"სათამაშო დედის" მეცნიერება: რას გვასწავლის პანჩის შემთხვევა და რატომ გვირჩევნია სითბო საკვებს
ფოტო: Jiji Press / AFP via Getty Images
პატარა მაკაკა პანჩი, რომელსაც დედობას რბილი სათამაშო უწევს, ინტერნეტიდან ალბათ ყველამ გავიცანით.
იტიკავას ზოოპარკში (იაპონია) მცხოვრები პანჩი დედამ დაბადებიდან მალევე მიატოვა. პატარას თავისი ხროვაც უარყოფდა. ცხოველების მომვლელებმა მას დედის შემცვლელი მოუძებნეს — პატარა მაკაკას მათ რბილი სათამაშო ორანგუტანი მისცეს. შემცვლელ დედაზე მიწებებული პანჩის ვიდეოები სოცქსელებში ვირუსულად გავრცელდა.
სათამაშოსადმი პანჩის ასეთი მიჯაჭვულობა მხოლოდ გულისამაჩუყებელი ვიდეოს სიუჟეტი როდია. იგი ჰარი ჰარლოუს, ამერკელი მკვლევრის, მიერ 1950-იან წლებში ჩატარებულ ცნობილ ექსპერიმენტებსაც მოგვაგონებს.
მიჯაჭვულობის თანამედროვე თეორიის საკვანძო პრინციპებს სწორედ ჰარლოუს მიგნებები უდევს საფუძვლად. აღნიშნული თეორია მშობელსა და ბავშვს შორის კავშირს ბავშვის განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად განიხილავს.
მარკ ნილსენი, ქუინსლენდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (ფსიქოლოგიის ფაკულტეტი), ამ თემებზე The Conversation-ისთვის მომზადებულ სტატიაში საუბრობს, ახლა კი მის ქართულად ადაპტირებულ ვერსიას კითხულობთ.
ჰარლოუს ექსპერიმენტები
ამერიკელმა მკვლევარმა ექსპერიმენტები 1950-იან წლებში ჩაატარა. მან ახალდაბადებული მაიმუნები, რეზუსის მაკაკები, დედებს ჩამოაშორა. ისინი შემოზღუდულ სივრცეში იზრდებოდნენ და ორ "დედაზე" ჰქონდათ წვდომა.
ერთი მავთულებიანი კონსტრუქცია იყო, რომელსაც დედა მაიმუნის ფორმა ჰქონდა; ამ "დედას" საკვები და სასმელი ჰქონდა პატარებისთვის. მეორე "დედა" მაიმუნის ფორმის სათამაშო იყო, რომელიც რბილი, ხაოიანი ქსოვილით იყო დაფარული. სათამაშო რბილი და კომფორტული იყო, თუმცა საკვებს ან სასმელს არ უზრუნველყოფდა; პატარა მაიმუნს მხოლოდ მასთან მიკრობა და ჩახუტება შეეძლო.
მაიმუნებს ორიდან შეეძლოთ არჩევა: ერთი "დედა" კომფორტს სთავაზობდა, თუმცა საკვები არ ჰქონდა, მეორე კი ცივი, უხეში და მავთულებიანი იყო, თუმცა მათი დანაყრება შეეძლო.
მაშინ, როცა ჰარლოუ ექსპერიმენტებს ატარებდა, ბიჰევიორისტული მიდგომა იყო გაბატონებული. ბიჰევიორისტები მიიჩნევდნენ, რომ ჩვილებში მიჯაჭვულობა იმის მიხედვით ყალიბდებოდა, თუ ვინ დააკმაყოფილებდა მათ ფიზიკურ საჭიროებებს (მაგალითად, ვინ მისცემდა მათ საკვებსა და თავშესაფარს). ჰარლოუს თავისი ცდებით იმის ჩვენება სურდა, რომ ბავშვებს მზრუნველობა, სიყვარული და სიკეთე სჭირდებათ მიჯაჭვულობის ჩამოსაყალიბებლად და არა მხოლოდ ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება.
მეცნიერმა და კვლევის შედეგებმა ბიჰევიორისტული მიდგომა ეჭვქვეშ დააყენა.
ბიჰევიორიზმის მიმდევარი იფიქრებდა, რომ მაიმუნები მთელს დროს საჭმლის მქონე მავთულებიან "დედასთან" გაატარებდნენ. ექსპერიმენტის ფარგლებში ეს არ მომხდარა — მაიმუნები ბევრად დიდ დროს ატარებდნენ რბილი ქსოვილით დაფარულ "დედასთან" მიკრულნი.
ჰარლოუმ თავისი ექსპერიმენტებით აჩვენა, რომ მიჯაჭვულობას საფუძვლად ნაზი შეხება, მზრუნველობა და სიკეთე უდევს. აჩვენა, რომ პატარები ემოციურ საზრდოს ფიზიკურზე წინ აყენებენ, როცა არჩევანის საშუალება აქვთ.
რა გავლენა იქონია ექსპერიმენტებმა მიჯაჭვულობის თანამედროვე თეორიაზე?
ჰარლოუს აღმოჩენა მნიშვნელოვანი იყო, რადგან იმ დროს მოწინავე ბიჰევიორისტული ხედვა რადიკალურად შეცვალა. გაბატონებული იყო შეხედულება, რომ პრიმატები, მათ შორის ადამიანები, დასჯისა და წახალისების საპასუხოდ ფუნქციონირებენ და ეჯაჭვებიან ნებისმიერს, ვინც კი მათ ფიზიკურ საჭიროებებს დაუკმაყოფილებს, შიმშილი იქნება ეს თუ წყურვილი.
ემოციური საზრდო ბიჰევიორისტული პარადიგმის ნაწილი არ ყოფილა, ამიტომ ჰარლოუმ თავისი ექსპერიმენტებით წინა თეორია თავდაყირა დააყენა.
მაიმუნებმა ემოციური საზრდო აირჩიეს, რაც რბილი ქსოვილით დაფარულ "დედასთან" ჩახუტებით გამოიხატებოდა, ამან კი მიჯაჭვულობის თეორიის განვითარებას დაუდო საფუძველი.
მიჯაჭვულობის თეორიის მიხედვით, ბავშვი ჯანსაღად მაშინ ვითარდება, როცა მომვლელთან მყარი მიჯაჭვულობა აკავშირებს. ამ ტიპის მიჯაჭვულობა მაშინ მიიღწევა, როცა მშობელი ან მომვლელი ბავშვს ემოციურ საზრდოს, მზრუნველობას, სიკეთესა და ყურადღებას აძლევს. მეორე მხრივ, არამყარი მიჯაჭვულობა ჩნდება, თუ მშობელი ან მომვლელი ცივი და დისტანციურია, ასევე ბავშვზე ძალადობს ან უგულებელყოფს მას.
როგორც მაკაკებში ხდება, შეგიძლიათ იმდენი აჭამოთ ბავშვს, რამდენიც დასჭირდება, თუმცა თქვენ მიმართ მიჯაჭვულობა არ ჩამოუყალიბდება, თუ სითბოსა და სიყვარულს არ მისცემთ.
რა გვასწავლა პანჩის შემთხვევამ?
ზოოპარკში ექსპერიმენტს არ ატარებდნენ, თუმცა პანჩის სიტუაცია ჰარლოუს მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტს მაინც ჰგავს. ექსპერიმენტული პირობების იმიტაცია, შეიძლება ითქვას, უფრო ბუნებრივ გარემოში მოხდა, თუმცა შედეგები მსგავსია.
როგორც ჰარლოუს მაიმუნებმა აირჩიეს რბილი ქსოვილით დაფარული "დედა", ასეთივე მიჯაჭვულობა ჩამოუყალიბდა პანჩსაც რბილი სათამაშოს მიმართ.
ზოოპარკის პირობებში პანჩს უხეში "დედის" ალტერნატივა არ ჰქონია, რომელიც დაანაყრებდა. ცხადია, მაიმუნს ეს არც სჭირდებოდა. მას ნუგეში და ნაზი, უსაფრთხო სივრცე სჭირდებოდა, სათამაშომ კი სწორედ ეს უზრუნველყო.
ჰარლოუს ექსპერიმენტები არცთუ ეთიკური იყო
მსოფლიოს დიდი ნაწილი ამჟამად მიიჩნევს, რომ პრიმატებსაც აქვთ უფლებები — ზოგჯერ ადამიანის უფლებების ეკვივალენტური. დღესდღეობით მიჩნეულია, რომ ჰარლოუს ექსპერიმენტები სასტიკი და ულმობელი იყო. როგორც ჩვილს არ მოვაშორებთ დედას ექსპერიმენტის ჩასატარებლად, ასე არც პრიმატების შემთხვევაში უნდა მოვიქცეთ.
მაკაკა პანჩი ინტერნეტის უახლეს "სელებრით ცხოველად" მოგვევლინა, თუმცა პარალელურად ემოციური საზრდოს მნიშვნელობასაც გვახსენებს — ყველას გვჭირდება ნაზი და უსაფრთხო სივრცე. სიყვარული და სითბო ჩვენი კეთილდღეობისა და ფუნქციონირებისთვის იმაზე ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ კვება.

კომენტარები