მეცნიერებმა მარსიდან მოპოვებული ქანის ფრაგმენტში ძოწის ნატეხები იპოვეს. ეს მინერალი აქამდე წითელი პლანეტიდან აღებულ ნიმუშში არასდროს უპოვიათ.

დედამიწაზე ძოწი იმ პირობებში ყალიბდება, სადაც ძალიან მაღალი ტემპერატურა, წნევა ან ქიმიური ცვლილება ხდება. აქამდე მიიჩნეოდა, რომ მარსზე ძოწის ჩამოსაყალიბებლად საჭირო პირობები არ არსებობდა.

ეს აღმოჩენა ძალიან ბევრ შეკითხვას ბადებს. მეტეორიტში არსებული ძოწი მარსზე ჩამოყალიბდა? თუ ასეა, როგორ და როდის? და თუ ასე არ არის, მაშინ სად წარმოიშვა ეს ძოწი და მარსზე როგორ აღმოჩნდა?

ადამიანების უმრავლესობას ძოწი მუქი წითელი ფერის წარმოუდგენია. ეს ხშირად ასეც არის, თუმცა ამ მინერალის მარსული ვერსია — არა.

როგორც ბევრი სხვა მინერალი, ძოწიც შეიძლება სხვადასხვაგვარად გამოიყურებოდეს. მაგალითად, ანდრადიტი (ძოწის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც რკინითაა მდიდარი), ხშირად მოყვითალო-მომწვანო ფერისაა. ასეთი შეფერილობა მეტეორიტებში ნაპოვნ მინერალებს ხშირად აქვს ხოლმე. სწორედ ამიტომ, მეცნიერებს ეს ძოწი კინაღამ გამორჩათ, თავიდან იგი პიროქსენი ეგონათ, რომელიც მეტეორიტებში ხშირად გვხვდება, თუმცა ამ მინერალის ქიმიური შედგენილობა განსხვავებული იყო. შემდგომში ჩატარებული ანალიზებით დადასტურდა, რომ აღნიშნული მინერალი მართლაც ანდრადიტი იყო.

ამ მეტეორიტს NWA 8171 ჰქვია და ბაზალტური ბრექჩიისგან შედგება. ეს ქანის ტიპია, რომელიც მაშინ წარმოიშობა, როცა მაგმა გრილდება და მყარდება. ეს ამ მინერალის აღმოჩენას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის: სამომავლოდ შეიძლება მარსის გეოლოგიაზე ბევრად მეტი შევიტყოთ.

საქმე ისაა, რომ ძოწში წარსული გეოლოგიური პროცესების კვალი განსაკუთრებით კარგადაა შემონახული. გარდა ამისა, ამ მინერალის გამოყენება მარსზე მიმდინარე ქიმიური პროცესების დასათარიღებლადაც შეგვიძლია.

კიდევ უფრო საინტერესოა, რომ შეიძლება ძოწი მარსზე საერთოდაც არ ჩამოყალიბებულა. იმ ფრაგმენტის ქიმიური შედგენილობა, რომელიც ძოწს შეიცავს, მართლაც მარსისას ჰგავს. მეორე მხრივ, NWA 8171 ბევრ სხვადასხვა მასალას შეიცავს, ამიტომ ნამდვილად არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ძოწი მარსიდან სულაც არ არის.

სამომავლოდ მკვლევრები მინერალში იზოტოპური თანაფარდობის შესწავლას აპირებენ, რითაც ძოწის სავარაუდო წარმოშობის ადგილს უკეთ იპოვიან,

ნაშრომი გამოცემაში Geochemical Perspectives Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.