რუსების გადაწყვეტილების გამო NASA-ს ასტრონავტებს კინაღამ ევაკუაცია მოუწიათ
ფოტო: Shutterstock
მრავალი წელია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) გაჟონვები ხდება, რაც როგორც NASA-ს, ასევე როსკოსმოსს, უქმნის პრობლემებს. ISS უკვე 27 წელია ორბიტაზეა, ამიტომ ლოგიკურიცაა, რომ ასაკი დაეტყო.
სადგურზე არსებობს გვირაბის პატარა სექცია, სახელად PrK. იგი რუსულ Zvezda-ს მოდულს სადგურის უკანა კვანძთან აერთებს. 2019 წლიდან მოყოლებული PrK-იდან პერიოდულად ჰაერი იჟონება ხოლმე.
5 ივნისს სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა. ამ დღეს NASA-ს პრეს-მდივანმა, ბეთანი სტივენსმა, განაცხადა, რომ 5 ასტრონავტი ISS-ზე მიერთებულ ხომალდს, Dragon-ს შეაფარებს თავს. ამის მიზეზი ისაა, რომ რუსებმა "ბზარების" დამოუკიდებლად შეკეთება სცადეს.
ამ დღესთან დაკავშირებული ზუსტი დეტალები უცნობია. მომხდარის შესახებ ბევრის გაჟღერებისგან NASA-ც და როსკოსმოსიც თავს იკავებს. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ სადგურის შეკეთების შესახებ ორივე სააგენტოს თავისი აზრი ჰქონდა.
როგორც გამოცემა The Register განმარტავს, რუსების გეგმა ხელის ხერხისა და ბურღის გამოყენებას მოიაზრებდა. ამ უკანასკნელს NASA-ს ასტრონავტები არ ემხრობოდნენ. მათ უფრო არაინვაზიური მიდგომა არჩიეს.
NASA-ს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გამოცემა Ars Technica-თან ანონიმურად ისაუბრა. მისი თქმით, პროტესტის ნიშნად თავიანთი ასტრონავტების Dragon-ში გადაყვანას აპირებდნენ, თუმცა როსკოსმოსს ეს საერთოდ არ ადარდებდა. ამავე ინტერვიუში ვკითხულობთ, რომ სიტუაცია კიდევ უფრო მაშინ გამწვავდა, როცა კოსმონავტები (რუსი ასტრონავტები) PrK-ის მოდულთან ხერხით მივიდნენ, რათა დაზიანებული ნაწილი პირდაპირ მოეცილებინათ.
ამის შემდეგ სააგენტოებს მოლაპარაკება კიდევ უფრო გაუჭირდათ, ამიტომ NASA-მ უსაფრთხოების უკიდურეს ზომას მიმართა და თავისი ეკიპაჟის ხუთივე წევრი Dragon-ში გადასაყვანად მოამზადა. მათი აზრით, ნაწილის მოხერხვას შეიძლება მძიმე შედეგები მოეტანა. როსკოსმოსმა უკან მხოლოდ ამის შემდეგ დაიხია.
უცნობია, თუ რა ბედი ეწევა PrK-ის მოდულს საბოლოოდ და როგორ გადაჭრიან გაჟონვის პრობლემას.
კომენტარები