ვარსკვლავთაშორის სივრცეში გოგირდის შემცველი უდიდესი მოლეკულა დააფიქსირეს
ფოტო: NASA/JPL-Caltech
ჩვენი გალაქტიკის ცენტრთან ახლოს გოგირდის შემცველ უდიდეს მოლეკულას მიაგნეს, რომელიც კი ოდესმე დედამიწის მიღმა აღმოუჩენიათ. ესაა რგოლისებრი ფორმის ნაერთი თიეპინი (C₆H₆S), რომელიც ბიოქიმიური რეაქციების შედეგად წარმოქმნილი გოგირდოვანი ნახშირწყალბადია.
მისი რგოლის სტრუქტურა ექვსწევრიანია და იგი მთლიანობაში 13 ატომისგან შედგება. მას ასტრონომებმა 27 000 სინათლის წლის მოშორებით მდებარე მოლეკულურ ღრუბელში G+0.693–0.027 მიაკვლიეს, რომელშიც ვარსკვლავები აქტიურად ფორმირდება. მეცნიერებმა ლაბორატორიაში მოლეკულის სინთეზირება მოახერხეს, რისთვისაც თხევადი თიოფენოლი (C₆H₅SH) და 1000-ვოლტიანი ელექტრული განმუხტვა გამოიყენეს.
შედეგად მიღებული თიეპინი მათ სპექტრომეტრით შეისწავლეს და მისი რადიოსიხშირე მაღალი სიზუსტით გააანალიზეს. ეს სპექტრული ინფორმაცია შემდეგ ესპანეთში მდებარე რადიოტელესკოპების მონაცემებს შეადარეს.
აქამდე ვარსკვლავთაშორის სივრცეში მხოლოდ 6 ან უფრო ცოტა ატომის შემცველი გოგირდოვანი ნაერთები იყო აღმოჩენილი. ცნობისთვის, ისინი ცილებისა და ფერმენტების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ახლახან გამოვლენილი მოლეკულა უფრო დიდია და სტრუქტურულად მეტეორიტებში არსებულ ორგანულ ნიმუშებს ჰგავს.
ეს დედამიწურ სიცოცხლესა და ასტროქიმიას შორის კავშირს აჩვენებს.
"სიცოცხლის ქიმიური საფუძველი ვარსკვლავებზე ბევრად ადრე ყალიბდება", — ამბობენ ავტორები.
მათი კვლევა მიანიშნებს, რომ ასეთ რეგიონებში შეიძლება კიდევ ბევრი რთული გოგირდოვანი მოლეკულა არსებობდეს, რომლებიც ჯერ არ დაგვიფიქსირებია. ეს უფრო მეტად გვარწმუნებს, რომ სიცოცხლის საწყისები კოსმოსის ამგვარ არეალებშია.
ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები