უოლტერ უაითის ეფექტი — კიბოს დიაგნოზი და კრიმინალი
ფოტო: AMC
კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. შესაძლოა, ამან გამოიწვიოს სტრესი, შფოთვა და დეპრესია; არის სხვა შემთხვევებიც, როდესაც ადამიანი ღირებულებების გადაფასებას იწყებს.
ახალი კვლევის თანახმად, კიბოს დიაგნოზის შემდეგ ადამიანები კრიმინალისკენ უფრო მიდრეკილნი ხდებიან.
დიახ, ეს Breaking Bad-ს მოგვაგონებს, სატელევიზიო სერიალს, რომელიც მოგვითხრობს საშუალო სკოლის თავაზიანი ქიმიის მასწავლებლის შესახებ, რომელსაც კიბოს დიაგნოზი კრიმინალურ სამყაროსკენ უბიძგებს. ბუნებრივია, პაციენტების უმეტესობა ისეთივე დაუნდობელი არ ხდება, როგორც უოლტერ უაითი (სერიალის მთავარი პერსონაჟი), მაგრამ სტატისტიკა აჩვენებს, რომ დიაგნოზის შემდეგ მათი ნაწილი ქურდობასთან და ნარკოტიკების შენახვასთან ხდება დაკავშირებული.
ამ საკითხში უკეთ გასარკვევად მკვლევრებმა დანიაში არსებული მონაცემები გაანალიზეს. მათ გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა დემოგრაფიული მონაცემები, სამსახური, განათლება, შემოსავალი, ჯანმრთელობა და კრიმინალური ისტორია.
მკვლევრებმა ყურადღება გაამახვილეს 368 317 ადამიანზე, რომლებსაც 1980-დან 2018 წლამდე კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ჯანმრთელობის მონაცემებისა და ნასამართლობის ჩანაწერების შესწავლით, მათ შეძლეს პაციენტების ქცევის შედარება საკონტროლო ჯგუფთან, რომელსაც კიბოს დიაგნოზი არ ჰქონდა დასმული.
კვლევის თანახმად, თავდაპირველად, ახლად დიაგნოზირებულ პაციენტებს დანაშაულის ნიშნები არ აღენიშნებათ. მეტიც, დიაგნოზიდან პირველი წლის განმავლობაში დანაშაულის მაჩვენებელი მცირდება. ეს იმით აიხსნება, რომ ამ პერიოდში პაციენტების უმეტესობა ინტენსიურ თერაპიას გადის.
დიაგნოზის დასმიდან ორი წლის შემდეგ სტატისტიკა იცვლება: პაციენტების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ალბათობა მკვეთრად იზრდება და კიბოსწინარე საწყის მაჩვენებელს უკან იტოვებს.
ფოტო: Econ
ეს ეფექტი დიაგნოზის დასმიდან წლების განმავლობაში იზრდება. მთლიანობაში, კვლევის თანახმად, კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტებში კრიმინალი 14%-ით იზრდება.
რატომ ხდება ეს?
კვლევაში მონაწილე ყველა პაციენტს ჯანმრთელობის დაზღვევა ჰქონდა, რაც დანიაში უნივერსალურია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ დანაშაულში ჩართულებს გადაუხდელი სამედიცინო ხარჯები არ ამოძრავებდათ.
მეორე მხრივ, პაციენტების დასაქმების ალბათობა დიაგნოზის დასმის შემდეგ მცირდება და დასაქმებულებიც კი, როგორც წესი, ნაკლებ დროს მუშაობენ და ნაკლებ შემოსავალს იღებენ.
"ჩვენ შევნიშნეთ, რომ პირებს, რომლებსაც დანაშაულის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაეზარდათ, შემოსავლი შეუმცირდათ", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
მეორე მხრივ, ეკონომიკური ფაქტორების გარდა, კვლევამ სხვა სახის დანაშაულების სტატისტიკის ზრდაც გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ დანაშაულის მიმართ მიდრეკილება უფრო გაიზარდა ისეთ პაციენტებში, რომლების გადარჩენის შანსიც უფრო მცირე იყო.
კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ამ კორელაციას ბევრმა უოლტერ უაითის ეფექტი უწოდა.
კვლევას შეგიძლიათ American Economic Journal: Applied Economics-ში გაეცნოთ.
კომენტარები