სამხრეთ კალიფორნიაში ორი ძირითადი ტექტონიკური ნაპრალი გვხვდება: სან-ანდრეასი და სან-ხასინტო. ამ ადგილებში დიდი ტექტონიკური ფილები ერთმანეთს ხვდება, რაც ზოგჯერ ძლიერ მიწისძვრებს იწვევს. აღნიშნულ რეგიონში პატარა მიწისძვრები ხშირია, შედარებით ძლიერი მიწისძვრები კი კატასტროფულიც შეიძლება იყოს.

ახალი ნაშრომის თანახმად, კალიფორნიაში დედამიწის ქერქში ბევრად მეტი ენერგიაა დაგროვილი, ვიდრე ბოლო 1000 წლის განმავლობაში ყოფილა. ეს შეიძლება დამანგრეველ მიწისძვრებთან იყოს დაკავშირებული, თუმცა უცნობია, როდის უნდა ველოდოთ ბუნებრივ კატასტროფას.

საფრთხე ძირითადად ლოს-ანჯელესს ემუქრება, რადგან კახონის უღელტეხილი სწორედ აქ მდებარეობს. დიდი მიწისძვრა ერთი ტექტონიკური ნაპრალიდან მეორეში მისი გავლით შეიძლება გადავიდეს.

ახალი ნაშრომის ავტორებმა მიწისძვრების 1000-წლიანი ისტორიის მოდელი შექმნეს. აღმოჩნდა, რომ ტექტონიკური დატვირთვა (რომელიც ერთეულ ფართობზე მოდებული ძალით გაზომეს) 1857 წლის შემდეგ გროვდება. ამ წელს ლოს-ანჯელესში 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მოდელის შექმნის მიზანი იმის დადგენა იყო, თუ როგორ ცვლის თითოეული მიწისძვრა მიმდებარე რეგიონებზე დატვირთვას და როგორ გროვდება ეს ენერგია მიწისძვრებს შორის.

გუნდმა კახონის უღელტეხილს ახალი სახელიც კი დაარქვა: "მიწისძვრათა კარიბჭე". სწორედ ეს ადგილი განსაზღვრავს, სეისმური აქტივობა მხოლოდ ერთ ტექტონიკურ რღვევას შეეხება თუ მიმდებარე რღვევებზეც გადავა. აღმოჩნდა, რომ 1857 წლის მიწისძვრა მხოლოდ ერთ რღვევას შეეხო, 1812 წლის სეისმური აქტივობა კი მომიჯნავე რღვევებზეც გავრცელდა.

ნაშრომის ავტორები განმარტავენ, რომ ამჟამინდელ დატვირთვის დონეებს შორის არსებული დინამიკა კრიტიკულ შუალედს უახლოვდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ კახონის უღელტეხილის რეგიონი ძალიან მჭიდროდაა დასახლებული. ამასთან, იქ მნიშვნელოვანი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურებია.

საინტერესოა ისიც, რომ ნაშრომში წარდგენილი მოდელი მსოფლიოს სხვა რეგიონებსაც შეგვიძლია მოვარგოთ. კვლევა გამოცემაში Journal of Geophysical Research გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.