მკვლევრებმა ტერმიტებში მონოგამია შეისწავლეს. კვლევის თანახმად, ამან ტერმიტების სპერმაზე იმოქმედა.

აღმოჩნდა, რომ ეს ცვლილება დაკავშირებული იყო მთელი რიგი გენების დაკარგვასთან, რამაც ცალკეულ ინდივიდებად მცხოვრები არსებები მეგა-სოციალურ ტერმიტებად გარდაქმნა. შედეგად მათი სპერმის მოძრაობა შენელდა.

"ეს კვლევა აჩვენებს, რომ სოციალური ევოლუცია არ ნიშნავს მხოლოდ ახალი თვისებების შეძენას — ზოგჯერ გარკვეული უნარები იკარგება. ტერმიტების წინაპრები მონოგამები იყვნენ, ანუ მდედრი მხოლოდ ერთ მამრთან ამყარებდა სექსუალურ კავშირს. ამ სიტუაციაში სპერმას შორის კონკურენცია აღარ არსებობდა, ამიტომ ევოლუციამ მისი სწრაფად მოძრაობისთვის საჭირო გენები ნელ-ნელა გააქრო", — ამბობს სიდნეის უნივერსიტეტის ევოლუციონისტი ნატან ლო.

მდედრი ტერმიტი (დედოფალი) მუშებისა და "მეფის" გარემოცვაში.

ფოტო: Jan Sobotnik

ტერმიტებმა სოციალურ ცხოვრებაზე გადასვლა საკვების მოპოვების გასამარტივებლად დაიწყეს.

"ტერმიტები განვითარდნენ ტარაკნებისგან, რომლებმაც ხის შიგნით ცხოვრება დაიწყეს. ჩვენი კვლევა აჩვენებს, თუ როგორ შეიცვალა მათი დნმ თავდაპირველად, როდესაც უხარისხო საკვებს მოიხმარდნენ და რა მოხდა მას შემდეგ, რაც სოციალურ მწერებად ჩამოყალიბდნენ", — განმარტავს ლო.

ტარაკნებისა და ტერმიტების შედარებისას, South China Normal University-ის ენტომოლოგმა იინგინგ კუიმ და მისმა კოლეგებმა, მათ შორის ლომ, აღმოაჩინეს, რომ ტერმიტებს აქვთ გენეტიკური მახასიათებლები გაცილებით მცირე, და მათ შორის ნაკლები გენია დაკავშირებული მეტაბოლიზმთან, საჭმლის მონელებასთან და განაყოფიერებასთან.

"გასაოცარი შედეგი ის არის, რომ ტერმიტებმა თავიანთი სოციალური ურთიერთობები უფრო რთული გენეტიკური მრავალფეროვნების დაკარგვით მიიღეს. ეს ეწინააღმდეგება საყოველთაოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ უფრო რთულ ცხოველებს, უფრო რთული გენები სჭირდებათ", — ამბობს ლო.

მეტიც, ტერმიტის ლარვა განისაზღვრება საკვების მიხედვით — რამდენს აჭმევდნენ უფროსი ძმები ან დები. სწორედ ეს წყვეტდა, ლარვას შემდგომ ბედს, გახდებოდა ის მუშა, მეფე თუ დედოფალი.

თუ ლარვა უხვად მიიღებდა საკვებს, ის უფრო სწრაფად განვითარდებოდა და მუშა ორგანიზმად ჩამოყალიბდებოდა. ნაკლები საკვები ქმნის უფრო ნელა განვითარებად რეპროდუქციულ ნიმფას. თუ ეს ნიმფები საბოლოოდ გაიზრდებიან, მათ შეწყვილება შეეძლებათ.

მუშა და ჯარისკაცი ტერმიტები გამრავლების პოტენციალის მქონე ნიმფას უვლიან.

ფოტო: Yi-kai Tea

მკვლევრების თქმით, ტერმიტები საკვების გაზიარებით სტაბილურ და რთულ სისტემას ინარჩუნებენ.

ეს შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ მონოგამია და მაღალი ნათესაური კავშირი ტერმიტებში გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო. სწორედ ამის ხარჯზე მათი რთული სოციალური სისტემის განვითარება მოხდა.

კვლევა ჟურნალში Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.