კანიბალიზმი ბუნებაში გავრცელებულია (უფრო მეტად მწერებში) და ევოლუციის განმავლობაში მან გველების რამდენიმე ჯგუფშიც იჩინა თავი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს მეტწილად იმ გარემოს გამოწვევებთან უნდა იყოს დაკავშირებული, რომელშიც მსგავსი ქვეწარმავლები ცხოვრობენ.

სპეციალისტებმა გველებში კანიბალისტური ქცევის დაახლოებით 500 დოკუმენტირებული შემთხვევა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ეს ფენომენი ევოლუციისას მათში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად სულ მცირე 11-ჯერ ჩამოყალიბდა. ავტორების თქმით, ამგვარი ქცევები განსხვავებულ კონტექსტში ვლინდება, მაგრამ, საერთო ჯამში, კანიბალიზმი გველებისთვის სარგებლის მომტანია. ეს იმიტომ, რომ ისინი ხშირად არიან სიტუაციაში, რომლის დროსაც გადასარჩენად ოპტიმალური კვებითი სტრატეგია აუცილებელია.

სულ უფრო მეტს ვიგებთ იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება იყოს დაკავშირებული კანიბალიზმი რაიმე სარგებელთან (ადრე საწინააღმდეგოს ფიქრობდნენ). მაგალითად, არაა გამორიცხული, ასე მშობლები შთამომავლობის რაოდენობას აკონტროლებდნენ ან რესურსების ნაკლებობისას ენერგიას ამ გზით იღებდნენ.

გველებში კანიბალიზმი ცალკეული შემთხვევების სახითაა დაფიქსირებული, როგორიცაა საფრანგეთში მობინადრე ჩვეულებრივი ხვლიკიჭამიების მიერ მდედრების შეჭმა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, საკვების სიმწირე იყო, განსაკუთრებით შეჯვარების სეზონის მიღმა პერიოდებში (შეჯვარების სეზონზე ამგვარი ქცევა გამრავლების შესაძლებლობას შეუშლიდა ხელს).

კვლევის თანახმად, კანიბალიზმი გველების 207 სახეობაში იჩენს თავს. ისინი სხვადასხვა ჯგუფს მიეკუთვნებიან და თითქმის ყველა კონტინენტზე გვხვდებიან. მათ შორის არიან როგორც ბუნებაში მცხოვრები, ისე დამწყვდეული ქვეწარმავლებიც, თუმცა ამგვარი ქცევა ყველაზე ხშირი სამ ოჯახშია, ესენია: ანკარასებრნი, გველგესლასებრნი და ასპიტისებრნი.

  • ანკარასებრნი გველების ყველაზე დიდი ოჯახია და კანიბალიზმის დოკუმენტირებული შემთხვევების 29% სწორედ მასზე მოდის. როგორც წესი, ისინი გველებს თავს არ ესხმიან, ამიტომ მეცნიერები მსგავსი ქცევის პოტენციურ მიზეზად საკვების ნაკლებობას ასახელებენ;
  • გველგესლასებრნში კანიბალისტური ქცევის 21% დაფიქსირდა, მაგრამ მეტწილად დამწყვდეულ ინდივიდებში. ამის გამო მიაჩნიათ, რომ ეს შეიძლება პატარა სივრცესთან და ლიმიტირებულ საკვებთან ასოცირებულ სტრესორებს გამოეწვია;
  • ასპიტისებრნში კანიბალიზმის შემთხვევების 19% გამოვლინდა, რაც მეცნიერებისთვის მოულოდნელი იყო. საქმე ისაა, რომ ამ ოჯახში შემავალი კობრები ველურ ბუნებაში სხვა გველებს ხშირად ესხმიან თავს, ამიტომ ეგონათ, რომ მათში კანიბალიზმი უფრო გავრცელებული იქნებოდა.

ამ გველების 47.7%-ის კვების რაციონი ბევრ წყაროს აერთიანებს, ანუ მათი დიეტა მოქნილია და აუცილებლობისას კანიბალიზმსაც მოიაზრებს. ამის მიუხედავად, შესაძლოა, ეს მრავალფეროვან დიეტასთან სულაც არ იყოს კავშირში, რადგან პროცენტული მაჩვენებელი არც ისე მაღალია. სამაგიეროდ, გარკვეული ასოციაცია გამოვლინდა ყბის სტრუქტურასთან, რადგან კანიბალიზმი მხოლოდ იმ სახეობებშია, რომელთა წარმომადგენლებიც პირს ფართოდ აღებენ.

გველები ყველა კონტინენტზე გვხვდებიან, ანტარქტიდის გარდა. შესაბამისად, მათ ევოლუციის განმავლობაში სხვადასხვა გარემოსთან ადაპტაცია უწევდათ. ამის გათვალისწინებით გასაკვირი სულაც არაა, რომ მათში კანიბალიზმი ევოლუციის მთლიან ისტორიაში 11-ჯერ ჩამოყალიბდა, რადგან შეიძლება ზოგჯერ ეს გადარჩენის ერთადერთი გზა ყოფილიყო.

ნაშრომი გამოცემაში Biological Reviews გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.