის მაჩვენებელი შემცირდა და ამით მიღწეული პროგრესი "საფრთხის ქვეშ" დგება. გაერთიანებულ სამეფოში 15 წლამდე გოგონების 76-86% იცრება, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ 90%-იან ზღვარს ვერ აღწევს.
"აუცილებელია, რომ ბრიტანეთის მთავრობამ და ჯანდაცვის სისტემამ სწრაფად მიიღოს მიზნობრივი ზომები ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე მოსახლეობამდე მისაღწევად", — განაცხადა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საშვილოსნოს ყელის კიბოს გლობალური აღმოფხვრის სტრატეგია 2020 წელს წამოიწყო. 2022 წელს მსოფლიოში საშვილოსნოს ყელის კიბოს 350 000-მდე ქალი ემსხვერპლა, ახალი შემთხვევების 90%-ზე მეტი კი სწორედ პაპილომავირუსით არის გამოწვეული. გაეროს ვაქცინების ალიანსის მონაცემებით, 2025 წლის ბოლოსთვის, განვითარებად ქვეყნებში, ვაქცინით 86 მილიონზე მეტი გოგონა დაიცვეს — ეს კი მომავალში 1,4 მილიონი სიკვდილის თავიდან აცილებას ნიშნავს.
საქართველოში პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ეროვნული იმუნიზაციის პროგრამის ნაწილია და უფასოა. 10-46 წლის ქალებს, 2026 წლიდან კი 10-46 წლის კაცებსაც უფასოდ შეუძლიათ აიცრან. საქართველოში გამოიყენება 9-ვალენტიანი ვაქცინა, რომელიც პაპილომავირუსის 9 შტამისგან იცავს.
ასევე ნახეთ: საქართველოში უკვე შეგიძლიათ, პაპილომავირუსის 9-ვალენტიანი ვაქცინით უფასოდ აიცრათ
კომენტარები