გაიცანით ქვიშის კატა, რომელიც ძაღლივით ყეფს — რა ვიცით ამ პაწაწინა არსებაზე
ფოტო: Eva Kohoutova/Shutterstock.com
კატისებრთა წარმომადგენლებზე შეიძლება, პირველ რიგში, ვეფხვები და ლომები გვახსენდებოდეს, მაგრამ ამ ოჯახში ბევრად პატარა და საყვარელი არსებებიც შედიან. ერთ-ერთი მათგანი ქვიშის კატაა (Felis margarita), რომელიც ფიზიკურად მომხიბვლელიცაა და ერთი საინტერესო თვისებაც გამოარჩევს — ძაღლივით ყეფს.
ქვიშის კატა ნამდვილად პაწაწინაა: მისი სხეულის სიგრძე სულ რაღაც 45-იდან 57 სანტიმეტრამდე მერყეობს, თუმცა კუდის ზომა 28-35 სანტიმეტრს აღწევს. რა თქმა უნდა, ასეთი მომცრო ტანის გამო ამ ცხოველის მასაც არაა დიდი, კერძოდ ის 1-იდან 3 კილოგრამამდეა.
პატარა ზომის სხეულის მიუხედავად, ეს კატები გარემოსთან კარგად არიან ადაპტირებულნი. ისინი ძირითადად ღამით აქტიურდებიან და პოტენციური მსხვერპლის დასაფიქსირებლად თავიანთ მკაფიო სმენას იყენებენ.
Felis margarita-ს წარმომადგენლები მეტწილად მარტონი არიან, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეჯვარების პერიოდში ერთადაც იყრიან თავს. სწორედ შეწყვილებისთვის ყურადღების მისაქცევად იყენებენ ისინი უჩვეულო ხმებს, რომლებიც ძაღლის ყეფას მოგვაგონებს და ასეთი მომცრო არსებისთვის საკმაოდ უჩვეულო ჟღერადობაა. ეს "ძახილი" ხმამაღალია, რაც მათ პარტნიორის მოძიებაში ეხმარება, თუ ქვიშის კატების განსაკუთრებულად კარგ სმენასაც გავითვალისწინებთ.
საინტერესოა, რომ Felis margarita კატისებრთა ერთადერთი სახეობაა, რომელიც ექსკლუზიურად უდაბნოში ცხოვრობს. ქვიშიან გარემოში მათ პატარა ფრინველებისა და ისეთი მომცრო მღრღნელების დაჭერა უადვილდებათ, როგორებიც მექვიშიები და მიწის კურდღლები არიან.
ზოგჯერ ეს კატები რეპტილიებითაც იკვებებიან და, მაგალითად, საჰარის უდაბნოში ქვიშის გველგესლებსაც ხოცავენ. არის შემთხვევები, როცა მსგავს ნადავლს ისინი მარხავენ და მის შესაჭმელად იმ ადგილზე მოგვიანებით ბრუნდებიან.
რაც შეეხება მათ ჰაბიტატს, ისინი ჩრდილოეთ ამერიკაშიც დაუფიქსირებიათ და აზიის ნაწილშიც, ამიტომ გავრცელების ზუსტი არეალი უცნობია. სამაგიეროდ, ვიცით, რომ ისინი უპირატესობას არაბეთის ნახევარკუნძულის, მაროკოს, პაკისტანის, ყაზახეთისა და სირიის ტერიტორიაზე არსებულ უდაბნოებს ანიჭებენ.
ცხელი ქვიშისგან მათ თათების ხშირი ბეწვი იცავს, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ზოგჯერ მსხვერპლი სწორედ ქვიშიდან ამოჰყავთ. ეს იმასაც ნიშნავს, რომ გადაადგილებისას ისინი კვალს თითქმის არ ტოვებენ, რაც მეცნიერთა მიერ მათ დაფიქსირებას კიდევ უფრო მეტად ართულებს.
კომენტარები