თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კერძო ტელევიზიები ხალხის ხარჯზე არ უნდა ფუნქციონირებდნენ. ფინანსთა სამინისტროს მიერ ტელევიზიებზე ინკასოს დადების საქმეზე კახა კალაძეს ჟურნალისტებმა კითხეს.

"თემას არ ვიცნობ, მაგრამ დავალიანება თუ აქვთ, რა თქმა უნდა, გადასახდელია. ხალხის ხარჯზე რატომ უნდა ფუნქციონირებდეს ტელევიზიები. ეს არასწორია",— ამბობს თბილისისი მერი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 25 დეკემბერს TV პირველს, კავკასიასა და რუსთავი 2-ს ფინანსური ოპერაციები შეუზღუდა. TV პირველი გადასახადის გადახდის ვადის გადაწევას ერთი თვით ითხოვდა, თუმცა მან მხოლოდ ერთდღიანი ვადა მიიღო.

რამდენიმე თვის წინ, აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე კერძო ტელევიზიებს რუსთავი 2-სა და იმედს და მის ჰოლდინგში შემავალ მაესტროს ბიუჯეტის მიმართ დავალიანებაც ყველაზე მაღალი ჰქონდა (რუსთავი 2 — 28 მილიონი, იმედი — 19 მილიონი, ხოლო მაესტრო 8 მილიონი). მაშინ ფინანსთა მინისტრმა ტელევიზიებს ვალების გადახდის გრაფიკის შეთანხმება შესთავაზა და თქვა, რომ მიმდინარე დავალიანება ყველა არხს უნდა დაეფარა.