ახალი კვლევის თანახმად, ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც არასდროს ყოფილან დაქორწინებული, კიბოს განვითარების მნიშვნელოვნად მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც დაქორწინებულია ან წარსულში იყო დაქორწინებული.

უცნაური სტატისტიკაა ჰო? მოდით ვნახოთ, რატომ შეიძლება იყოს ასე.

მაიამის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ კიბოს შემთხვევების მაჩვენებელი 68%-ით მაღალი იყო დაუქორწინებელ კაცებში და 85%-ით მაღალი იყო დაუქორწინებელ ქალებში.

ეს მნიშვნელოვანი სხვაობაა. მეორე მხრივ, მკვლევრები ცდილობენ, დასკვნები ისე არ წარმოადგინონ, თითქოს ქორწინება კიბოს პრევენციას ახდენს. ბუნებრივია, არც ისე იქნება, რომ ჯანმრთელობის დასაცავად, რაც შეიძლება მალე უნდა ეცადოთ დაქორწინებას.

რეალურად, სტატისტიკის უკან გაცილებით უფრო საინტერესო ისტორია იმალება. კიბოს დაავადება ოჯახურ სტატუსს არ უყურებს, თუმცა ამ დაავადების მრავალი რისკ-ფაქტორი — მათ შორის მოწევა, სტრესი და შვილების ყოლა-არ ყოლა — ასევე დაკავშირებულია ქორწინებასთან.

"ეს ნიშნავს, რომ თუ დაქორწინებული არ ხართ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ კიბოს კონკრეტულ რისკ-ფაქტორებს, ჩაიტაროთ საჭირო სკრინინგი და იყოთ მეტად ინფორმირებული", — ამბობს კლინიკური ფსიქოლოგი ფრენკ პენედო.

სტატისტიკა შეადგინეს აშშ-ის 12 შტატში 4 მილიონზე მეტი კიბოს შემთხვევის ანალიზიდან, რომლებიც 2015-დან 2022 წლამდე 30 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში დაფიქსირდა.

კაცებში ყველაზე დიდი განსხვავება შესამჩნევი იყო ანუსის კიბოს სტატისტიკაში (დაახლოებით ხუთჯერ მეტი სიხშირე დაუქორწინებელ კაცებში, ვიდრე დაქორწინებულებში) და საშვილოსნოს ყელის კიბოს მხრივ ქალებში (თითქმის სამჯერ მეტი მაჩვენებელი დაუქორწინებელ ქალებში, ვიდრე დაქორწინებულ ქალებში).

ფოტო: Cancer Res. Commun.

ეს ორი დაავადება მჭიდრო კავშირშია სქესობრივი გზით გადამდებ პაპილომავირუსთან (HPV). მაგალითად, მკერდისა და პროსტატის კიბოს შემთხვევაში, განსხვავებები არც თუ ისე დიდი იყო.

"ეს არის ნათელი და ძლიერი სიგნალი იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი უფრო დიდი რისკის ქვეშ იმყოფება", — თქვა პენედრომ.

რა თქმა უნდა, ქორწინებასაც შეიძლება ჰქონდეს თავისი უარყოფითი მხარეები. მაგალითად, დემენციის უფრო მაღალი რისკი. შესაბამისად, ოჯახური მდგომარეობა ჩვენს ჯანმრთელობას ცალსახად ერთ ან მეორე მხარეს არ განსაზღვრავს, მაგრამ არის საინტერესო ფაქტორები, რომლების შესწავლასაც მეცნიერები ცდილობენ.

კვლევა ჟურნალ Cancer Research Communications-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.