"ვარდისფერი პლანეტის" ატმოსფეროში მარილის ღრუბლები გამოავლინეს
ფოტო: Robert Lea
ასტრონომებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით "ვარდისფერი პლანეტის" ატმოსფეროს უჩვეულო ქიმიური შედგენილობა გამოავლინეს. კერძოდ, დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ამ ობიექტის ღრუბლები მარილს შეიცავს.
საუბარია GJ504b-ზე, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 57 სინათლის წლით დაშორებული მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. ის 2013 წელს აღმოაჩინეს და ინფრაწითელ სურათებში მოვარდისფროდ ჩანდა, რის გამოც შესაბამისი სახელი შეარქვეს. მისი მასა იუპიტერისას დაახლოებით 25-ჯერ აღემატება, ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ GJ504b შეიძლება პლანეტა სულაც არ იყოს, არამედ ყავისფერი ჯუჯის კატეგორიას მიეკუთვნებოდეს. ასე ეწოდება ობიექტებს, რომლებმაც საკმარისი მასა ვერ დააგროვა, რათა ვარსკვლავად ქცეულიყო (მათ ვერშემდგარ ვარსკვლავებსაც უწოდებენ), თუმცა ჩვეულებრივ პლანეტებს მასით მაინც საგრძნობლად აჭარბებს.
GJ504b ხმელეთზე განთავსებული ობსერვატორიებით აღმოჩენილ ერთ-ერთ ყველაზე ცივ ასეთ ობიექტად მიიჩნევა — მისი ტემპერატურა დაახლოებით 290 გრადუსი ცელსიუსია. ამის მიზეზი შეიძლება დიდი ასაკი იყოს, რადგან "ვარდისფერი პლანეტა" 2.5-იდან 4 მილიარდამდე წლისაა (ყავისფერი ჯუჯები დროთა განმავლობაში გრილდება).
მეცნიერებმა ობიექტის ქიმიური შედგენილობა სპექტრის ანალიზის გზით შეისწავლეს. სხვადასხვა ელემენტი და ნაერთი კონკრეტული სიგრძის სინათლის ტალღას ასხივებს, რის გამოც მათი ამოცნობა შესაძლებელია. ვების ტელესკოპის მონაცემებმა აჩვენა, რომ GJ504b-ის ატმოსფეროში წყალი, ნახშირორჟანგი, მეთანი და ამიაკი გვხვდება.
თავდაპირველად ეს შედეგები მათ მოდელებს არ ემთხვეოდა, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მკვლევრებმა ატმოსფეროში მარილის ღრუბლების არსებობაზე დაიწყეს მსჯელობა. მათი თქმით, ისინი ატმოსფეროს სიღრმეში მოლეკულების ნაწილს ფარავს, რაც მიღებულ მონაცემებს ხსნის.
მეცნიერებმა სიმულაციებში სამი განსხვავებული ტიპის ღრუბელი გამოცადეს და არსებულ შედგენილობასთან საუკეთესო შესაბამისობა სწორედ მარილის ღრუბლებმა აჩვენა. მიუხედავად ამისა, GJ504b-ის ბუნება ბოლომდე გარკვეული ჯერ კიდევ არაა.
ობიექტი წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ელემენტებით უჩვეულოდ მდიდარია, რის გამოც მეცნიერებს ვერ დაუდგენიათ, პლანეტასავით ჩამოყალიბდა თუ ვარსკვლავივით. შესაბამისად, კვლავ უცნობია, GJ504b აირია გიგანტია თუ ყავისფერი ჯუჯა.
ნაშრომი გამოცემაში The Astronomical Journal გამოქვეყნდა.

კომენტარები