ბარსელონას მეტროში საკონტაქტო ელექტროქსელის დამცავ საფარზე გაჩენილმა ხანძარმა მგზავრების ევაკუაცია და მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, კვამლის ჩასუნთქვის გამო სამედიცინო დახმარება 100-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა.

ინციდენტი 27 ივლისს, დღის მეორე ნახევარში, მოხდა, როდესაც მატარებლის ეკიპაჟმა გვირაბში ხანძარი შენიშნა. მგზავრები საგანგებო სამსახურების დახმარებით ფეხით გაიყვანეს გვირაბიდან, რის შემდეგაც მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქრეს.

შემთხვევის გამო ერთი სადგური (Glòries) სადგური დაიხურა, ერთ სადგურზე (Clot) მეტროს მოძრაობა შეჩერდა. შეფერხება L2 ხაზის მოძრაობის ინტენსივობაზეც აისახა. დაზიანებული მონაკვეთის მოსამსახურებლად მგზავრებისთვის ალტერნატიული ავტობუსების მარშრუტი დაინიშნა.

კატალონიის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის (SEM) ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება 137 ადამიანს აღმოუჩინეს, უმეტესობას — კვამლის ჩასუნთქვის გამო. მიუხედავად დაზარალებულთა რაოდენობისა, არც ერთ მათგანს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ აღენიშნებოდა.

დაზარალებულები ბარსელონას სხვადასხვა საავადმყოფოსა და გადაუდებელი დახმარების ცენტრებში გადაიყვანეს. საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით ამოქმედდა სამოქალაქო დაცვის გეგმა. ოპერაციაში ჩაერთო ბარსელონას სახანძრო სამსახურის 22 ეკიპაჟი და 24 სასწრაფო დახმარების ბრიგადა.