ომარ იაგი კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის (აშშ) ქიმიკოსია, რომელმაც 2025 წელს ნობელის პრემია აიღო. იაგიმ ამჯერად მოწყობილობა გამოიგონა, რომელსაც ჰაერიდან დღეში 1 000 ლიტრამდე წყლის გამოყოფა შეუძლია.

ასევე იხილეთ: ვის და რისთვის ერგო ნობელის პრემია ქიმიის დარგში 2025 წელს

მოწყობილობა მისმა კომპანიამ, Atoco-მ, განავითარა. მანქანა იმ რეგიონებშიც კი ეფექტიანად მუშაობს, სადაც ტენიანობა 20%-ზე ნაკლებია. ასეთ ადგილებში ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია.

ეს გარღვევა ბადისებრ ქიმიაზეა დაფუძნებული. ამ დარგს საფუძველი თავად იაგიმ ჩაუყარა. გამოგონების მთავარი "გმირი" მეტალურ-ორგანული ჩარჩოებია (MOF). ეს სინთეზურ ფოროვან მასალებს გულისხმობს, რომელთა მოქმედების მექანიზმიც საწურ ღრუბლებს მოგაგონებთ.

ეს მასალები მოლეკულურ დონეზე ისეა შემუშავებული, რომ დიდი ზედაპირის ფართობს ფარავდეს. ნივთიერების რამდენიმე გრამსაც კი მთლიანი საფეხბურთო მოედნის დაფარვა შეუძლია. როცა ამ მანქანაში ჰაერი გადის, MOF-ები წყლის მოლეკულებს პატარა ფორებში ამწყვდევს. მზის შუქით ან თერმული ენერგიით გათბობის შემთხვევაში მასალა ამ წყალს ორთქლის სახით უშვებს, რომელიც საბოლოოდ თხევად წყლად კონდენსირდება.

ტრადიციულ ატმოსფერულ წყლის გენერატორებს ჰაერის გასაგრილებლად დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სჭირდება; იაგის სისტემა კი ქსელის გარეთ მუშაობს და მხოლოდ მზის სითბოს იყენებს.

შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოგონება ზუსტ დროს შეიქმნა. გაერო გვაფრთხილებს, რომ 2 მილიარდზე მეტ ადამიანს სუფთა სასმელ წყალთან წვდომა არ აქვს. ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზად ხშირად სანაპირო რეგიონებისთვის ბუნებრივ წყლებში მარილების შემცველობის შემცირება მიიჩნევა. მეორე მხრივ, ეს ენერგოტევადი პროცესია, თანაც მორჩენილი მარილები ზღვის ეკოსისტემებს აზიანებს.

იაგის გამოგონება უფრო პორტატიული და ეკომეგობრულია. მანქანა დაახლოებით 6 მეტრის ზომისაა, ამიტომ მისი წაღება ყველგან მარტივია. მაგალითად, როცა კარიბის ზღვის რეგიონებში ქარიშხალმა ბერილმა ცენტრალური ინფრასტრუქტურა დააზიანა, ეს მანქანა ნამდვილი მისწრება იქნებოდა.

ტექნოლოგია ამჟამად ლაბორატორიული პროტოტიპებიდან ინდუსტრიული მასშტაბის ერთეულებზე გადასვლის პროცესშია. ერთ დღეს შეიძლება ეს მოწყობილობა სახლებშიც გვქონდეს: ისე, როგორც ზოგ სახლში მზის პანელები აქვთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.