"პლატფორმა 2025" დასავლეთის ქვეყნების მთავრობებსა და საზოგადოებებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ, რომ დაასანქცირონ და გაასამართლონ ქართული ოცნება. მათი თქმით, "საქართველოს განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზით".

"მივმართავთ საქართველოს ყველა დემოკრატიულ ძალას — სამოქალაქო ორგანიზაციებს და ჯგუფებს, პოლიტიკურ პარტიებს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა გაერთიანებებს და ცალკეულ მოქალაქეებს, რომლებიც აქტიურად უპირისპირდებიან ანტიქართულ და ანტიჰუმანურ პოლიტიკურ ძალას ქართულ ოცნებას და მიიჩნევენ, რომ საქართველოს განვითარება შესაძლებელია მხოლოდ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზით — გავზარდოთ ჩვენს შორის თანამშრომლობა! ამ წინადადების მიზანია მაქსიმალური ეფექტის მიღწევა როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის, ასევე საქართველოს მოქალაქეთა მობილიზაციის თვალსაზრისით.

არ ითანამშრომლო, დაასანქცირე, გაასამართლე ქართული ოცნება — ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი დასავლეთის ქვეყნების მთავრობებისა და საზოგადოებების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ.

გამოვდივართ კონკრეტული წინადადებით: ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში მომზადდეს ქართული ოცნების პროპაგანდისტული მედიების ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მენეჯერების სია და მათი დასანქცირების თხოვნით ერთობლივად მიეწოდოს დასავლეთის ქვეყნების მთავრობებსა და ევროკავშირს. ამასთანავე, გამოვდივართ მეორე წინადადებით, რომ სამოქალაქო ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ უკვე შემუშავებული სასანქციო წინადადებების პაკეტები გაერთიანდეს და კოორდინირებული ძალისხმევით გაგრძელდეს მათ მხარდაჭერაზე მუშაობა", — წერს "პლატფორმა 2025".

მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ "პლატფორმა 2025"-მა, სხვა ემიგრანტულ და სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად, მოამზადა სასანქციო წინადადებების პაკეტი, რომელიც უკვე მიწოდებულია დასავლეთის ქვეყნების მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და რომელშიც შედის ქართული ოცნების 300-მდე საკვანძო ან/და აქტიური წევრი და მხარდამჭერის მონაცემები. ეს სია მოიცავს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მოსამართლეებს, პროპაგანდისტებს, ე.წ. სასამართლო სისტემის თანამშრომლებს, ცრუმოწმეებს, ტიტუშკებს. ჩვენ ამ სიას ვუწოდებთ "მზიას სიას", რადგან მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობელი ჩვენი ბრძოლის გამორჩეული მორალური და ამავე დროს გამაერთიანებელი და რეალური სიმბოლოა, რომლის ბრძოლა და თავგანწირვა, ასევე მის წინააღმდეგ რეპრესიული რეჟიმის გაუგონარი ძალადობა ფართოდაა ცნობილი საერთაშორისო პოლიტიკურ და მედია წრეებში. "მზიას სიის" სახელდება სასანქციო პაკეტისთვის დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება — დასავლეთი არასოდეს შეეგუება ჟურნალისტების, ქალებისა და აქტივისტების დევნასა და ძალადობას, არასოდეს შეურიგდება ავტოკრატიულ მმართველობას, რომელიც ძალადობრივი გზით ცდილობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სისტემურ და სისტემატურ ხელყოფას, — წერს "პლატფორმა 2025".