NASA-ს ისტორიულ მთვარის მისიამდე სულ ცოტა დრო რჩება. ფრენის ფანჯარა 2 აპრილის 02:24-ზე იხსნება და მის ფარგლებში ასტრონავტები მთვარისკენ გაემგზავრებიან. ისინი ციური სხეულის ზედაპირზე არ დაეშვებიან, თუმცა მას გარშემო შემოუვლიან.

ეკიპაჟის წევრები არიან: რიდ ვაისმანი, ვიქტორ გლოვერი, ქრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი. ისინი 1972 წლის შემდეგ პირველი ადამიანები იქნებიან, რომლებიც მთვარეს მიუახლოვდებიან. თავად მისია 10 დღე გაგრძელდება და ასტრონავტებს რაკეტა Space Launch System-ით გაუშვებენ. ეკიპაჟი Orion-ის სახელით ცნობილ სპეციალურ კაფსულში მოთავსდება.

ასევე, იხილეთ: სულ მალე ადამიანებს მთვარისკენ გაგზავნიან — რა უნდა ვიცოდეთ მისია Artemis 2-ზე

ეს მთვარეზე დაშვებისთვის (2028 წელს) მოსამზადებელი ეტაპია, თუმცა ასტრონავტები რამდენიმე მნიშვნელოვან რეკორდს დაამყარებენ. წინამდებარე სტატიაში 6 ასეთ მიღწევაზე გიყვებით.

1. პირველი ფერადკანიანი, რომელიც მთვარეს ეწვევა

ვიქტორ გლოვერი.

ფოტო: Bob Levey

ვიქტორ გლოვერი 49 წლისაა. მან კალიფორნიის შტატის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ინჟინერიის ბაკალავრის დიპლომი აიღო, შემდეგ კი სამაგისტრო სწავლება სამ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაიარა: ედვარდსის საჰაერო ძალების ბაზის უნივერსიტეტში, საზღვაო საასპირანტო სკოლასა და საჰაერო ძალების უნივერსიტეტში. ის აშშ-ის სამხედრო ძალების პილოტია. მან 40 აპარატით საერთო ჯამში 3 000 საათი იფრინა და 24 საბრძოლო მისიაში მიიღო მონაწილეობა.

გლოვერი NASA-ს 2013 წლის ასტრონავტთა გუნდში მოხვდა და სწავლა 2 წელში დაასრულა. ის SpaceX-ის მიერ NASA-სთვის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე განხორციელებული პირველი მისიის Crew-1 ეკიპაჟის წევრი იყო. გლოვერი კოსმოსში ამ ერთხელ გაფრინდა და ორბიტაზე 168 დღე გაატარა, ხოლო იქ ყოფნისას ღია კოსმოსში 4-ჯერ გავიდა.

იგი იქნება პირველი ფერადკანიანი, რომელიც დედამიწის დაბალ ორბიტას გასცდება და მთვარეს მიუახლოვდება. უნდა აღინიშნოს, რომ გლოვერი ასევე პირველი ფერადკანიანი გახდა, რომელიც 2020-21 წლებში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ეწვია და პირველი ადამიანი, რომელიც კომპანია SpaceX-ის ხომალდ Dragon-ის პილოტი იყო.

Artemis 2-ის განმავლობაში ის იქნება პირველი ასტრონავტი, რომელიც Orion-ის კაფსულის მართვას გადაიბარებს (აპარატი აქამდე ავტონომიურად ფუნქციონირებდა). ეს მაშინ მოხდება, როცა ეკიპაჟი უკვე დედამიწის ორბიტამდე მიაღწევს. ის განახორციელებს მანევრებს, რომლებიც NASA-ს სამომავლო მისიებისთვის მომზადებაში დაეხმარება. მათ შორისაა Artemis 4, რომლის ფარგლებშიც ადამიანები მთვარის ზედაპირზე დაეშვებიან.

2. პირველი ქალი, რომელიც მთვარის გარშემო იმოგზაურებს

ქრისტინა კოხი.

ფოტო: Carmen Mandato

47 წლის ქრისტინა კოხი ჩრდილოეთ კაროლინიდანაა, მან ინჟინერიის ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომები სწორედ ჩრდილოეთ კაროლინის შტატის უნივერსიტეტსა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში აიღო. ასევე, მუშაობდა NASA-ს მისიებისთვის მნიშვნელოვან სამეცნიერო ხელსაწყოებზე, მათ შორის ზონდ Juno-სა და Van Allen-ის აპარატებზე. კოხს აშშ-ის ანტარქტიკული პროგრამისა და ოკეანური და ატმოსფერული კვლევების სახელმწიფო ადმინისტრაციის სამეცნიერო სამუშაოებშიც აქვს წვლილი შეტანილი.

ის ანტარქტიდის, გრენლანდიისა და ჩრდილოეთ ალასკის ექსპედიციების წევრი იყო, ხოლო ასტრონავტების მოსამზადებელ სწავლებაში 2013 წელს ჩაერთო. ქრისტინა კოხი კოსმოსში 2019 წლის მარტში გაფრინდა და დედამიწაზე 2020 წლის თებერვალში დაბრუნდა. მან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 328 დღე გაატარა — იმაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქალმა ასტრონავტმა. გარდა ამისა, ის კოლეგა ჯესიკა მეიერთან ერთად ღია კოსმოსში გავიდა, რაც მხოლოდ ქალების მონაწილეობით პირველად მოხდა. მან ხანგრძლივი მისიის განმავლობაში ღია კოსმოსში გასასვლელად ISS სულ 6-ჯერ დატოვა.

ქრისტინა კოხი პირველი ქალი იქნება, რომელიც დედამიწის დაბალ ორბიტას გასცდება და მთვარეს გარშემო შემოუვლის. ასევე, იგი Artemis 2-ის ფარგლებში ჯერემი ჰანსენთან ერთად პირველი იქნება, რომელიც აფრენიდან დაახლოებით 40 წუთში სკამიდან ადგება და კაფსულის სასიცოცხლო დანიშნულების სისტემებს გამართავს. ასეთია, მაგალითად, ასტრონავტებისთვის ჟანგბადის მიწოდების სისტემა, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია.

3. პირველი არაამერიკელი მთვარის გარშემო

ჯერემი ჰანსენი

ფოტო: Drew Angere

50 წლის ჯერემი ჰანსენი ონტარიოდანაა. მან კოსმოსური მეცნიერებების ბაკალავრის დიპლომი და ფიზიკაში მაგისტრის წოდება კანადის სამეფო სამხედრო კოლეჯში აიღო. ის კანადის საჰაერო ძალების პოლკოვნიკია და 2004-დან 2009 წლამდე იქ პილოტად მსახურობდა. ის 2009 წელს კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტთა მესამე ნაკადისთვის აირჩიეს. მომზადება მან 2011 წელს დაასრულა და 2013-ში CAVES-ის პროგრამაში, 2014-ში კი NEEMO-ს მიწისქვეშა ექსპედიციაში მონაწილეობდა.

2017 წელს ჰანსენი NASA-სა და კანადის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტობის კანდიდატების მოსამზადებელი პროგრამის ხელმძღვანელად დაინიშნა და პირველი კანადელი გახდა, რომელმაც ეს პოზიცია დაიკავა.

ჯერემი ჰანსენი იქნება პირველი არაამერიკელი ასტრონავტი, რომელიც მთვარეს ეწვევა. ასევე, იგი მხოლოდ მეათე არაამერიკელია, რომელიც კოსმოსში იმოგზაურებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფრენა მისთვის სადებიუტოა, რადგან ეკიპაჟში მხოლოდ ისაა ისეთი, ვისაც აქამდე დედამიწა არასდროს დაუტოვებია. არის შანსი, რომ ამის გამო მას "კოსმოსთან ადაპტაციის სინდრომი" გამოუვლინდეს, რომელიც გამოუცდელი ასტრონავტების დაახლოებით ნახევარს აღენიშნება ხოლმე.

4. ყველაზე ასაკოვანი ასტრონავტი, რომელიც მთვარეს ეწვევა

რიდ ვაისმანი.

ფოტო: CHANDAN KHANNA

რიდ ვაისმანი 50 წლის ასტრონავტია, აშშ-ის შტატ მერილენდიდან. მან ინჟინერიის ბაკალავრის დიპლომი ნიუ იორკში მდებარე რენსელერის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აიღო, მაგისტრის წოდება კი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოიპოვა. ის 1999 წლიდან აშშ-ის სამხედრო ძალების ავიატორი იყო, ხოლო პილოტად იგი ახლო აღმოსავლეთში ორჯერ გაიწვიეს, ბოლოს 2003 წელს.

NASA-მ რიდი 2009 წელს ასტრონავტთა მოსამზადებელ გუნდში მიიღო. სწავლება 2011 წლამდე გაგრძელდა, 2014-ში კი ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაუშვეს. იქ მან 165 დღე გაატარა. მას შემდეგ ვაისმანი კოსმოსში არ ყოფილა. 2020 წლის დეკემბრიდან 2022 წლის ნოემბრამდე ის აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს ასტრონავტთა ოფისს ხელმძღვანელობდა.

Artemis 2-ის ფარგლებში ის გახდება ყველაზე ასაკოვანი ასტრონავტი, რომელიც მთვარეს მიუახლოვდება. საქმე ისაა, რომ მას ნახევარი საუკუნე ნოემბერში შეუსრულდა, ჯერემი ჰანსენზე 77 დღით ადრე. უნდა აღინიშნოს. რომ აქამდე ეს რეკორდი NASA-ს ასტრონავტ ალან შეპარდს ეკუთვნოდა (პირველი ამერიკელი კოსმოსში, 1961). ის 47 წლის იყო, როცა 1971 წელს განხორციელებული მისია Apollo 14-ის დროს მთვარეზე ფეხი დადგა.

5. იმაზე, შორს, ვიდრე ადამიანი აქამდე ყოფილა

Orion-ის კაფსული, რომელშიც ეკიპაჟი მოთავსდება.

ფოტო: NASA

Artemis 2-ის ეკიპაჟს "თავისუფლად დაბრუნების ტრაექტორიით" გზავნიან. ეს ნიშნავს, რომ ისინი მთვარეს გარშემო შემოუვლიან და მის მიზიდულობას დედამიწაზე დასაბრუნებელი მიმართულების მისაღწევად გამოიყენებენ. ეს იმითაა მნიშვნელოვანი, რომ პლანეტისკენ წამოსასვლელად აპარატის ძრავების სპეციალურად ამუშავება აღარ დასჭირდებათ.

ცნობისთვის, ასეთი ტრაექტორიით ბოლოს მისია Apollo 13-ის ეკიპაჟმა იმოგზაურა. ეს დაგეგმილი არ ყოფილა, არამედ ბორტზე აფეთქების გამო მთვარის ზედაპირზე დაშვების მოულოდნელად გადადებას მოჰყვა ("ჰიუსტონ, პრობლემა გვაქვს"). პროგრამის სხვა ფრენებისას ძირითადად მთვარის ორბიტაზე დროებით შედიოდნენ.

მოსალოდნელია, რომ Artemis 2-ის ეკიპაჟი დისტანციის ახალ რეკორდს დაამყარებს და იმაზე შორს წავა, ვიდრე 1970 წელს Apollo 13-მა შეძლო. ისინი პლანეტას 400 171 კილომეტრ მანძილზე დაშორდნენ, საიდანაც მთვარეცა და დედამიწაც მოჩანს. ახლა შეიძლება ეს დისტანცია 402 000 კილომეტრამდე გაიზარდოს მაშინ, როცა ასტრონავტები მთვარის შორეულ მხარეს იქნებიან და მათთან კონტაქტი დაახლოებით 40 წუთით გაწყდება. იმასაც არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული რეკორდი დიდხანს შენარჩუნდეს, რადგან მომდევნო ფრენების დროს ამგვარი ტრაექტორიის გამეორება არ იგეგმება.

6. ატმოსფეროში უსწრაფესი შემოსვლა

ასტრონავტები წყნარ ოკეანეში პარაშუტებით დაეშვებიან.

ფოტო: Mario Tama

მისიის უნიკალური ტრაექტორიის გამო Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე დაბრუნებისას ატმოსფეროში იმაზე ოდნავ მეტი სიჩქარით შემოვა, ვიდრე აქამდე სხვა რომელიმე ასტრონავტი. NASA-ს ვარაუდით, ამ დროს ხომალდის სისწრაფე საათში გადააჭარბებს 40 200 კილომეტრს, რომელიც Apollo 10-ის რეკორდია (1969).

NASA დარწმუნებულია, რომ Orion-ის კაფსულის სითბოსგან დამცავი საფარი ატმოსფეროში შემოსვლისას წარმოქმნილ მაღალ ტემპერატურას გაუძლებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ეკიპაჟი ზოგადი სისწრაფის რეკორდსაც დაამყარებს, ვინაიდან დაბრუნება კოსმოსური მისიების ყველაზე ჩქარ გადაადგილებას მოიაზრებს და აქამდე ამ სიჩქარით არცერთ ასტრონავტს უმოგზაურია.

თავად აპარატი მზის ზონდ Parker-ის რეკორდს ვერ მოხსნის. ეს ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე სწრაფი ობიექტია, რადგან მზესთან ჩავლისას მან 662 000 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია.


მისია კიდევ რამდენიმე რამის გამო იქნება "პირველი" (მათ შორის ასტრონავტებს ტუალეტი ექნებათ, Apollo-ს ეკიპაჟისგან განსხვავებით). მაგალითად, ესაა სადებიუტო ეკიპაჟიანი ფრენა Space Launch System-ისთვის და ასევე Orion-სთვის, რომლის პილოტიც ადამიანი პირველად იქნება. მისიის განმავლობაში გამოცდიან ისეთ ტექნოლოგიებსაც, რომლებიც აქამდე კოსმოსში არ დაუტესტავთ. ასეთია ოპტიკური საკომუნიკაციო სისტემა, რომელიც დედამიწასთან კავშირისთვის ლაზერებს იყენებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.