ტრანზიტული მილსადენები, ავტოექსპორტი და ბუნებრივი გაზის იმპორტი — რა აკავშირებს საქართველოს აზერბაიჯანთან?
აზერბაიჯანი საქართველოს გამორჩეულად მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. საქართველოზე ორი ტრანზიტული ნავთობსადენი, გაზსადენი და რკინიგზა გადის. ქვეყანა ძირითადად იაფი აზერბაიჯანული გაზით მარაგდება. მილსადენების მშენებლობისას აზერბაიჯანი ტოპ-ინვესტორებს შორის ხვდებოდა. საექსპორტო პარტნიორებს შორის, ჯამური ექსპორტით აზერბაიჯანი პირველ ადგილზეა. პანდემიამდე ბაქო პირველი იყო ვიზიტორთა რაოდენობის მხრივაც.
ბაქო-სუფსისა (WREP) და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენები
ბაქო-სუფსის ნავთობსადენი 1999 წელს გაიხსნა. მილსადენი საბჭოთა პერიოდში აშენდა, 90-იან წლებში კი მას მოდერნიზება ჩაუტარდა. მისი დიამეტრი 530 მილიმეტრია, სიგრძე 830 კმ, (საქართველოზე 375 კმ გადის).
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, 2013-2021 წლებში მილსადენი წლიურად 3.7-4.2 მლნ ტონა ნავთობს ატარებდა. 2022 წელს ტრანზიტი მკვეთრად 1 მლნ ტონამდე შემცირდა. 2023 წელს ვარდნა დაჩქარდა და 2024 წლიდან საერთოდ განულდა.
BP-ის წარმომადგენელმა 2022 წელს განაცხადა, რომ გადაზიდვა მარტში შავ ზღვაში ტანკერების არარსებობის გამო შეწყდა. წყვეტა დროში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას პირდაპირ ემთხვევა.
ბაქო-სუფსასთან შედარებით, თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ბევრად უფრო დიდია. ომის დაწყებამდე, 2021 წელს, სანამ ბაქო-სუფსა მუშაობას შეაჩერებდა, ბაქო-ჯეიჰანის მილსადენმა 6.3-ჯერ მეტი — 26.4 მლნ ტონა ნავთობი გაატარა.
მილსადენის სიგრძე 1768 კმ-ია, საიდანაც 443 კმ აზერბაიჯანზე, 249 კმ საქართველოზე და 1076 კმ თურქეთის ტერიტორიაზე გადის. დიამეტრი 42 ინჩი ანუ 1067 მმ-ია, გამტარუნარიანობა დღიურად — 1.2 მლნ ბარელი. ნავთობსადენი ოფიციალურად 2006 წელს გაიხსნა.
მილსადენების სამშენებლო საქმიანობის ყველაზე ინტენსიურ ეტაპზე საქართველოში 6000 ადამიანი იყო დასაქმებული
ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენებით გატარებული ნავთობის მოცულობა (მლნ. ტონა)
ფოტო: საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია
2022 წელს ბაქო-სუფსის მილსადენზე მოთხოვნის მკვეთრი კლების პარალელურად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დატვირთვა გაიზარდა, თუმცა მხოლოდ 2020-2021 წლებთან შედარებით.
მილსადენი ძირითადად აზერბაიჯანულ ნავთობს ემსახურება, თუმცა არსებობს ყაზახეთისა და თურქმენეთის დაინტერესებაც. 2023 წელს მილსადენმა 665 ათასი ტონა ყაზახური და 3.1 მლნ ტონა თურქმენული ნავთობი გაატარა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გატარებულ აზერბაიჯანულ ნავთობს თურქეთის გარდა იტალია, ჩეხეთი, ხორვატია, გერმანია, რუმინეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, ბრიტანეთი, ირლანდია, ნიდერლანდები და სხვა ევროპული ქვეყნებიც მოიხმარენ. აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის დაახლოებით 67% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, ძირითადი მომხმარებელი იტალიაა.
შაჰ-დენიზის გაზსადენი (SCP)
საქართველო აზერბაიჯანსა და თურქეთს კიდევ ერთი შაჰ-დენიზის, იგივე სამხრეთ კავკასიის ან ბაქო-თბილისი-ერზრუმის, მილსადენით აკავშირებს. ნავთობსადენებისგან განსხვავებით აზერბაიჯანულ გაზს საქართველოც მოიხმარს.
გაზსადენის სიგრძე 692 კმ-ია, საიდანაც 249 კმ საქართველოზე გადის. მისი მშენებლობა 2006 წელს დასრულდა. საწყის ეტაპზე მისი გამტარუნარიანობა წლიურად 9 მლრდ მ³-ს შეადგენდა, რომელიც მოგვიანებით 23 მლრდ მ³-მდე გაიზარდა. მილსადენი პრაქტიკულად სრული დატვირთვით მუშაობს. 2025 წელს მან 22.9 მლრდ მ³ ბუნებრივი გაზი გაატარა. 2024 წლის მდგომარეობით შაჰ-დენიზით გატარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა გლობალური მოხმარების 0.5%-ს შეადგენს.
შაჰ-დენიზის გაზსადენით გატარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა (მლრდ მ³)
მილსადენით მიღებული გაზით თურქეთის გარდა სხვა ევროპული ქვეყნებიც მარაგდება. 2024 წელს გატარებული გაზის 51% (11.7 მლრდ მ³ 22.8 მლრდ მ³-დან) ევროკავშირის ქვეყნებმა: კერძოდ იტალიამ, საბერძნეთმა, რუმინეთმა, ბულგარეთმა, ხორვატიამ, უნგრეთმა, სლოვაკეთმა და სლოვენიამ მიიღო.
2024 წელს საქართველომ ტრანზიტის სანაცვლოდ სპეციალურ ფასად 1.5 მლრდ მ³-ზე მეტი გაზი შეიძინა, რაც მთლიანი მოხმარების 49%-ია.
სპეციფიკიდან გამომდინარე ბუნებრივი გაზის აირად მდგომარეობაში დიდ მანძილზე ტრანსპორტირება ვერ ხერხდება, გათხევადება კი მას მნიშვნელოვნად აძვირებს. საქართველოში ადგილობრივი გაზის მოპოვება უმნიშვნელოა და მოთხოვნის მხოლოდ 0.5%-ს აკმაყოფილებს. შესაბამისად, ქვეყანა მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული.
2006 წლამდე საქართველო გაზით მთლიანად რუსეთიდან მარაგდებოდა. 2006 წლის იანვარში, რუსული მხრიდან სავარაუდო დივერსიის შედეგად გაზმომარაგება კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში შეწყდა. 2007 წლიდან დივერსიფიცირება დაიწყო და რუსული გაზი ნელ-ნელა აზერბაიჯანულმა ჩაანაცვლა. გარკვეულ ეტაპზე საქართველო რუსულ გაზს მხოლოდ სომხეთში ტრანზიტის საფასურად დარჩენილი მოცულობის ფარგლებში, წლიურად დაახლოებით 200 მლნ მ³-ს, მოიხმარდა, შემდეგ ეს წესი მონეტიზაციამ ჩაანაცვლა, რომლის პირობებიც გასაიდუმლოებულია. 2024 წელს ნაყიდი რუსული გაზის მოცულობამ 788 მლნ მ³-ს მიაღწია, რაც მთლიანი მოხმარების 25%-ზე მეტია. მოსახლეობა და თბოსადგურები იაფი აზერბაიჯანული გაზით მარაგდებიან. რუსული გაზი კონკურენციაში კომერციულ სექტორში შემოდის. ტარიფები ამ შემთხვევაშიც გასაიდუმლოებულია. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ერთი მხრივ ევროპაში რუსულ გაზზე მოთხოვნის კლებისა და აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნის ზრდის შედეგად სავარაუდოდ კომერციულ სექტორში რუსული გაზის ფასი უფრო კონკურენტუნარიანი გახდა.
რუსეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანისგან დივერსიის საფრთხე არ არსებობს, მაგრამ რომ არა შაჰ-დენიზის გაზსადენი, გაზის ფასი ბევრად მაღალი იქნებოდა, რაც უშუალოდ ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფის გარდა, ელექტროენერგიის ფასზეც აისახებოდა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა
საქართველო აზერბაიჯანსა და თურქეთს რკინიგზითაც აკავშირებს. ყარსი-ახალქალაქის, იგივე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაა, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა, თუმცა გახსნიდან 8.5 წლის შემდეგაც სამგზავრო გადაყვანები დაწყებული არაა.
რამდენჯერმე გადავადების შემდეგ, მშენებლობა 2007 წელს დაიწყო. ხარჯები თავის თავზე აზერბაიჯანმა აიღო, რომელმაც საქართველოს, საქართველოს ტერიტორიაზე ასაშენებელი მონაკვეთისთვის ორ ტრანშად, ჯამში $775 მლნ-ის სესხი გამოყო. გეგმის მიხედვით სატვირთო გადაზიდვებს წლიურად 5 მლნ ტონისთვის უნდა მიეღწია 15-17 მლნ ტონამდე ზრდის პერსპექტივით, სამგზავრო გადაყვანებს კი — 1 მლნ-სთვის. ჯერჯერობით სამგზავრო გადაყვანები არ დაწყებულა, ტვირთბრუნვა კი მხოლოდ 0.5 მლნ ტონას შეადგენს.
მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თურქეთშიც რკინიგზის სიგანე 1435 მმ-ია, რუსეთსა და რუსეთის ყოფილი იმპერიაში შემავალ ქვეყნებში, მათ შორის აზერბაიჯანსა და საქართველოში 1520 მმ-იანი. 85 მმ-იანი სხვაობა პრობლემებს თავსებადობასთან ქმნის, რაც იმაში გამოიხატება, რომ ერთი რკინიგზიდან მეორეზე მატარებელი პირდაპირ ვერ გაივლის. ხაზიდან ხაზზე გადართვას რამდენიმე საათი ესაჭიროება. თუ ტვირთი კონტეინერებისგან შედგება, შესაძლოა მოხდეს ერთი მატარებლიდან მეორეში გადატვირთვა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აზერბაიჯანიდან
ძირითადად ტრანზიტული მილსადენების ხარჯზე, აზერბაიჯანი საქართველოსთვის ბრიტანეთისა და ნიდერლანდების შემდეგ #3 ინვესტორია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბრიტანეთი და ნიდერლანდებიც სწორედ ამ ტრანზიტული პროექტების ხარჯზე არიან ტოპ-სიაში. ბრიტანეთი BP-ით, რომელიც მილსადენების პირდაპირი მეწილეა, ნიდერლანდები კი უფრო როგორც სარეგისტრაციო ადგილის გამოყენებით მოხვდა სამეულში.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1996-2025 წლები (მლრდ. აშშ დოლარი)
ფოტო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
აზერბაიჯანის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 10.3%-ს შეადგენს. ბოლო პერიოდში მისი მოცულობა შემცირდა. 2013-2019 წლებში აზერბაიჯანიდან წლიურად საშუალოდ $330 მლნ-ის ინვესტიცია შემოდიოდა, 2021-2025 წლებში კი — $67 მლნ-ის. 2024 წელს აზერბაიჯანული ინვესტიციები ძირითადად ტრანსპორტში, ვაჭრობასა და დამამუშავებელ მრეწველობაში ჩაიდო.
საგარეო ვაჭრობა აზერბაიჯანთან
აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. 2025 წელს ვაჭრობის მოცულობით აზერბაიჯანმა მეშვიდე ადგილი დაიკავა, რუსეთ-უკრაინის ომამდე კი მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა. ომის დროს გაზრდილი რეექსპორტის შედეგად შეერთებული შტატებიდან იმპორტი, ხოლო ყაზახეთსა და ყირგიზეთში ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა.
ცალკე აღებულ ექსპორტში 2025 წელს აზერბაიჯანმა ყირგიზეთის, ყაზახეთისა და რუსეთის შემდეგ მეოთხე ადგილი დაიკავა. 2024 წელს მესამე ადგილს იკავებდა, ხოლო 2023 წელს ჯერ კიდევ პირველს. ჯამურადაც 1995-2025 წლებში 9.1 მლრდ-იანი ექსპორტითა და 13.2%-იანი წილით აზერბაიჯანი პირველ ადგილს იკავებს.
ექსპორტი 1995-2025 წლები (მლნ. აშშ დოლარი)
მსუბუქი ავტომობილები რეექსპორტის ხარჯზე აზერბაიჯანის წილმა მთლიან ექსპორტში 2008-2014 წლებში საშუალოდ 19%-ს მიაღწია. 2012-2013 წლებში კი 24%-საც გადააჭარბა. ბაქოს მიერ კანონის გამკაცრებამ და EORO 5-ის რეგულაციის შემოღებამ რეექსპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა. 2014 წელს საქართველომ აზერბაიჯანში $268 მლნ-ის მსუბუქი ავტომობილი გაყიდა, 2015 წელს მხოლოდ — $64 მლნ-ის.
წილობრივი კლების მიუხედავად 2025 წელსაც $213 მლნ-ით ექსპორტში პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია. მეორეზე 51 მლნ-ით — თამბაქოს ნაწარმი და მისი შემცველები სიგარეტის გამოკლებით. ხუთეულშია ასევე: ტარა, მინერალური წყლები და სამკურნალო საშუალებები.
შედარებით მოკრძალებულია აზერბაიჯანის წილი ადგილობრივ ექსპორტში და, 2025 წლის მდგომარეობით, $178 მლნ-ით მეექვსე ადგილს იკავებს. ამ შემთხვევაში $31 მლნ-ით პირველ ადგილზე მინერალური წყლებია.
ჯამურ იმპორტში $12.3 მლრდ-ით აზერბაიჯანი თურქეთის, რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის შემდეგ მეხუთე ადგილს იკავებს. იმპორტში 2025 წლის მდგომარეობით $237 მლნ-ით პირველ ადგილზე ბუნებრივი გაზია, $118 მლნ-ით მეორეზე — ნავთობპროდუქტები, სამეულს კი $68 მლნ-ით ცემენტი ასრულებს.
იმპორტი 1995-2025 წლები (მლნ. აშშ დოლარი)
ფოტო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ბოლო წლებში რუსული გაზის წილის ზრდის მიუხედავად, 2024 წლის მდგომარეობით მოხმარებული გაზის ¾ აზერბაიჯანულია.
ტურიზმი და ფულადი გზავნილები
ფულად გზავნილებში აზერბაიჯანის წილი არაარსებითია. 2025 წელს საქართველოში სულ $3.6 მლრდ-ზე მეტი გადმოირიცხა, მათ შორის აზერბაიჯანიდან მხოლოდ $40 მლნ ანუ 1.1%.
2019 წელს აზერბაიჯანმა ვიზიტორთა რაოდენობით პირველი, ხოლო ვიზიტორების დანახარჯებით მესამე ადგილი დაიკავა. 2026 წლის მაისის მდგომარეობით აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვრები კიდევ არ გაუხსნია. ბაქოს გადაწყვეტილება საქართველოზეც აისახა. 2019 წელს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში აზერბაიჯანის წილი 7.3%-ს შეადგენდა, რომელიც 2025 წელს 4.8%-მდე შემცირდა.
პოლიტიკური ურთიერთობები აზერბაიჯანთან
ილჰამ ალიევმა პრეზიდენტის პოსტი 2003 წლის ოქტომბერში მამის, ჰეიდარ ალიევისგან გადაიბარა. ჰეიდარ ალიევსა და ედუარდ შევარდნაძეს საბჭოთა დროიდან ძველი პიროვნული ნაცნობობა აკავშირებდათ. ორ ქვეყანას შორის პარტნიორული დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების მმართველობის პერიოდშიც გაგრძელდა.
აზერბაიჯანიდან თურქეთამდე უმოკლესი მანძილი სომხეთის გავლითაა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მიზეზით რკინიგზამ და მილსადენებმა საქართველოზე გაიარა. ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობები ლაგდება, თუმცა აღნიშნული არსებულ ინფრასტრუქტურას საფრთხეს არ უქმნის. ტრანზიტული ტვირთების ნაწილმა შესაძლოა მართლაც გადაინაცვლოს სომხეთზე, მაგრამ ეს მილსადენებს არ ეხება. ამასთან გრძელვადიან პერსპექტივაში სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის მშვიდობიანი თანაარსებობა თითოეული მათგანისთვის უფრო მომგებიანი იქნება.
საქართველოსთვის იაფი გაზის მიღებაა მნიშვნელოვანი, ხოლო აზერბაიჯანისთვის ნავთობისა და გაზის უსაფრთხო ტრანსპორტირება"
2017 წლის მაისში თბილისის ცენტრიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, აზერბაიჯანიდან გამოქცეული ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. მუხთარლი ყვება რომ ის გაიტაცეს. აზერბაიჯანში მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს.
2026 წლის აპრილში საქართველოში დააკავეს და ამჯერად უკვე ოფიციალურად გააძევეს კიდევ ერთი დევნილი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი. აზერბაიჯანში დაკავების შემდეგ სადიგოვი რამდენიმე საათში გაათავისუფლეს, ერთი თვის შემდეგ კი უცხოეთის პასპორტიც გადასცეს. სადიგოვი საექსტრადიციო მიზნით საქართველოში რამდენიმეთვიან პატიმრობაშიც იყო. ის ამ მიზნით 2024 წლის 4 აგვისტოს დააკავეს, რასაც ის აზერბაიჯანიდან დაკვეთილ დევნად მიიჩნევდა და ციხეში ყოფნისას 141 დღე შიმშილობდა.
ასევე 2026 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ჰეიდარ ალიევის ცენტრის მშენებლობის გამო თბილისში 5 ოჯახს ექსპროპირაცია ემუქრება.
პრაგმატული მოსაზრებით ორ ქვეყანას ერთმანეთი სჭირდება. საქართველოსთვის იაფი გაზის მიღებაა მნიშვნელოვანი, ხოლო აზერბაიჯანისთვის — ნავთობისა და გაზის უსაფრთხო ტრანსპორტირება. აღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ მეზობელ სახელმწიფოებს შორის პარტნიორული ურთიერთობები შემდგომშიც გაგრძელდება.
კომენტარები