ძალადობამ ჩამოაყალიბა შარლიზ ტერონი, მაგრამ არ განსაზღვრავს მას — ინტერვიუ
შარლიზ ტერონთან ინტერვიუ გამოქვეყნდა The New York Times-ში
ეს ინტერვიუ შარლიზ ტერონთან მართლაც გამორჩეული აღმოჩნდა. თავიდან მისი სამსახიობო კარიერის შესახებ მინდოდა საუბარი, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, როცა ნიუ-იორკში ბალეტის მოცეკვავედ გადავიდა, ტრავმის გამო ცეკვას თავი დაანება და სულ რაღაც 20 წლის ასაკში, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ბანკში სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს. გვიან ოციანებში კი შექმნა ფილმი მონსტრი, სადაც მთავარი როლი შეასრულა და ოსკარიც მოიპოვა. ამ როლისთვის სრულიად შეიცვალა გარეგნობა, რათა სერიული მკვლელი ეილინ უორნოსი განესახიერებინა. მას შემდეგ ვხედავთ როგორც შავ კომედიებში, ისე მაღალბიუჯეტიან ფენტეზი ფილმებში, თუმცა მე ყველაზე მეტად მისი, როგორც მძაფრსიუჟეტიანი ვარსკვლავის ამპლუა მაინტერესებდა ისეთ ფილმებში, როგორიცაა შეშლილი მაქსი, ძველი გვარდია და მისი უახლესი ნამუშევარი Apex, სადაც 50 წლის ასაკში ის კვლავ საოცარ ფორმაშია და ავსტრალიის ველურ ბუნებაში მდევრებს უმკლავდება.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მის ძველ და ახალ როლებზე ვისაუბრეთ, ჩვენმა საუბარმა თავიდანვე გულწრფელი და მოულოდნელი მიმართულება მიიღო. ტერონს საჯაროდ ადრეც უთქვამს, რომ მოზარდობისას დედამისმა თავდაცვის მიზნით მამამისი მოკლა. თუმცა, როდესაც ამაზე და იმ შედეგებზე ვისაუბრეთ, რაც მას შემდეგ თან სდევს, ბავშვობის მოგონებები ორივესთვის მოულოდნელი სიცხადით ამოტივტივდა.
ვუყურებდი თქვენს სამადლობელ სიტყვას 2004 წელს, როცა მონსტრისთვის ოსკარი მიიღეთ. სცენაზე დგახართ, თვალები გიცრემლიანდებათ. დედათქვენი დარბაზში ზის და თქვენ მადლობას უხდით ყველა იმ მსხვერპლისთვის, რაც გაიღო. ახლა, როცა უკან იხედებით, რას ფიქრობთ იმ ახალგაზრდა ქალზე?
პირველი, რაც თავში მომდის, არის ის, რომ სამხრეთ აფრიკელ გოგოებს ასეთი რამეები არ ემართებათ. მახსოვს, რუკას დავყურებდი და ვფიქრობდი: "ღმერთო, ჩვენ აქ, სულ ბოლოში ვართ, იქ ზევით რა ხდება?" ჩემი უდიდესი ოცნება იყო, თავი მსახიობობით მერჩინა და მეორე სამსახური არ დამჭირვებოდა. აი, ეს იყო ჩემი მიზანი. უბრალოდ მინდოდა, არც დედაზე ვყოფილიყავი დამოკიდებული და არც კაცზე. რაც შეეხება დედაჩემს, მან მართლაც ბევრი რამ გაწირა.
დიახ, ამაზე ვისაუბრებთ.
ახლა მე თავად ვარ დედა და იმის გაღება არ მიწევს, რაც მას მოუხდა. ვიცი, რაც გააკეთა და ძალიან მადლიერი ვარ.
რადგან თქვენს ოჯახზე და წარმოშობაზე ვსაუბრობთ, თქვენ სამხრეთ აფრიკაში, პატარა ფერმაში გაიზარდეთ. რა გახსოვთ იქაურობაზე და როგორი იყო თქვენი ცხოვრება?
ძალიან მკაფიოდ მახსოვს იმ ფერმაში გადასვლა. 4 წლის ვიყავი. მახსოვს, იმ ასაკში ყველაფერი ძალიან ვრცელი მეჩვენებოდა. იქ ერთი დიდი ხე იდგა, რომელიც ჭიშკართან გეგებებოდა. მახსოვს, როგორ დავძვრებოდი ამ ხეზე ფეხშიშველი და როგორი თავისუფლების შეგრძნება მქონდა. თავგადასავლები მიყვარდა. მიყვარდა შარში გახვევა და იმის კეთება, რაც აკრძალული იყო, თუმცა რეალურად ბევრი რამის ნებას მრთავდნენ. შემეძლო ჩემი ველოსიპედით უახლოეს ქალაქში წავსულიყავი ფილმების საქირავებლად.
შარლიზი 8 წლის ასაკში
ფოტო: შარლიზ ტერონი
ამან დამოუკიდებელ ადამიანად გაქციათ?
საოცრად დამოუკიდებელი ვიყავი. ჩემი მეგობრებიც ასე გაიზარდნენ, მაგრამ ჩემი დამოუკიდებლობა ემოციურმა მდგომარეობამაც განაპირობა. ჩემს სახლში ყოველთვის სტაბილურობა არ სუფევდა. ამიტომ თავს ვალდებულად ვგრძნობდი, საკუთარ თავზე მეზრუნა. როცა სახლიდან წამოვედი, უკვე ბევრ რამეში ვიყავი გამოცდილი.
სანამ იმას შევეხებოდეთ, რაც სახლში ხდებოდა... სახლს გარეთაც დიდი არასტაბილურობა იყო. 1980-იანი წლების შუა პერიოდი აპარტეიდის წინააღმდეგ ძალადობრივი აჯანყებების ხანა იყო, რის გამოც თქვენს მშობლიურ ქალაქში, ბენონიში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. იყო რეპრესიები, წინააღმდეგობა. პატარა იყავით, მაგრამ თუ გახსოვთ რამე?
ამას გვერდს ვერ აუვლიდი. ძალადობა და არეულობა სამხრეთ აფრიკაში ყოველდღიურობა იყო. ძალიან პატარა ასაკში ვნახე ისეთი რამეები, რაც არ უნდა მენახა.
კონკრეტულად თუ გახსენდებათ რამე?
ამაზე საუბარი რთულია. ვნახე, როგორ იწვოდა ადამიანი მანქანაში, გზის პირას. მოგვიანებით ისიც ვნახე, რას უშვებოდა ხალხს შიდსი. მახსოვს, ჩვენს სახლში ადამიანები საკაცეებით მოჰყავდათ, რადგან იცოდნენ, რომ დედაჩემი მათ კლინიკაში წაიყვანდა.
თქვენ ისაუბრეთ ოჯახურ პრობლემებზეც. მამათქვენი ალკოჰოლიკი იყო. როგორც ადამიანისთვის, ვისაც ოჯახში ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონია, ვიცი, რამდენად რთულია ეს ბავშვისთვის. როდის მიხვდით, რომ თქვენი ოჯახური ცხოვრება განსხვავდებოდა თქვენი მეგობრების ცხოვრებისგან?
საკმაოდ ადრე. მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი, როცა უკიდურესად მთვრალ ადამიანებს ვხედავდი და ეს მაშინებდა. ხალხი იატაკზე ფორთხავდა სიმთვრალისგან. მერე ეს სისტემატური გახდა: ყოველ პარასკევს, შაბათს, შეიძლება ოთხშაბათსაც კი. მამამ სახლში დიდი ბარი მოაწყო. ეს უჩვეულო არ იყო, ბევრ სამხრეთ აფრიკელს აქვს სახლში დასალევი ადგილი, მაგრამ მამა იქ ცხოვრობდა. ის "ფუნქციური" ლოთი იყო, მაგრამ ჰქონდა მომენტები, როცა იკარგებოდა, არ ვიცოდით სად იყო და როცა ბრუნდებოდა, საშინელ მდგომარეობაში იყო ხოლმე. ამას მოჰყვებოდა ხმაური და არეულობა. დედაჩემიც არ იყო ისეთი ქალი, ჩუმად რომ მჯდარიყო და მოეთმინა, პირდაპირ ეუბნებოდა, რომ მისი ცხოვრების წესი არ მოსწონდა. ეს იწვევდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ჩემთვის ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ ერთმანეთს "აიგნორებდნენ", დიდი ჩხუბის შემდეგ შეიძლება სამი კვირა არ ელაპარაკათ. და-ძმა არ მყავდა და სახლში სამარისებური სიჩუმე ისადგურებდა.
ფოტო: დევინ ოკტარ იალკინი / The New York Times
იყო ის თქვენ მიმართ მოძალადე?
საშიში იყო. არ მირტყამდა, კედელზე არ მანარცხებდა, მაგრამ, მაგალითად, მანქანას მთვრალი მართავდა. იყო ბევრი ლანძღვა, მუქარა, რაც საბოლოოდ ნორმად იქცა. როცა 12-13 წლის ვიყავი, მახსოვს, დედამ პირველად ახსენა სიტყვა "განქორწინება". ჩვენს გარშემო განქორწინებული არავინ იყო. ჩემი მშობლები მორწმუნეები არ იყვნენ, მაგრამ კულტურულად ეს მიუღებელი იყო. 25 წელი იყვნენ ერთად. როცა თქვა, "მგონი აჯობებს დავცილდეთო", შემეშინდა, რადგან არ ვიცოდი, ეს როგორი იქნებოდა. პირიქით, ლამის ვარწმუნებდი, რომ დარჩენილიყო, რადგან სხვა ალტერნატივა ჩემთვის უცხო იყო. მაგრამ მგონია, რომ მან იცოდა, რაც ხდებოდა და ცდილობდა, მე იქაურობას გავრიდებოდი. პანსიონშიც იმიტომ გამგზავნა, რომ სახლიდან შორს ვყოფილიყავი. კარგად ხვდებოდა, ეს ყველაფერი როგორ მოქმედებდა ჩემზე.
უცნაურია, ყველა ეს მოგონება შენახულია. ასე თანმიმდევრულად რომ ვსაუბრობთ, ყველაფერი უფრო ნათელი ხდება. ჩვეულებრივ, ადამიანებს მხოლოდ ერთი კონკრეტული ამბის გამოყოფა და იმაზე ლაპარაკი უნდათ, მაგრამ სინამდვილეში ეს წლების განმავლობაში გროვდებოდა, სანამ იმ ტრაგიკულ წერტილამდე მივიდოდით.
ამიტომაც მინდოდა თანმიმდევრულად მივყოლოდით, რადგან სხვა ინტერვიუებში აღნიშნეთ, რომ ყველა მხოლოდ იმ ერთ ამბავზე აკეთებს აქცენტს, რეალური ტრავმა კი მანამდე იყო.
მოდი, მერე რამე მხიარულზეც ვილაპარაკოთ!
აუცილებლად. არ მინდოდა ამით დამეწყო...
არა, არა, არაა პრობლემა. 15 წლის ვიყავი. მე და დედა კინოდან დავბრუნდით. მამას წაღებული ჰქონდა წინა რკინის კარის გასაღები. ჩვენს სახლში ყველა ოთახს რკინის კარი ჰქონდა, აი, ასეთ ძალადობრივ გარემოში ვცხოვრობდით, ქვეყანა სამოქალაქო ომის პირას იყო. დედამ პირველი საკეტი ვერ გააღო. ვიცოდით, მამა სადაც იქნებოდა, მისი ძმა ორი ქუჩის მოშორებით ცხოვრობდა და თუ სახლში არ იყო, იქ სვამდა. მივედით, ორივე ძალიან მთვრალი იყო. ძალიან მინდოდა ტუალეტში და ამიტომ სახლში შევვარდი. მამამ ეს უპატივცემულობად ჩამითვალა, რადგან არ გავჩერდი და ყველას არ მივესალმე. სამხრეთ აფრიკაში უფროსების პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. ის ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მაშინვე აფეთქდა: "რატომ არ გაჩერდი? ვინ გგონია შენი თავი?"
წამოვედით, მაგრამ აშკარა იყო, რომ რაღაც სხვანაირად იქნებოდა. სახლში მისვლისას დედას ვუთხარი: "მგონი მართალი ხარ, უნდა დასცილდე-მეთქი". ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას ვიტყოდი. ვიცოდი, რომ ის ჩემზე გაბრაზებული იყო. დედას ვთხოვე: "როცა დაბრუნდება, უთხარი, რომ მძინავს-მეთქი". ოთახში შევედი, შუქი ჩავაქრე და შიშით ველოდებოდი. ჩემი ფანჯარა ჭიშკრის მხარეს იყო. მისი მანქანის ტარების მანერით ვხვდებოდი, რამდენად გაბრაზებული იყო. იმ ღამეს ისე შემოვარდა ეზოში, ვერ აგიხსნით... მივხვდი, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა.
მოკლედ რომ ვთქვა: მან სახლში შემოაღწია. რკინის კარებს ესროლა, რათა შემოსულიყო და აშკარად ამბობდა, რომ ჩვენს მოკვლას აპირებდა. მისი ძმაც მასთან ერთად იყო. მივხვდით, რომ საქმე სერიოზულად იყო. დედა სეიფთან გაიქცა იარაღის გამოსატანად და ჩემს ოთახში შემოვიდა, კარებს საკეტი არ ჰქონდა და ორივენი სხეულით ვაწვებოდით. მამამ უკან დაიხია და პირდაპირ კარს დაუწყო სროლა. აი, რა არის გასაოცარი: არცერთი ტყვია არ მოგვხვედრია. თუმცა გზავნილი ნათელი იყო: "დღეს უნდა მოგკლათ". მერე წავიდა, რომ სეიფიდან საფანტის თოფი აეღო, ძმა კი აქეზებდა. დედამ კარი გამოაღო, ძმა ჯერ კიდევ იქ იდგა. დერეფანში სირბილი დაიწყო, დედამ ესროლა, ტყვია ძმას ხელში მოხვდა. მერე დედა მამას გაჰყვა, რომელიც სეიფს აღებდა მეტი იარაღისთვის და მას ესროლა.
სამწუხაროდ, ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა. ასეთი რამეები ბევრ ოჯახში ხდება. ქალებს ძალიან უსამართლოდ ეპყრობიან, ამ ქვეყანაშიც (აშშ) კი. მათ მდგომარეობას სერიოზულად არავინ აღიქვამს. მგონია, რომ არც დედაჩემს აღიქვამდა ვინმე სერიოზულად.
შარლიზი დედასთან, გერდასთან ერთად, 2004 წლის ოსკარის დაჯილდოების შემდგომ წვეულებაზე
ფოტო: Kevin Mazur/WireImage / Getty Images
მანამდე გულისხმობთ?
ჰო, რამდენად მძიმე იყო სიტუაცია. როცა საქმე გაქვს "მომხიბვლელ" ლოთთან, რომელიც ყოველთვის ეძებს მეგობრებს დასალევად და გარშემო კულტურა ამას ნორმად მიიჩნევს... სამხრეთ აფრიკაში ასე იყო: კაცები სვამენ. მახსოვს, ჩემს პატარა ძმისშვილს რომ ეკითხებოდნენ, რა უნდა გამოხვიდეო, პასუხობდა: "უნდა დავლიოო". ეს კაცობის სიმბოლო იყო.
უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ არ მინდოდა ამით დაგვეწყო...
ვფიქრობ, ამაზე უნდა ვისაუბროთ, რათა სხვებმა თავი მარტოდ არ იგრძნონ. მე მაშინ არ ვიცოდი, სხვასაც თუ გადახდენია მსგავსი რამ. მეგონა, მხოლოდ ჩვენ დაგვემართა. ახლა ეს ამბავი აღარ მტანჯავს.
თქვენ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვით და ამბობთ, რომ ეს ტრავმა თქვენს პიროვნებას არ განსაზღვრავს. თუმცა, ამან თქვენ და დედათქვენი ძალიან დაგაახლოვათ. როგორ შეცვალა ამან თქვენი ურთიერთობა?
კარგი კითხვაა. მართლაც შეიცვალა ყველაფერი. მანამდეც ახლოს ვიყავით, ერთი გუნდივით, მაგრამ იმ ღამემ ყველაფერი შეცვალა. როცა შოკიდან გამოვედი, მივხვდი, რომ მან სიცოცხლე შემინარჩუნა. ეს დიდი ამბავია.
ეს უდიდესი მსხვერპლია, რაც დედამ შეიძლება გაიღოს.
და მერე ჩვეულებრივად გააგრძელა ცხოვრება. მეორე დილით სკოლაში გამიშვა. მითხრა: "უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება". შეიძლება ეს ყველაზე ჯანსაღი გზა არ იყო, მაგრამ ჩვენთვის იმუშავა. უნდოდა, დამევიწყებინა. ფსიქოლოგები არ გვყავდა, ამიტომ მისთვის საუკეთესო თერაპია წინსვლა იყო.
და შეძელით? სადმე გამოკეტეთ ეს მოგონება?
კი. დიდი სირცხვილის გრძნობა მქონდა, რადგან ყველამ ყველაფერი იცოდა. მეგონა, ბავშვები სხვანაირად მიყურებდნენ.
გრძნობდით, რომ განგსჯიდნენ?
დიახ. მხოლოდ ერთხელ ვიხმარე ძალა, როცა ერთმა გოგომ ამაზე დამცინა. ყველას უყვებოდა, როგორ ნახა მამაჩემი მთვრალი. ეს ჩემთვის მტკივნეული თემა იყო, ის სკოლის ღონისძიებებზე მთვრალი მოდიოდა და ძალიან მრცხვენოდა. სულ ვცდილობდი გამემართლებინა, რამე ამბავი მომეგონა სიტუაციის შესარბილებლად. ასევე ვმალავდი ამ ამბავს, რადგან მძულდა, როცა ვეცოდებოდი. ეს ყველაზე საშინელი იყო, განცდა, რომ მთელი ცხოვრება ხალხს უნდა შევცოდებოდი. ამიტომ წლების განმავლობაში ვამბობდი, რომ მამა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. სკოლის მეგობრებს ვერ მოვატყუებდი, მაგრამ სამხრეთ აფრიკიდან რომ წამოვედი, ამ ვერსიას ვყვებოდი. უბრალოდ არ მინდოდა სიბრალული.
ასე რომ, წახვედით სამხრეთ აფრიკიდან. ძალიან ახალგაზრდა იყავით.
მაშინ გავხდი 16-ის.
ფოტო: დევინ ოკტარ იალკინი / The New York Times
თავიდან იტალიაში წახვედით სამოდელო სფეროში. როგორი იყო 16 წლის ასაკში ამ ყველაფერთან მარტო გამკლავება?
საოცარი იყო, რადგან ეს იყო გაქცევა. ერთადერთი, რაც მიჭირდა, დედაჩემის იქ დატოვება იყო. მაგრამ მან მითხრა: "წადი და შენი ცხოვრება ააწყვე, აქ შენთვის ახლა არაფერია".
გრძნობდით თავს მზად დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის?
ძალიან. საკუთარ თავზე ზრუნვა ვიცოდი. ეს დედამ მასწავლა, ჩემმა ცხოვრების წესმა და ქვეყანამ. ვიცოდი საჭმლის მომზადება, კერვა... იმაზე მეტი ვიცოდი გადარჩენაზე, ვიდრე ჩემს ზრდასრულ შვილებს ეცოდინებათ. ასე რომ, ვიცოდი, გადავრჩებოდი. თანაც დიდი ჟინი მქონდა, არ მინდოდა დამარცხება, რადგან უკან დაბრუნება არ მსურდა.
ეს თქვენს ახალ ფილმთან გვაახლოებს. ბოლო დროს ბევრ მძიმე როლს ასრულებთ და მე თქვენ თანამედროვეობის "ექშენ-გმირად" მიგიჩნევთ. თქვენ თავად თვლით თავს ასეთად?
"გმირის" ნაწილზე რა მოგახსენოთ...
ეს ჩემი სიტყვებია. უბრალოდ ვხედავ მსგავსებას თქვენს თვისებებს (დამოუკიდებლობას, საკუთარი გზით სიარულს) და ამ როლებს შორის. რატომ მიგიზიდათ ამ ჟანრმა?
ზოგ ფილმში მქონდა მცირე საბრძოლო სცენები და მაშინვე ვიპოვე კავშირი ჩემს საცეკვაო კარიერასთან. მომენატრა სხეულით ამბის მოყოლა.
კარგი, თქვით, რომ მხიარულ თემებზე გადავიდოდით. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით: "ყოველ ფილმს ოპერაციით ვასრულებო". ცოტა ჩავეძიე ამ საკითხს...
ოჰ, დაიწყო...
ამ ახალი ფილმის, Apex-ის შემდეგ, იდაყვზე ორი ოპერაცია დაგჭირდათ.
დიახ, ორი.
შარლიზი და ტარონ ეგერტონი ფილმ Apex-ში, 2026
ფოტო: Kane Skennar/Netflix
ასევე ფეხის თითი მოიტეხეთ. ძველი გვარდიის გადაღებისას ტრავმებით თამაშობდით როლს და მერე მარცხენა ხელზე სამი ოპერაცია გაიკეთეთ.
ასეა.
ატომურ ქერათმიანში ორი კბილი ჩაიმტვრიეთ...
ჰო, ორი უკანა კბილი საერთოდ ამომიღეს, ისე იყო დაფშვნილი.
ხუთი დღე იწექით საავადმყოფოში იმიტომ, რომ ბორატის ყურებისას ბევრი იცინეთ? ეს ცოტა ვერ გავიგე, თიაქარი იყო?
(იცინის) ფილმ ეონ ფლაქსის გადაღებისას კისრის მალის დისკის თიაქარი დამემართა. კისრით დავეცი და ძალიან სერიოზული ტრავმა იყო, პარალიზებამდე ცოტა მაკლდა. გადაღებები შეაჩერეს. წოლითი რეჟიმი მქონდა, ფიზიოთერაპია, ოპერაცია არ უნდოდათ. მგონია, რომ ეს შეცდომა იყო, რადგან 8 წელი ქრონიკული ტკივილებით ვიტანჯებოდი. ის დისკი ნერვებთან იმდენად ახლოს იყო, რომ პატარა არასწორ მოძრაობაზეც კი კვირების განმავლობაში ვიჭედებოდი. ბორატის ამბავი კი იმიტომაა სასაცილო, რომ იმდენი ვიცინე, ეს დისკი ნერვებში ჩაიჭედა. მართლა ცუდად ვიყავი.
ეგ სულაც არ ყოფილა სასაცილო ამბავი! საშინელებაა.
ახლა კი გვეცინება! იმ ღამესვე კერძო თვითმფრინავით ლოს-ანჯელესში გადამიყვანეს. როცა პირველი შვილი შემეძინა, ექიმს ვუთხარი: "მინდა ოპერაცია გავიკეთო, რადგან არ მინდა შვილი მყავდეს და ხელში ვერ ავიყვანო-მეთქი". ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.
ბევრს ვიცნობ, ვინც ქრონიკული ტკივილით ცხოვრობს. ეს ძალიან დამთრგუნველია. როგორი იყო ეს თქვენთვის?
საშინელი. სულ გაქვს შიში: "არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამის გაკეთებას". თან ცხოვრების საუკეთესო წლებში ვიყავი. 8 წლის შემდეგ ისე გამოვიფიტე, რომ ოპერაციას აქ თუ არ გამიკეთებდნენ, სხვა ქვეყანაში წავიდოდი. გარდა ამისა, ბევრ ოპიოიდს ვსვამდი ტკივილისთვის და მამაჩემის გამოცდილებიდან გამომდინარე, სულ მეშინოდა დამოკიდებულების. მადლობა ღმერთს, ასე არ მოხდა, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები, ეს ძალიან უპასუხისმგებლობა იყო.
ჩემს შემთხვევაში, ალბათ, აღარ მომინდებოდა მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მონაწილეობა და თავს გავუფრთხილდებოდი. თქვენ რატომ წახვედით საპირისპირო მიმართულებით?
არ მინდოდა, რამეს ჩემი ცხოვრება წაერთმია. მგონია, ეს იმის ბრალიცაა, რომ სიკვდილს ადრეულ ასაკში ბევრჯერ შევხვდი. კარგად ვიცი, რომ დრო ძალიან სწრაფად გადის. შეიძლება ამ შენობიდან გავიდე, გზაზე გადავიდე და მორჩეს... ამიტომ არ მინდოდა "უსაფრთხო" ცხოვრებით მეცხოვრა. არა, უგუნური არ ვარ, მეც მეშინია, მაგრამ როცა სიკვდილის წინ საწოლში ვიწვები, მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი გავაკეთე, რაც მინდოდა.
მგონი, გული აგიჩუყდათ...
არა! (იცინის) არ ვიცი, რაზე ლაპარაკობთ.
რამ აგაღელვათ?
იმაზე ფიქრმა, რომ სიცოცხლე ასეთი ძვირფასი და ლამაზია. (უფრო ტირის) გაჩერდით! არა, ეს ინტერვიუში არ ჩასვათ. ძალიან სენტიმენტალური და სულელურია.
სულაც არაა.
სისულელეა. მართლა სისულელეა.
ფოტო: დევინ ოკტარ იალკინი / The New York Times
მგონია, რომ ახლა ნამდვილ შარლიზს ვხედავ, ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ არ უნდა საკუთარ ემოციებთან კონტაქტი.
სასაცილოა, ხალხს ჰგონია, რომ "მკაცრი ძუკნა" ვარ. ბევრს ცივი ვგონივარ, რადგან თავდაჯერებული ვჩანვარ და საკუთარ თავზე ზრუნვა შემიძლია. ზოგჯერ ცოტა უხეშიც ვარ და ხალხი ამას სიმტკიცედ აღიქვამს. სინამდვილეში კი პირიქითაა. ჩემს შვილებს რცხვენიათ ჩემი, რადგან ნებისმიერ წვრილმანზე შეიძლება ავტირდე. მგონი, იმიტომაც ვარ კარგი მსახიობი, რომ ამ ემოციებამდე მისვლა ადვილად შემიძლია. მაქვს უნარი, ყველაფერი ძალიან ღრმად ვიგრძნო.
მოდით, ისევ ფილმს დავუბრუნდეთ. თქვენ თამაშობთ მთამსვლელს, რომელსაც ავსტრალიის ჯუნგლებში მისდევენ.
– მეკლდეურს! კარგად მოემზადეთ (ვიცინით).
გმადლობთ. რა ფსიქოლოგიური სირთულეები ახლავს ასეთ ფილმებს? ეს ხომ მხოლოდ ფიზიკური გამოწვევა არაა.
ცეკვა ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ იყო, რაც კი ოდესმე გამიკეთებია. მოცეკვავეები სუპერგმირები არიან, რასაც ისინი საკუთარ სხეულს უშვებიან სრულ სიჩუმეში...
ბოდიში, ტიმოთი შალამე... იმედია ოდესმე შევხვდები. ეს ძალიან უპასუხისმგებლო კომენტარი იყო ხელოვნების იმ ორ დარგზე (ცეკვა და სიმღერა), რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებათ. 10 წელიწადში ხელოვნური ინტელექტი შეძლებს ტიმოთის საქმის გაკეთებას, მაგრამ ის ვერასდროს შეცვლის სცენაზე ცოცხლად მოცეკვავე ადამიანს. ცეკვამ მასწავლა დისციპლინა, სტრუქტურა, შრომა და სიმტკიცე. ეს თითქმის ძალადობრივი პროცესია. ბევრჯერ მქონია სისხლის მოწამვლა იმ მაზოლების გამო, რომლებიც არასდროს ხორცდებოდა. დასვენების დღე არ არსებობს, პირდაპირი მნიშვნელობით, ფეხსაცმელში სისხლი მოგდის, შენ კი აგრძელებ. ესაა მენტალიტეტი, არასდროს დანებდე, სხვა გზა არ არსებობს.
ფილმში Apex დაძაბულობა მხოლოდ ფიზიკური საფრთხიდან კი არ მოდის, არამედ იქიდანაც, რომ თქვენ, როგორც ქალი, გარემოებებისგან თავს საფრთხეში გრძნობთ. ფიქრობთ, რომ ქალი ექშენ-გმირები სხვანაირ დრამატულ დაძაბულობას ქმნიან, ვიდრე კაცები?
რა თქმა უნდა. ზოგ კაცს უჭირს იმის გაგება, რომ ქალისთვის ავტოსადგომზე ჩასვლა ერთ-ერთი ყველაზე საშიში რამაა. სულ უკან ვიხედები და ვცდილობ მანქანაში სწრაფად ჩავჯდე. არ მგონია, ბევრი კაცი ფიქრობდეს ამაზე. ჩვენ სხვაგვარი მენტალიტეტი გვაქვს, იძულებულები ვართ, გვქონდეს. ეს საინტერესო პერსონაჟებად გვაქცევს. ჩვენ სხვაგვარად ვუტევთ. კაცებივით ვერ ვიჩხუბებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩხუბი არ შეგვიძლია. არასდროს ვცდილობ კაც კოლეგებს ვაჯობო.
რეალურ ცხოვრებაში თუ შეგიძლიათ ჩხუბი? შეძლებდით ვინმეს დაგდებას?
მგონია, რომ მებრძოლი სული მაქვს და გადარჩენის ინსტინქტი მმართავს. ზოგჯერ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტექნიკა. შეიძლება ბევრმა ჩემზე უკეთ იცოდეს ილეთები, მაგრამ თუ საქმე ჩემს სიცოცხლეს ეხება, ფსონს საკუთარ თავზე ჩამოვალ.
კომენტარები