ხელოვნური ინტელექტი (AI) საქმეების ავტომატიზაციისთვის შესანიშნავი ინსტრუმენტია — ან საბოლოოდ გახდება მაინც — თუმცა სამსახურში საქმეს თუ გაგვიმარტივებს? სწორედ ეს საკითხი გამოიკვლიეს ჰაასის ბიზნესსკოლის მეცნიერებმა (კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი), რიგითი თანამშრომლებისთვის კი შედეგები არც ისე დამაიმედებელია.

ნაშრომზე მკვლევართა გუნდის წევრებმა — არუნა რანგანათანმა და სინცი მეგი იემ — ისაუბრეს Harvard Business Review-სთვის დაწერილ სტატიაში. ისინი ორას თანამშრომლიან ტექნოლოგიურ კომპანიის აკვირდებოდნენ 8 თვის განმავლობაში. დაადგინეს, რომ AI-მ სამუშაო დატვირთვა კი არ შეამცირა, არამედ, პირიქით, გააძლიერა.

შენიშნეს სამუშაო დატვირთვის ე. წ. მცოცავი ზრდა, ანუ თანამშრომლებმა იმაზე მეტი დავალება იტვირთეს, ვიდრე მათი შესრულება გრძელვადიან პერსპექტივაში შეეძლოთ. ამან შეიძლება ერთგვარი მანკიერი წრე შექმნას, რომელიც დაღლილობით, გადაწვითა და შესრულების ხარისხის გაუარესებით მთავრდება.

"ადრე ფიქრობდი, რომ AI-ს დახმარებით უფრო პროდუქტიული იქნებოდი, ამით კი დროს დაზოგავდი და შეძლებდი ნაკლები გემუშავა", — უთხრა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მკვლევრებს — "მაგრამ სინამდვილეში ნაკლებს არ მუშაობ. მუშაობ იმდენივეს ან უფრო მეტსაც".

კვლევაში მონაწილე ტექნოლოგიურმა კომპანიამ თანამშრომლები AI ინსტრუმენტებით უზრუნველყო, თუმცა მათი გამოყენება სავალდებულო არ ყოფილა — თანამშრომლებს ეს მოხალისეობრივად შეეძლოთ.

მკვლევრებმა აღწერეს, რამდენმა თანამშრომელმა დაიწყო AI ინსტრუმენტების გამოცდა. თავიდან ენთუზიაზმით უდგებოდნენ, რადგან "ხელოვნურმა ინტელექტმა 'მეტის კეთება' გახადა შესაძლებელი, ხელმისაწვდომი და ხშირად შინაგანი კმაყოფილებაც მოჰქონდა". თანდათან ზოგიერთმა თანამშრომელმა მეტი ისეთი დავალებების შესრულება დაიწყო, რომელთაც მანამდე სხვას გადააბარებდნენ ან რომლებიც დამატებითი კადრის აყვანის საფუძველი გახდებოდა.

ამის მიუხედავად, როგორც კი სიახლის შეგრძნება ქრებოდა, თანამშრომლები აცნობიერებენ, რომ იმაზე მეტი საქმე იტვირთეს, ვიდრე შესრულება შეეძლოთ. AI-ს გამოყენებას მოჰყვა სხვა შედეგებიც, რომლებმაც მთელს სამუშაო გარემოზე იქონია გავლენა. მაგალითად, ინჟინრებს უფრო მეტი დრო ეხარჯებოდათ კოლეგების მიერ AI-ით გენერირებული კოდის გასასწორებლად.

გარდა ამისა, AI-ს გამო მოხშირდა "მულტიტასკინგი" — ზოგიერთი თანამშრომელი კოდს ხელით წერდა, სანამ ფონურ რეჟიმში ერთი ან რამდენიმე AI აგენტი საკუთარ ვერსიას აწვდიდა. ერთ დავალებაზე კონცენტრირების ნაცვლად, მათ მუდმივად უწევდათ ყურადღების გადატანა, ეს კი "მუდმივი ჟონგლიორობის" განცდას ქმნიდა.

სხვებმა შენიშნეს, რომ ნელ-ნელა AI-მ მათ თავისუფალ დროშიც "შეაღწია" — თანამშრომლები AI ინსტრუმენტებს შესვენებისას, შეხვედრების დროს ან კომპიუტერიდან ადგომამდეც იყენებდნენ. მკვლევრების თქმით, ამან სამუშაოსა და დასვენებას შორის არსებული ზღვარი გააქრო; ამის გამო ზოგიერთი თანამშრომელი თავისუფალს დროს ძალების აღდგენის საშუალებად ვეღარ აღიქვამდა.

შეიძლება ითქვას, AI ინსტრუმენტებმა მანკიერი წრე შექმნა: მათი გამოყენებით "კონკრეტული დავალებების შესრულება დაჩქარდა, რამაც სისწრაფეზე მოლოდინები გაზარდა; მეტი სისწრაფის გამო მუშაკები მეტად დამოკიდებულნი გახდნენ AI-ზე. გაზრდილი დამოკიდებულების შედეგად ისინი მეტი რამის კეთებას ცდილობდნენ, გაზრდილი მასშტაბის გამო კი კიდევ უფრო გაიზარდა სამუშაოს რაოდენობა და ინტენსივობა".

მკვლევართა მიგნებები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმის სასარგებლოდ, რომ AI შეიძლება სულაც არ აუმჯობესებდეს პროდუქტიულობას — მიუხედავად AI ინდუსტრიის საპირისპირო დაპირებისა. არასახარბიელო ვითარებაზე NEXT.On.ge-ს გვესაუბრა მკვლევარი ნიკი სანიც, რომელმაც ჩინეთში სამუშაო ადგილებზე AI-ს გავლენა იკვლია.

იხილეთ: 3 რამ, რაც ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით არასწორად გვესმის — ინტერვიუ ნიკი სანთან

MIT-ის კვლევის მიხედვით, შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა არ ჰქონია იმ კომპანიათა უმრავლესობას, რომლებმაც AI დანერგა. სხვა კვლევამ აჩვენა, რომ AI აგენტები ხშირად ვერ ასრულებენ ჩვეულებრივ დისტანციურ ან საოფისე დავალებებს.

მინიმუმ ერთი ნაშრომის ფარგლებში ისიცაა აღწერილი, რომ მუშაკები AI-ს გამოყენებით დავალებებს უხარისხოდ ასრულებდნენ, შემდეგ კი საქმე მათი თანამშრომლების გამოსასწორებელი ხდებოდა; საბოლოო ჯამში ეს სამუშაო ადგილზე უსამართლობის შეგრძნებასა და ბრაზს იწვევდა, ამის გამო კი პროდუქტიულობა იკლებდა.

მუშაკებს ტექნოლოგიების მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულება აქვთ — ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვის ფარგლებში თეთრსაყელოიანთა 40% (არამენეჯერული როლების მქონე) ფიქრობდა, რომ AI სამსახურში არანაირ დროს არ უზოგავდა.

ჰაასის ბიზნესსკოლის მკვლევრები გვირჩევენ, რომ კომპანიებმა უკეთესი გაიდლაინები და სტრუქტურა უნდა შეიმუშაონ ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით. ცხადია, სამსახურში AI-ს გამოყენებამ მარტივად შეიძლება მიგვიყვანოს უარყოფით — და არც ისე მარტივად სამართავ — შედეგებამდე, ამ შედეგებზე კი ჯერაც ბევრია საკვლევი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.