მარსზე რობოტისა და ხელოვნური ინტელექტის პირველი ერთობლივი მისია შედგა
ფოტო: YTweb
NASA-ს მიერ მარსის შესასწავლად გაგზავნილმა მავალმა Perseverance კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია. ისტორიაში პირველად, მას წითელ პლანეტაზე გასავლელი გზა, არც მეტი და არც ნაკლები, ხელოვნურმა ინტელექტმა დაუგეგმა და აპარატმაც გადაადგილებისას ამ "რუკით" იხელმძღვანელა.
ამისთვის კომპანია Anthropic-ის ჩატბოტი Claude გამოიყენეს. მისია 9-იდან 10 დეკემბრამდე პერიოდში შედგა და მავალმა მარსზე მდებარე იეზეროს კრატერში დაახლოებით 400 მეტრი მანძილი დაფარა. ხელოვნურმა ინტელექტმა მას გზა წითელი პლანეტის ქვიან ზედაპირზე "გაუკვალა", რაც არათუ ასეთი სისტემისთვის, არამედ არც ადამიანისთვისაა მარტივი.
"მავალის ყოველი სვლა ფრთხილად უნდა დაიგეგმოს, რათა თავიდან ავიცილოთ აპარატის დაცურება, გადაყირავება, ბორბლების ერთ ადგილზე ტრიალი ან გრუნტში გაჭედვა. შესაბამისად, მარსზე Perseverance-ის დაშვების შემდეგ მის მართვაზე პასუხისმგებელი ადამიანები სამოძრაო წერტილებს მაღალი სიზუსტით განსაზღვრავენ, რისთვისაც კოსმოსიდან აღბეჭდილ და აპარატის კამერების მიერ გადაღებულ სურათებს იყენებენ", — აცხადებენ NASA-ში.
ამჯერად სპეციალისტებმა მავალის მონაცემები ჯერ Claude Code-ს (Anthropic-ის პროგრამირების აგენტი) მიაწოდეს. შემდეგ ჩატბოტმა გზის დაგეგმვა დაიწყო, რისთვისაც ერთმანეთთან 10-მეტრიანი მონაკვეთები დააკავშირა, რომლებსაც ხელახლა გააანალიზებდა და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლიდა.
საბოლოო ტრაექტორია აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში შეამოწმეს, მათ შორის კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობითაც. სპეციალისტებს მხოლოდ მცირე ცვლილებების შეტანა დასჭირდათ, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უფრო მეტი ვიზუალური მონაცემი ჰქონდათ. მავალს ბრძანება მხოლოდ ამის შემდეგ გაუგზავნეს.
ინჟინრები ვარაუდობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის ამგვარი გამოყენებით მავალისთვის გზის დასაგეგმად საჭირო დრო განახევრდება და აპარატი მეტი ინფორმაციის შეგროვებასაც შეძლებს. ეს მათ ეფექტიან მეთოდად მიაჩნიათ.
NASA-სთვის ამგვარი შესაძლებლობა მნიშვნელოვანია, რადგან ტრამპის ადმინისტრაციამ მას ბიუჯეტი საკმაოდ შეუმცირა. მეორე მხრივ, ასეთი თანამშრომლობა Anthropic-ისთვისაც ხელსაყრელია, თუ ხელოვნური ინტელექტის სისტემებს შორის მაღალ კონკურენციას გავითვალისწინებთ.
კომენტარები