წყურვილი ვის არ გვიგრძნია, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ამ შეგრძნებას ყოველთვის ერთნაირი ფიზიოლოგიური საფუძველი — წყლის ნაკლებობა — სულაც არა აქვს. განსხვავებას ვერ ვამჩნევთ, თუმცა ჩვენს ორგანიზმს რეალურად "ორნაირად" სწყურია.

ფიზიოლოგიაში ოსმოსური და ჰიპოვოლემიური წყურვილი არსებობს, ორივეს შემთხვევაში კი გამომწვევი მიზეზები და ორგანიზმში მიმდინარე პროცესები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

სხვათა შორის, ეს განსხვავება იმდენად ფუნდამენტურია, რომ ზოგჯერ წყურვილის დასაკმაყოფილებლად შეიძლება წყალი არც კი იყოს საკმარისი.

და მაინც, ორნაირად როგორ გვწყურია?

ოსმოსური წყურვილი, ანუ როცა სისხლი "მლაშდება"

მარილიანი საკვების მიღებისას ორგანიზმში ნატრიუმის კონცენტრაცია იზრდება — სუფრის მარილი (NaCl) ხომ ნატრიუმისა და ქლორის იონებისაგან შედგება.

ადამიანის უჯრედები ნახევრადგამტარი მემბრანებითაა შემოსაზღვრული. როდესაც უჯრედის გარეთ მარილების კონცენტრაცია იზრდება, ოსმოსის შედეგად წყლის მოლეკულები უჯრედებიდან გარეთ გადაადგილდება, რომ კონცენტრაციების სხვაობა გათანაბრდეს. შედეგად უჯრედები წყალს კარგავს.

ასევე იხილეთ: რატომ არ შეიძლება ზღვის წყლის დალევა?

ამ ცვლილებას განსაკუთრებით მგრძნობიარედ აღიქვამს ტვინში არსებული სპეციალური რეცეპტორები, რომლებიც სისხლის კონცენტრაციას მუდმივად აკონტროლებს. როგორც კი ეს რეცეპტორები შენიშნავს, რომ სისხლი ზედმეტად კონცენტრირებული გახდა, ტვინი წყურვილის შეგრძნებას წარმოქმნის.

ამ შემთხვევაში ორგანიზმის მთავარი მიზანი ისაა, რომ მარილები განზავდეს. ეს ოსმოსური წყურვილია და ამ დროს ყველაზე ეფექტიანი გამოსავალი უბრალოდ წყლის დალევაა.

როცა ორგანიზმში სითხის მოცულობა მცირდება

არსებობს მეორე ტიპის წყურვილიც, რომელიც სულ სხვა მიზეზით ჩნდება.

ოფლიანობის, ღებინების ან დიარეის შედეგად სხეული წყალს კარგავს, ზოგჯერ საკმაოდ ბევრს. ორგანიზმში წყლის შემცირებასთან, ანუ დეჰიდრატაციასთან, ერთად მთლიანად სისხლისა და უჯრედგარე სითხის მოცულობაც მცირდება. შედეგად ჰიპოვოლემიური წყურვილი იწყება.

ამჯერად პრობლემა სითხის მთლიანი მოცულობის კლებაა. ვინაიდან სისხლძარღვებში სითხე მცირდება, ამის გამო შეიძლება არტერიული წნევაც დაეცეს. ამ ცვლილებას თირკმელები და სისხლძარღვები სპეციალური რეცეპტორების, ბარორეცეპტორების, მეშვეობით აფიქსირებს. საპასუხოდ ორგანიზმში რამდენიმე მექანიზმი აქტიურდება. გამოიყოფა ჰორმონები, რომლებიც წყლისა და ნატრიუმის შენარჩუნებას უწყობს ხელს, პარალელურად კი წყურვილის შეგრძნებაც მატულობს.

სწორედ ამიტომაა, რომ ძლიერი ოფლიანობის შემდეგ ზოგჯერ მხოლოდ წყლის მიღება არ კმარა. ორგანიზმს ამ დროს დაკარგული ელექტროლიტების, განსაკუთრებით ნატრიუმის, შევსებაც სჭირდება. სწორედ ამიტომ იღებენ სპორტსმენები ზოგჯერ ელექტროლიტების შემცველ სასმელებს.

ოსმოსური იქნება წყურვილი თუ ჰიპოვოლემიური, ორივე შემთხვევაში ვგრძნობთ, რომ წყალი გვინდა, თუმცა პირველ შემთხვევაში სხეულს სითხის გაზავება სჭირდება, მეორეში კი — აღდგენა.

ზუსტად ამ მექანიზმების ცოდნა დაგვეხმარება, რომ ჩვენი სხეულის საჭიროებები სწორად დავაკმაყოფილოთ და მას ის მივცეთ, რაც სჭირდება — მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ წყლის ნაკლებობა ზოგჯერ სავალალო შედეგებითაც სრულდება და სხეულს ეს სითხე მართლა, მართლა ძალიან სჭირდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.