ასტრონომებმა კიდევ ერთი გალაქტიკა აღმოაჩინეს, რომელშიც ბნელი მატერია არ ფიქსირდება. ეს ჩვენთვის ცნობილი მხოლოდ მესამე ასეთი ობიექტია, NGC 1052-DF9 ეწოდება და დაახლოებით 67 მილიონი სინათლის წლის მოშორებით მდებარეობს. დანარჩენი ორი გალაქტიკა DF2 და DF4-ია, ხოლო სამივე მათგანი ერთ რეგიონშია ჩამწკრივებული.

თანამედროვე მოდელების მიხედვით, გალაქტიკები სწორედ ბნელი მატერიის უზარმაზარ "ჰალოებში" ყალიბდება. ეს უხილავი სუბსტანცია კი ჩვეულებრივ მატერიას დაახლოებით ხუთჯერ აღემატება და გალაქტიკების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ასევე, იხილეთ: ის აქ არის, მაგრამ ვერ ვხედავთ — ბნელი მატერია სამყაროსა და მზის სისტემაში

DF2 მეცნიერებმა 2018 წელს შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ მას მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები ბნელი მატერია უნდა ჰქონოდა. შედეგმა დიდი ყურადღება მიიპყრო, რადგან ეს გალაქტიკების ფორმირების სტანდარტულ მოდელებს ეწინააღმდეგებოდა.

ერთი წლის შემდეგ იმავე ჯგუფმა მორიგი მსგავსი ობიექტი, DF4, აღწერა; მოგვიანებით, 2022 წელს, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ DF2 და DF4 დაახლოებით ათამდე გალაქტიკისგან შემდგარი ხაზოვანი სტრუქტურის ნაწილია; 2025 წლის კვლევამ კი აჩვენა, რომ თითოეული მათგანი სივრცეში ერთნაირად გადაადგილდება, რაც მათ საერთო წარმოშობაზე მიუთითებს.

NGC 1052-DF9.

ფოტო: Keim et al./DECaLS/HST

ამის შემდეგ ივარაუდეს, რომ თუ DF2-სა და DF4-ს ბნელი მატერია მართლაც აკლია, მსგავსი თვისება სხვა მეზობელ ობიექტებსაც უნდა ჰქონოდა. NGC 1052-DF9 ზომით, სიკაშკაშითა და ვარსკვლავური გროვებით მათ ყველაზე მეტად ჰგავდა, ამიტომ მისი დეტალურად შესწავლა გადაწყვიტეს.

ანალიზმა აჩვენა, რომ DF9-ის მახასიათებლებიც ბნელი მატერიის არარსებობაზე მიანიშნებს. ავტორების თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მტკიცებულებაა იმისა, რომ აღნიშნული გალაქტიკები ერთი მოვლენის შედეგად ჩამოყალიბდა.

კერძოდ, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მიზეზი ჯუჯა გალაქტიკების "ტყვიისებრი" შეჯახება შეიძლება იყოს. ამ სცენარის მიხედვით, ორი ჯუჯა გალაქტიკა ერთმანეთს მაღალი სიჩქარით შეეჯახა, ვარსკვლავებმა და ბნელმა მატერიამ კი ცარიელ სივრცეებში თითქმის დაუბრკოლებლად გადაინაცვლა. სამაგიეროდ, აირის ღრუბლები ერთმანეთს შეერწყა და ადგილზე დარჩა.

შედეგად წარმოიქმნა რეგიონი, სადაც ჩვეულებრივი მატერია ჭარბობდა. სიმულაციები აჩვენებს, რომ ასეთ გარემოში აირის ღრუბლებიდან ახალი ვარსკვლავები და მცირე ზომის გალაქტიკები შეიძლება ჩამოყალიბებულიყო, რომლებიც ბნელ მატერიას პრაქტიკულად არ შეიცავს.

ავტორების თქმით, ეს აღმოჩენა ამ უცნაური გალაქტიკების წარმოშობის ახსნას უწყობს ხელს და შეიძლება ბნელი მატერიის უკეთ შესწავლაშიც დაგვეხმაროს.

ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.