SpaceX-მა ახალი მეგარაკეტა Starship V3 გაუშვა — ნახეთ
ფოტო: SpaceX
23 მაისს კომპანია SpaceX-ის განახლებული მეგარაკეტა Starship V3-ის დებიუტი შედგა. აპარატის ეს 124-მეტრიანი მოდელი, ვერსია 3, წინამორბედებთან შედარებით უდიდესი და უმძლავრესია. იგი სამხრეთ ტეხასში მდებარე კოსმოდრომიდან Starbase თბილისის დროით ღამის 02:30-ზე აფრინდა, რაც რიგით მე-12 სუბორბიტალური საცდელი მისიის ფარგლებში მოხდა.
ცნობისთვის, რაკეტის პირველი საფეხური (ამაჩქარებელი) Super Heavy-ა, მეორე კი — Ship. ისინი Raptor-ის ტიპის ძრავებითაა აღჭურვილი და მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა შექმნილი, რათა მთვარესა და მარსზე გამგზავრება გაამარტივოს.
V3-ის გაშვებისას Super Heavy-ის 33 ძრავიდან ერთი გაითიშა და მან დედამიწაზე კონტროლირებადი დაბრუნებისთვის სპეციალური მანევრი ვერ განახორციელა. ცაში აჭრისას 6 მთავარი ძრავიდან ერთი დაკარგა Ship-მაც, მაგრამ სამიზნე სიმაღლეზე მაინც მიაღწია.
აფრენიდან 2 წუთსა და 20 წამში რაკეტის საფეხურები განცალკევდა. Super Heavy-იმ კოსმოდრომისკენ დასაშვებად ძრავების ერთწუთიანი ამუშავება სცადა, მაგრამ წარუმატებლად. წინა მისიებისგან განსხვავებით, სპეციალურ დასაჭერ კოშკში მისი დაბრუნება არ იგეგმებოდა (პოტენციური ზიანის თავიდან ასაცილებლად), არამედ ის მექსიკის ყურეში უნდა დაშვებულიყო. ასეც მოხდა, მაგრამ მისია დაგეგმილზე ადრე დასრულდა.
Ship-ს ორბიტაზე Starlink-ის ტიპის 20 სატელიტის უფუნქციო მოდელი და სპეციალურად მოდიფიცირებული 2 რეალური თანამგზავრი უნდა განეთავსებინა (რაკეტის სითბოსგან დამცავ საფარზე დასაკვირვებლად და სურათების გადასაღებად). აფრენიდან 17 წუთში, 10 წუთის განმავლობაში, ეს მოხერხდა.
Ship-ს ორბიტაზე ერთ-ერთი ძრავი ხელახლა უნდა აემუშავებინა, რაც ტრაექტორიის შეცვლისა და მთვარეზე ან მარსზე გაფრენის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნების შესაძლებლობის სადემონსტრაციოდ იყო საჭირო. ამის მიუხედავად, ერთი ძრავის დაკარგვის გამო ტესტირების ეს ნაწილი გაუქმდა.
საბოლოოდ, გაშვებიდან 50 წუთში Ship ატმოსფეროში შემოვიდა და სხვადასხვა მანევრი განახორციელა (გამძლეობისა გამოსაცდელად). იგი ოკეანეში დაეშვა და აფეთქდა, რასაც ელოდნენ.
ეს დაახლოებით ბოლო 7 თვეში Starship-ის პირველი მისია იყო. რაკეტის განვითარებას NASA-ც აკვირდება, რადგან მთვარის პროგრამაში Artemis ამ აპარატის გამოყენება განიხილება (SpaceX-ის კონკურენტი ჯეფ ბეზოსის კომპანიის Blue Moon-ია). კოსმოდრომზე სააგენტოს ხელმძღვანელი ჯარედ აიზეკმენიც იმყოფებოდა, რომელმაც კომპანიას V3-ის დებიუტი მიულოცა.
Starship-ს წინ კიდევ არაერთი ტესტირება ელის, მათ შორის ორბიტაზე საწვავის შევსებისა და მთვარეზე დაშვების სადემონსტრაციო, რადგან ეს ორივე ფაქტორი Artemis-ისთვის მნიშვნელოვანია. ვადებში ჩასატევად კომპანიამ მისიების სიხშირე უნდა გაზარდოს და NASA-ს მოთხოვნები დროულად დააკმაყოფილოს.

კომენტარები