2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარი 9.0 მაგნიტუდის ტოჰოკუს მიწისძვრიდან დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ქვეყნის თითქმის მთელი ტერიტორია ერთდროულად ნახევარი სანტიმეტრით აღმოსავლეთისკენ გადაიწია. მეცნიერებმა ახლა დაადგინეს, რომ ეს უჩვეულო მოვლენა სეისმურმა ტალღამ გამოიწვია, რომელმაც დედამიწის ბირთვამდე მიაღწია, იქიდან ასხლეტილი კი ისევ ზედაპირს დაუბრუნდა.

5-მილიმეტრიანი გადაადგილება უმნიშვნელოდ შეიძლება მოგვეჩვენოს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ტოჰოკუს მიწისძვრამ ათეულობით მეტრი სიმაღლის ცუნამი წარმოქმნა და ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის ავარია გამოიწვია. ამის მიუხედავად, ეს გადაადგილება დაახლოებით 3000-კილომეტრიან არეალს მოიცავდა, რაც მიწისძვრის მთავარ რღვევის ხაზზე თითქმის შვიდჯერ მეტია.

ასევე, იხილეთ: რატომ ხდება მიწისძვრები და რა უნდა ვიცოდეთ მათზე

მკვლევართა თქმით, განსაკუთრებით უცნაური ის იყო, რომ აღმოსავლეთით გადანაცვლება იაპონიის თითქმის მთელს ტერიტორიაზე ერთდროულად დაფიქსირდა.

"ჩვენ წინაშეა აღმოსავლეთის მიმართულებით 5-მილიმეტრიანი გადაადგილება, რომელიც იაპონიის უმეტეს ნაწილში თითქმის ერთსა და იმავე დროს, ერთნაირი მასშტაბით გამოვლინდა — მაშინ, როცა იმ მომენტში ჩვეულებრივი მიწისძვრა არ მომხდარა", — ამბობს კვლევის ავტორი, სანიანგ პარკი.

მისი თქმით, გადანაცვლება მხოლოდ ვიწრო ზოლზე არ დაფიქსირებულა. GPS-სადგურების მონაცემები აჩვენებს, რომ ამან იაპონიასთან ერთად, სავარაუდოდ, ოკეანის ფსკერიც მოიცვა. მეცნიერებმა სწორედ კატასტროფის დროს შეგროვებული GPS და სეისმური მონაცემები შეისწავლეს. მათ დაადგინეს, რომ მიწისძვრისას წარმოქმნილმა ტალღამ დაახლოებით 5800 კილომეტრით დაბლა არსებულ ბირთვამდე მიაღწია, იქიდან ასხლეტიდან 15 წუთში კი ზედაპირს დაუბრუნდა.

ჩვეულებრივ, ასეთი ტალღები დედამიწის სიღრმეებში გავლისას მნიშვნელოვნად სუსტდება, მაგრამ ტოჰოკუს მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ დაბრუნებულმა ტალღამ საკმარისი ენერგია მაინც შეინარჩუნა. მკვლევრების აზრით, თავდაპირველმა ძლიერმა რყევებმა ტექტონიკური ფილების საზღვრები შეასუსტა, რის გამოც ასხლეტილმა ტალღამ ოთხი მეზობელი ტექტონიკური ფილის ერთდროულად გადაადგილება განაპირობა.

ავტორების თქმით, ეს მონაცემები ადასტურებს, რომ მიწისძვრისას საფრთხე მხოლოდ უშუალო რღვევით არ შემოიფარგლება. მსგავსი პროცესების უკეთ შესწავლა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რეგიონებისთვის, რომლებიც სეისმურად აქტიურია.

ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.