2026 წლის 6 აპრილს, ღამით, NASA-ს Artemis 2 მისიის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა — მთვარის მისიის მთავარი მიზანი შესრულდა. ასტრონავტები ამით ისტორიაშიც შევიდნენ: 50 წლის შემდეგ პირველად, ადამიანმა მთვარეს შემოუარა.

მთვარის შემოვლა დაახლოებით 7 საათს გაგრძელდა. მთვარესთან ყველაზე ახლოს — მთვარის ზედაპირიდან 6 545 კილომეტრ მანძილზე — ეკიპაჟი 7 აპრილს, თბილისის დროით 03:00-ისთვის, მივიდა. შემოვლა მათ 05:20-ისთვის დაასრულეს, აქედან კი Artemis 2 მისია ახალ ფაზაში შევიდა: ეკიპაჟი დედამიწისკენ ბრუნდება.

დედამიწის ორბიტიდან მთვარისაკენ წასასვლელად თავიდან კოსმოსური ხომალდის მთავარი ძრავა აამუშავეს, თუმცა მთვარის შემოვლის შემდეგ ეკიპაჟი ბუნებრივად, მთვარის გრავიტაციის დახმარებით — თავისუფალი დაბრუნების ტრაექტორიით — ბრუნდება პლანეტაზე.

მთვარის შემოვლის შედეგად ინერციამ Integrity კაფსული და მისი ეკიპაჟი დედამიწისაკენ გამოტყორცნა. ამისთვის ძრავის დიდი ინტენსივობით ამუშავება საჭირო არ ყოფილა. ეკიპაჟი დედამიწაზე პარასკევს, 10 აპრილს, საღამოს საათებში, დაბრუნდება. ასტრონავტები პარაშუტის დახმარებით დაეშვებიან სან-დიეგოს სანაპიროზე.

ამით დასრულდება Artemis 2 მისია, თუმცა ეს ახალი თავის დასაწყისიც იქნება — Artemis 3 მისიის. ეკიპაჟიანი მისია 2027 წლისთვის იგეგმება. მის ფარგლებში კოსმოსური ხომალდების შეხვედრასა და შეპირაპირებას გამოცდიან დედამიწის ორბიტაში. თუკი ყველაფერი წარმატებით დასრულდება, NASA სხვა მისიის, Artemis 4-ის, ფარგლებში მთვარის სამხრეთ პოლუსზე დადგამს ფეხს 2028 წლის ბოლოს. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში სააგენტო აქ ბაზის აშენებასაც დაიწყებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.