ურანი უჩვეულო პლანეტაა. იგი მზის გარშემო გვერდულად ბრუნავს, ამიტომ მისი პოლუსები მზის მხარეს რიგრიგობით ექცევა. ამ პლანეტას მაგნიტური ველიც უცნაური აქვს: ის ღერძიდან თითქმის 60 გრადუსითაა გადახრილი და ცენტრიდან ურანის რადიუსის 1/3-ითაა დაშორებული (როგორც წესი, მაგნიტური ველი პლანეტის ცენტრში გადის).

ისიც საინტერესოა, რომ ურანის მაგნიტურ ველს შეიძლება მარილისა და ამიაკის შემცველი წყლის შრე წარმოქმნიდეს და არა მეტალის ბირთვი, როგორც დედამიწის შემთხვევაშია. ეს ყველაფერი ურანს ციალის ფორმირებაში ხელს არ უშლის, რასაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის (JWST) დაკვირვებებიც ცხადყოფს. ეს ციალები მაგნიტური პოლუსების მიმდებარედ ჩნდება.

მისი მონაცემები პლანეტის ატმოსფეროს იონების ტემპერატურასა და სიმკვრივეებს გვიჩვენებს. მკვლევრებმა ეს მაჩვენებლები ურანის ღრუბლებიდან 5000 კილომეტრის ზემოთ შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ სიმკვრივე პიკს ღრუბლებიდან 1000 კილომეტრში აღწევს, ტემპერატურა კი 3000-იდან 4000 კმ-მდე სიმაღლეზე.

ახალი ნაშრომი ცხადყოფს, რომ ურანის ატმოსფეროს ზედა შრეებში საკმაო ვარიაციაა, რაც უმეტესად მაგნიტურ ველს უკავშირდება. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ურანის ამ რეგიონის 3 განზომილებაში დანახვა შეძლეს.

ამ კვლევიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორი მიგნებაა: პირველი ის, რომ ციალები მაგნიტური პოლუსების გარშემო ორ ზონაში გვხვდება. მათ დაშორებას, სავარაუდოდ, პლანეტის მაგნიტური ველის ხაზებში მიმდინარე გადასვლები განაპირობებს.

მსგავსი რამ იუპიტერის შემთხვევაშიც შეუნიშნავთ. იმის მიუხედავად, რომ შიდა მექანიზმები, შესაძლოა, განსხვავდებოდეს, მაგნიტურმა ველებმა მაინც შეიძლება, ვიზუალურად მსგავსი ეფექტი წარმოქმნას.

მეორე აღმოჩენა ატმოსფეროს გაგრილებას ეხება. მეცნიერებმა JWST-ის დაკვირვებები Voyager 2-ისა და დედამიწაზე არსებული ტელესკოპების მონაცემებთან გააერთიანეს. დადგინდა, რომ ურანის ატმოსფერო უკვე ათწლეულებია, გრილდება. მაჩვენებლების თანახმად, იგი ამჟამად 150°C-ით უფრო ცივია, ვიდრე 90-იან წლებში იყო.

როგორც აღვნიშნეთ, ბევრ საკითხში ურანი მართლაც უჩვეულოა. ამას ხშირად ძლიერი შეჯახებით ხსნიან, რომელიც რამდენიმე მილიარდი წლის წინ მოხდა და პლანეტის მახასიათებლებზე იმოქმედა.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.