მკვლევრებმა შეისწავლეს, თუ როგორ იმოქმედა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა ტანკების, ბომბებისა და დრონების შუაგულში მცხოვრები მიუსაფარი ძაღლების ბუნებრივ გადარჩევაზე.

ლვოვის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პოლონელ და ავსტრიელ კოლეგებთან ერთად შეისწავლეს 763 ძაღლი უკრაინის სამ რეგიონში: ფრონტის ხაზთან ახლოს აღმოსავლეთში, ცენტრალურ ზონაში და შედარებით უსაფრთხო დასავლეთში.

კვლევამ აჩვენა, რომ ომის ზონაში მცხოვრებ ძაღლებს, საშუალოდ, უფრო პატარა ტანი, წვეტიანი ყურები და გრძელი ცხვირი ჰქონდათ. მკვლევრების თქმით, ეს მახასიათებლები ძაღლების ევოლუციურ წარსულთან ასოცირდება და ველურ ბუნებასთან ადაპტაციისთვის არის.

ცვლილებების მთავარი მიზეზი შიმშილია. ომის გამო საკვების რესურსი შემცირებულია. შესაბამისად, ფრონტის ხაზთან მცხოვრები ძაღლების ზომის ცვლილება შესამჩნევი იყო — ისინი უფრო პატარები იყვნენ.

როცა საქმე ეხება ძაღლს, ხშირად ადამიანები არჩევენ გარეგნობას (მოკლე ცხვირი, რბილი ყურები), მაგრამ ფრონტის ხაზთან მცხოვრებ ძაღლებში ეს ნიშნები ძალიან იშვიათია. გარემო ასეთი ძაღლებისთვის სასტიკია და ბუნებრივმა გადარჩევამ მათ თავისი კვალი დაატყო.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ფრონტის ხაზთან ძალიან ცოტა ასაკოვანი ან ავადმყოფი ძაღლი იყო. ეს ალბათ იმიტომ, რომ ისინი ექსტრემალურ პირობებს ვერ გადაურჩნენ.

ჯერ არ ვიცით, ეს ცვლილებები გენეტიკურად დიდხანს შენარჩუნდება თუ არა, რადგან ომი ძაღლების მხოლოდ რამდენიმე თაობის განმავლობაში გრძელდება. ჩანს, რომ ნიშნები — მაგალითად, "საყვარელი გარეგნობა" — გადარჩენასთან კავშირი აღარ იყო და გამრავლებას ამცირებდა.

"ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ომი შეიძლება იყოს ძლიერი და სწრაფი ბუნებრივი გადარჩევის გამომწვევი ფაქტორი", — წერენ კვლევის ავტორები.

კვლევაში ასევე ხაზგასმულია, თუ როგორ შეუძლია ომს გავლენა იქონიოს (უარყოფითად) მიუსაფარი ძაღლების კეთილდღეობაზე. ფრონტის ხაზზე მცხოვრები ძაღლების 12%-ს ხილული დაავადებები ან დაზიანებები აღენიშნებოდა.

ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ძაღლები ომში დაღუპული ადამიანების ცხედრებს ჭამდნენ. ეს ძაღლები განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და მათზე კვლევა ვერ ჩატარდა.

კვლევა ჟურნალში Evolutionary Applications გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.